ქართული ფეხბურთის ყველაზე წარმატებული ეპოქის შემოქმედი - დღეს ნოდარ ახალკაცი 83 წლის გახდებოდა #1TVSPORT
ქართული ფეხბურთის ყველაზე წარმატებული ეპოქის შემოქმედი - დღეს ნოდარ ახალკაცი 83 წლის გახდებოდა #1TVSPORT

დღეს ქართულ ფეხბურთში ყველაზე წარმატებული მწვრთნელის, ნოდარ ახალკაცის დაბადებიდან 83 წელი შესრულდა. ნოდარ ახალკაცი საყოველთაოდ აღიარებულია საქართველოს ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს მწვრთნელად და თავისი დროის ფეხბურთის ერთ-ერთ საუკეთესო  სპეციალისტად.

ნოდარ ახალკაცი თბილისში, ნაძალადევში, 1938 წლის 2 იანვარს, ფარსადან ახალკაცისა და ანა კიკნაძის ოჯახში დაიბადა. სწავლობდა თბილისის მე-9 საშუალო სკოლაში, რომელსაც 2018 წელს მისი სახელი მიენიჭა. შემდეგ სწავლა რკინიგზელთა ინსტიტუტში განაგრძო.

სათამაშო კარიერა

ფეხბურთის თამაში დაიწყო 1955 წელს თბილისის „ნორჩი დინამოს“ სკოლაში, მწვრთნელ გრიგოლ გაგუასთან. 1960-1966 წლებში თბილისის „ლოკომოტივში“ თამაშობდა, სადაც კარიერა 28 წლის ასაკში დაასრულა.

სამწვრთნელო კარიერა

სამწვრთნელო კარიერაც „ლოკომოტივში“ დაიწყო, რომელსაც 1967-1970 წლებში ედგა სათავეში. მისი ხელმძღვანელობით ჩატარებული 166 მატჩიდან „ლოკომოტივმა“ 65 მოიგო, 41 ფრედ დაამთავრა და 60 შეხვედრა დათმო.

1974–1975 წლებში იყო თბილისის „დინამოს“ საფეხბურთო გუნდის უფროსი, 1976-1983 და 1985-1986 წლებში მთავარი მწვრთნელი. მისი ხელმძღვანელობით ჩატარებული 383 მატჩიდან თბილისის „დინამომ“ 179 მოიგო, 102 ფრედ დაამთავრა და 102 შეხვედრა დათმო. 1982 წლის ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატზე იყო საბჭოთა კავშირის ნაკრების მწვრთნელთა ტრიუმვირატის წევრი.

ახალკაცი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე წარმატებული მწვრთნელია. 1936-1989 წლებში „დინამომ“ საბჭოთა და საერთაშორისო ასპარეზზე სულ ხუთი ტიტული მოიგო, აქედან ოთხი – ახალკაცის მთავარი მწვრთნელობის დროს. ამ პერიოდში თბილისის „დინამომ“ ორჯერ მოიპოვა საბჭოთა კავშირის თასი, გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი და ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასის გამარჯვებული. ეს კი იმის მიუხედავად, რომ 1930-იანი წლების მეორე ნახევრიდან მოყოლებული, 1980-იანი წლების მეორე ნახევრამდე, ქართულ ფეხბურთს ყოველთვის ჰყავდა ვარსკვლავები და ნოდარ ახალკაცამდე, „დინამოს“ არაერთი, უმაღლესი კვალიფიკაციის მწვრთნელი ედგა სათავეში.

კლასით, იმპროვიზაციის უნარითა და ტექნიკური მომზადებით, „დინამოელები“ საბჭოთა პირველობის მონაწილე სხვა კლუბების მოთამაშეებს ისედაც საგრძნობლად აღემატებოდნენ. ახალკაცმა გუნდური დისციპლინა და საქმისადმი არაპროფესიული მიდგომა შეცვალა და ქართულ ფეხბურთში ყველაზე ნაყოფიერი ხუთწლიანი ეპოქის შემოქმედი გახდა.

ნოდარ ახალკაცი უცხოელმა ჟურნალისტებმა 1970-იან წლებში გაიცნეს. 1981 წლის 13 მაისის ევროპული გამარჯვების შემდეგ კი ფეხბურთის დიდ სპეციალისტთა რიგებში ჩარიცხეს. გავლენიან გერმანულ ჟურნალ „კიკერის“ მთავარი რედაქტორი კარლ-ჰაინც ჰაიმანი დიუსელდორფის ფინალური მატჩის შეფასებისას, „დინამოელთა“ ოსტატობასთან ერთად, განსაკუთრებით გამოყოფდა მწვრთნელის ალღოსა და ერუდიციას.

„კარგა ხანია ყურადღებით ვაკვირდები ახალკაცის საქმიანობას. ის ნამდვილი სტრატეგია, იცის, რა უნდა და როგორ მიაღწიოს გამარჯვებას“, – წერდა ჰაიმანი.

1990-1998 წლებში გახლდათ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი; არჩეული იყო უეფა-ს ტექნიკური კომიტეტის წევრად; ფიფა-სა და უეფა-ს ორდენოსანი ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული ღვაწლისთვის და ღირსების ორდენის კავალერი. 1998 წელს გაზეთ „სარბიელის“ გამოკითხვის შედეგად, საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა.

2011 წლის 17 მაისს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, თბილისის „დინამოს“ მიერ თასების მფლობელთა თასის მოპოვების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 1981 წლის თბილისის „დინამოს“ სრულ შემადგენლობასა და სამწვრთნელო შტაბს, და რა თქმა უნდა, ნოდარ ახალკაცს საქართველოს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა.

2008 წელს რეჟისორმა გოგი თორაძემ ნოდარ ახალკაცის ცხოვრებასა და მოღვაწეობას მიუძღვნა დოკუმენტური ფილმი – „ქართული ფეხბურთის მაესტრო“. 2018 წლის 14 თებერვალს ლაგოდეხში გახსნილ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აკადემიას მისი სახელი მიენიჭა. 2018 წლის 15 თებერვალს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელის ბრძანებით, თბილისის მე-9 საჯარო სკოლას მისი სახელი მიენიჭა. სკოლაშივე დაიდგა ნოდარ ახალკაცის ბიუსტი.

ნოდარ ახალკაცი

დაიბადა 1938 წლის 2 იანვარს თბილისში

გარდაიცვალა 1998 წლის 24 იანვარს (60 წლის) მოსკოვში

პროფესიული კარიერა

1957 ოდო თბილისი

1958-1959 სკვო თბილისი

1960-1966 ლოკომოტივი

სამწვრთნელო კარიერა

1967-1970 ლოკომოტივი თბილისი

1976-1983 დინამო თბილისი

1982 საბჭოთა კავშირის ნაკრების მწვრთნელთა ტრიუმვირატის წევრი

1985-1986 დინამო თბილისი

სამენეჯერო საქმიანობა

1977-1975 დინამო თბილისის გუნდის უფროსი

1971-1974 – სპორტკომიტეტის ფეხბურთის სამმართველოს უფროსი

1990-1998 სფფ-ს პრეზიდენტი

1995-1996 უეფა-ს ტექნიკური კომიტეტის წევრი

სამწვრთნელო მიღწევები

თბილისის „დინამო“

საბჭოთა კავშირის ჩემპიონი: 1978

ვიცე-ჩემპიონი: 1977

ბრინჯაოს პრიზიორი: 1976, 1981

საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი: 1976, 1979

ფინალისტი: 1980

ევროპის თასების მფლობელთა თასის მფლობელი: 1981

საქართველოს სსრ ნაკრები

სსრ კავშირის სპარტაკიადის ვიცე-ჩემპიონი: 1979

ინდივიდუალური

საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი: 1976

საბჭოთა კავშირის დამსახურებული მწვრთნელი: 1981

სპორტის რაინდი: 2011

ღირსების ორდენის კავალერი: 2018.