„რასია 1- ის“ ეთერში ინტერვიუ აიღეს ქერჩის კოლეჯზე თავდასხმის "თვითმხილველისგან", რომელიც სინამდვილეში დაღუპულია
14:15, 23.10.2018
ტელეკომპანია „რასია 1-ის“ პირდაპირ ეთერში 17 ოქტომბერს გადაცემა „60 წუთი“ გავიდა.
გადაცემაში წამყვანი ესაუბრება ქერჩის კოლეჯზე მომხდარი თავდასხმის თვითმხილველს, ალინა კეროვას, რომელიც სინამდვილეში დაღუპულია. ინფორმაციას ტელეკომპანია „დოჟდი“ ავრცელებს.
გოგონა, რომელიც წამყვანმა წარადგინა როგორც ალინა კეროვა, კოლეჯში განვითარებულ მოვლენებზე ყვებოდა. გადაცემის ეთერში გასვლის შემდეგ გოგონას ჯგუფელებმა განაცხადეს, რომ ალინა კეროვა თავდასხმის დროს დაიღუპა, სხვა ალინა კეროვა კი კოლეჯში არ სწავლობს.
ტელეკომპანია „დოჟდი“ გადაცემის წამყვანს დაუკავშირდა და განმარტება სთხოვა, თუ როგორ აღმოჩნდა დაღუპული გოგონა გადაცემაში.
„მოდით, მოგცემთ მის ნომერს და თავად დაუკავშირდით მას და ყველას, ვინც მონაწილეობდა ამ ჩართვაში. რადგან გარკვევა გინდათ, მოდით ასე მოვიქცეთ“,- განაცხადა წამყვანმა.
ტელეკომპანიის პრესასთან ურთიერთობის სამსახურში კი განაცხადეს, რომ იკვლევენ აღნიშნულ საკითხს და განცხადებასაც შემდეგ გააკეთებენ.