15 წლის მოზარდის ძმა - თავდაცვის აკადემიაში ვსწავლობ და ჩემს ძმას დაკითხვისას უთხრეს, რომ პრობლემებს შემიქმნიდნენ
15 წლის მოზარდის ძმა - თავდაცვის აკადემიაში ვსწავლობ და ჩემს ძმას დაკითხვისას უთხრეს, რომ პრობლემებს შემიქმნიდნენ

დავით აღამაშენებლის სახელობის ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში ვსწავლობ და ჩემს ძმას დაკითხვისას უთხრეს, რომ პრობლემებს შემიქმნიდნენ, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს მოზარდის ძმამ განუცხადა, რომელმაც 12 დეკემბერს თვითმკვლელობა სცადა.

როგორც მოზარდის ძმამ აღნიშნა, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია მისი ძმის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

„ვსწავლობ დავით აღამაშენებლის სახელობის ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში, იუნკერი ვარ. დაკითხვის დროს კონკრეტულად რას შეეხო პოლიცია ჩემთან დაკავშირებით, არ ვიცი, რადგან დაკითხვას არ ვესწრებოდი. როგორც დედაჩემი აცხადებს, როცა დედაჩემთან ერთად მიმდინარეობდა დაკითხვა, მაშინაც უთხრეს, რომ მე პრობლემებს შემიქმნიდნენ. კონკრეტულად რა პრობლემებზეა საუბარი გამოგდება, თუ სხვა, ეს არ ვიცი. მე ამ დროს გორში ვიყავი და რაც გადმოცემით დედაჩემისგან ვიცი ეს არის, რომ უბრალოდ შენს ძმასაც პრობლემებს შევუქმნითო“, – განაცხადა მოზარდის ძმამ.

მისივე თქმით, ოჯახმა მიმართა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს.

„რადგან საქმის კურსში ჩავაყენეთ, გამოვუცხადეთ ნდობა ამ სამსახურს. ისინი საქმეს წაიყვანენ, ისე, როგორც საჭიროდ ჩათვლიან. ამ ეტაპზე მე საერთოდ არ ვარ ჩართული პროცესში. არ ვეძიები გამოძიების საკითხებს, იქიდან გამომდინარე რომ ჩემთვის პრიორიტეტია ჩემი ძმის ჯანმრთელობა. საფიქრალი იმაზე, რომ ვინმე დაისჯება, გამოძიება რას იზავს, კი მნიშვნელოვანია ჩემთვის, თუმცა ამაზე ვერ ვფიქრობ ფიზიკურად. ჩემს ძმასთან მქონდა საუბარი დაკითხვის პირველ დღეს. მეორე დღეს აღარ მილაპარაკია. კონკრეტული ჩემს ძმას არაფერი არ უთქვამს. ვკითხე, რატო იმყოფებოდა დაკითხვაზე და მითხრა რასაც ედავებოდნენ. ეს არის ყველაფერი, რაც შემიძლია ვთქვა“, – განაცხადა მოზარდის ძმამ.

შეგახსენებთ, რომ 12 დეკემბერს მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა. შემთხვევა დიღმის მასივში მოხდა. შემთხვევას წინ უძღოდა „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოზარდის პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით დაკითხვა. როგორც ადვოკატი აცხადებს, მოზარდზე დაკითხვის დროს ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა. მისივე ინფორმაციით, სამართალდამცველები მოზარდს ხულიგნობის აღიარებას სთხოვდნენ.

ექიმის ინფორმაციით, თვითმკვლელობის მცდელობისას დაშავებული 15 წლის მოზარდის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე რჩება.

ამასთან, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პოლიციელების მხრიდან არასრულწლოვანის მიმართ ჩვენების მიცემის იძულების შესაძლო ფაქტზე გამოძიება დაიწყო.