15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმის გამოძიებაზე საკანონმდებლო ორგანო საპარლამენტო კონტროლს განახორციელებს
15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმის გამოძიებაზე საკანონმდებლო ორგანო საპარლამენტო კონტროლს განახორციელებს

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე წარმოებულ გამოძიებაზე საკანონმდებლო ორგანო საპარლამენტო კონტროლს განახორციელებს.

კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე ანრი ოხანაშვილმა ლუკა სირაძის საქმეზე ისაუბრა და სახელმწიფო უწყებებს მოუწოდა, საგამოძიებო პროცესი ისე წარმართონ, რომ საზოგადოებაში საკითხზე კითხვები არ დარჩეს.

დეპუტატი საგამოძიებო პროცესში სახელმწიფო ინსპექტორის ჩართვას მიესალმება და ამბობს, რომ მომხდარზე სახელმწიფო ინსპექტორმა რეაგირება მოახდინა და ერთი პირია დაკავებული.

„ყველას გვმართებს დაფიქრება, სკოლას, უწყებებს, საზოგადოებას რაოდენ სიფრთხილე გვმართებს ბავშვებთან“, – აღნიშნავს დეპუტატი.

ამასთან, ანრი ოხანაშვილი საქმეზე ოპონენტების შეფასებებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მძიმე მოსასმენია, როცა ასეთ ტრაგიკულ მოვლენას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ. „ეს არის უსინდისობა“, – დასძინა დეპუტატმა.

თვითმკვლელობის მცდელობისას დაშავებული 15 წლის მოზარდი საავადმყოფოში გუშინ გარდაიცვალა.

12 დეკემბერს მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა. შემთხვევა დიღმის მასივში მოხდა. ამას წინ უძღოდა „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოზარდის პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით დაკითხვა. როგორც ადვოკატი აცხადებს, მოზარდზე დაკითხვის დროს ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა. მისივე ინფორმაციით, სამართალდამცველები მოზარდს ხულიგნობის აღიარებას სთხოვდნენ.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პოლიციელების მხრიდან არასრულწლოვანის მიმართ ჩვენების მიცემის იძულების შესაძლო ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს გამოძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს.