15 წლის მოზარდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საქართველოს რეგიონებში აქციები გაიმართა
15 წლის მოზარდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საქართველოს რეგიონებში აქციები გაიმართა

15 წლის მოზარდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საქართველოს რეგიონებში აქციები გაიმართა.

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ორგანიზაცია „ალტერნატივამ“ საპროტესტო აქცია სკოლის მოსწავლეებთან და სტუდენტებთან ერთად გამართა.

​აქციის მონაწილეებმა თანაგრძნობა გამოუცხადეს გარდაცვლილი მოზარდის ოჯახს.

„უნივერსიტეტთან აქცია იმის ხაზგასასმელად გავმართეთ, რომ ლუკასაც ჰქონდა მომავალი, რომელიც დაენგრა. ახლა არ არის პოლიტიკური განწყობების და შეხედულებების გამოხატვის დრო, ახლა ყველა უნდა გავერთიანდეთ“, – განაცხადა ორგანიზაციის „ალტერნატივა“ წარმომადგენელმა ხათუნა ბერიძემ.

მდუმარე აქცია გაიმართა თელავშიც. აქციის მონაწილეები პოლიციის სამმართველოს შენობასთან ტრანსფარანტებით „არა წამებას“ შეიკრიბნენ.

აქციის მონაწილეების განმარტებით, ისინი უერთდებიან საყოველთაო პროტესტს 15 წლის მოზარდის გარდაცვალების გამო და გამოძიების პროცესში მონაწილე ყველა პირის კანონის სრული სიმკაცრით დასჯას ითხოვენ.

მოზარდის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით სოლიდარობის აქცია გაიმართა, ასევე, ზუგდიდში.

ზუგდიდის ცენტრში შეკრებილებმა 15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმის სწრაფი და ეფექტური გამოძიება მოითხოვეს.

აქციის მონაწილეების თქმით, სახეზეა სისტემური პრობლემა და დამნაშავეა ყველა, განათლების სამინისტრო, სამართალდამცავი უწყებები, საზოგადოება.

თვითმკვლელობის მცდელობისას დაშავებული 15 წლის მოზარდი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

12 დეკემბერს მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა. შემთხვევა დიღმის მასივში მოხდა. ამას წინ უძღოდა „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოზარდის პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით დაკითხვა. როგორც ადვოკატი აცხადებს, მოზარდზე დაკითხვის დროს ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა. მისივე ინფორმაციით, სამართალდამცველები მოზარდს ხულიგნობის აღიარებას სთხოვდნენ. ადვოკატის განცხადება კატეგორიულად უარყვეს შსს-ში.

15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი 17 დეკემბერს დააკავეს.

ამასთან, შსს-ს ინფორმაციით, „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ფაქტზე გამოძიების დასრულებამდე პოლიციის განყოფილების უფროსის მოადგილეს და გამომძიებელს უფლებამოსილება შეუჩერდათ.