საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრებმა, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის B ლიგის მეორე რაუნდში, პირველი გამარჯვება მოიპოვა.
ლავრენტი დავითაშვილის გუნდმა, ანდორაში მიმდინარე შესარჩევი ციკლის პირველი შეხვედრა მასპინძელ ანდორასთან 0:1 წააგო. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, მეორე ნახევრის დასაწყისში საქართველოს ნაკრები 10 ფეხბურთელით დარჩა. 52-ე წუთზე, მსაჯმა მოედნიდან ლიკა ქობალავა გააძევა. მატჩის ერთადერთი გოლი კი, 64-ე წუთზე, მასპინძლებმა 11-მეტრიანი დარტყმით გაიტანეს. თავი გუნდის კაპიტანმა, მარია მოლესმა გამოიჩინა.
საქართველოს 19-წლამდე ქალთა ნაკრებმა B5 ჯგუფის მეორე ტურის შეხვედრაში, სომხეთის ასაკობრივ ნაკრებს 2:0 სძლია. მატჩის გმირი „ნიკეს“ ნახევარმცველი მაიკო ბებია იყო, რომელმაც 47-ე წუთზე ანგარიში გახსნა, ხოლო 55-ე წუთზე, მისი საგოლე გადაცემით „ნორჩი დინამოს“ თავდამსხმელმა მარიამ მოდრეკილაძემ ისარგებლა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
B ლიგის მეორე რაუნდის დასკვნით შეხვედრას საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრები 11 აპრილს, სლოვაკეთის ასაკობრივი ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა 14:00 საათზე დაიწყება.
B ლიგის 6 ჯგუფის გამარჯვებულთან ერთად, A ლიგის საგზურს საუკეთესო მეორეადგილოსანი მიიღებს. ამდენად, ჩვენს ნაკრებს წარმატების შანსი გაუჩნდა.