ნოდარ ახალკაცი ფიფა-ში დააწინაურეს - ქართველ მენეჯერს სტრატეგიული პროექტები ჩააბარეს #1TVSPORT
ნოდარ ახალკაცი ფიფა-ში დააწინაურეს - ქართველ მენეჯერს სტრატეგიული პროექტები ჩააბარეს #1TVSPORT

ნოდარ ახალკაცი უმცროსი ფიფა-ში დააწინაურეს და ამიერიდან უფრო მნიშვნელოვანი და მასშტაბური სამსახური ჩააბარეს – ინფორმაციას ფიფა-ს ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

ნოდარ ახალკაცი უმცროსი ლეგენდარული ქართველი მწვრთნელის და დამოუკიდებელი ქართული ფედერაციის პირველი პრეზიდენტის შვილია. ის ბოლო წლებში იყო ფიფა-ს ევროპის წევრი ასოციაციების დირექტორი. ამიერიდან კი მას აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ელხან მამედოვი ჩაანაცვლებს.

„მამედოვი თანამდებობაზე დაინიშნა ნოდარ ახალკაცის ნაცვლად, რომელიც პოსტს ათავისუფლებს, რადგან ფიფა-ს სტრატეგიული პროექტების დირექტორად და წევრი ასოციაციების ხელმძღვანელად დაინიშნა“, – წერია ფიფა-ს გავრცელებულ ცნობაში.

ახალკაცი ძველ თანამდებობაზეც ფიფა-ს პროგრამა „ფორვარდის“ პროგრამის ევროპაში განხორციელების სტრატეგიაზე იყო პასუხისმგებელი და აანალიზებდა ფიფა-ს 55 ევროპული წევრი ასოციაციის განვითარების პროექტების სპეციფიკურ მოთხოვნებს.

ახლა მისი როლი ბევრად გაიზარდა და შვეიცარიაში ფიფა-ს ოფისის ერთ-ერთი ხელმძღვანელი გახდა. მსგავს თანამდებობაზე აქამდე ქართველ მენეჯერს არასოდეს უმუშავია. ნოდარ ახალკაცი მუშაობდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საერთაშორისო განყოფილებაში, ხოლო 2005-2009 წლებში სფფ-ის პრეზიდენტი იყო. ახალკაცი წლები მუშაობდა ჯერ უეფა-ს კომიტეტებში, შემდეგ კი ფიფა-ში, სადაც აღმასრულებელი საბჭოს გენერალური მდივანი იყო, 2018 წელს კი მსოფლიო ჩემპიონატის საორგანიზაციო ჯგუფის ხელმძღვანელი გახლდათ.