როცა ბაქოში ჩავდიოდი, ყოველთვის ვერ ვახერხებდი, მაგრამ ძირითადად ვცდილობდი, რომ დედისთვისაც შემევლო. აფთიაქში რეზინის ხელთათმანებს ვყიდულობდი, თმებსა და ფეხებს ხინით ვუზელავდი, ზოგჯერ ხელებზეც წავცხებდი ხოლმე ხინას. იგი ამას მიჩვეული იყო. ეს ამბავი წლობით გრძელდებოდა. ამბობენ, ცოტას თუ ვაგვიანებდი, ნერვიულად ბუზღუნებდა: „არ ვიცი, თაღი სად გადაიკარგა, არადა ხინის დრო გადის…“  სხვას არავის ანდობდა ხინის ამბავს. როგორც არ უნდა დამეგვიანა, მელოდებოდა. თურმე ამბობდა: „როცა თაღი თმებში ხინას მიზელავს, თავის ტკივილი მეხსნებაო“.  ერთადერთი სადარდელი ის ჰქონდა, რომ დაოჯახებული არ ვიყავი. უამრავი გასათხოვარი გოგოს სახელს მიხსენებდა, არცერთზე რომ არ ვეთანხმებოდი, ტიროდა. ჩემი დისგან, გულსუმისგან არაფერს გამოელოდა, „სხვის კარზეა, რა ქნას, ხელმოკლეა“-ო ამბობდა. ხანოღლანზე კი სიტყვა რომ ჩამოვარდებოდა, თვალები ემღვრეოდა და თავისთვის ჩაილაპარაკებდა ხოლმე: „მაგისი იმედი აღარა მაქვს, თაღი! ცხონებული მამაშენი ყოველთვის იტყოდა ხოლმე, კვერცხი რომლიდანაც ხანოღლინი გამოიჩიკა, ლაყე გამოდგა… რას იზამ… ნეტავ დედისადმი სიყვარული შენ რომ გაგაჩნია, ერთი გრამი მის გულშიც ყოფილიყო… მაგრამ გეფიცები, არ ვნაღვლობ, დაე, სადაც არის, იქ კარგად იყოს, ღმერთმა ხელი მოუმართოს… მარტო ის მინდა კუბო ამიწიოს, მაგისგან მეტს არაფერს გამოველი…“ – იტყოდა და თვალზე მომდგარ ცრემლს შეიმშრალებდა.

მას შემდეგ, რაც უმუშევარი დავრჩი, ხელი ხალტურას მივყე. ბაქოში მიმავალი მგზავრები მიმყავდა, უკანა გზობაზე იქიდან მომავალი მომყავდა და პურის ფულს ვშოულობდი. ეს, ჩემმა ბავშობის მეგობარმა ალიმ მირჩია. ისიც თავისი გაზ-24-ით ხალტურაზე დადიოდა. ბაქოში, საიდანაც მგზავრი აგვყავდა, იმ მიდამოს პატრონებს ყოველთვიურად სამოც მანეთს, რაიონში კი ოცდაათს ვუხდიდით, ეს იმ ადგილის ქირა იყო, სადაც მანქანას ვაჩერებდით. მას შემდეგ, რაც ალიმ ამ ამბავში ჩამრთო, საჭმელ-სასმელი არ მაკლდა. მანქანა მამაჩემის ნაქონია. იმ წელიწადს, ხანოღლანიმ რომ მეორე „სროკი“ მოიხადა, ანუ მე რომ ვენები გადავიჭერი, აი იმ ზაფხულს, ჯერ ჭრილობა წესივრად არც კი მქონდა მოშუშებული, რომ ერთ საღამოს მამამ დაიძინა და აღარ გაიღვიძა. ქელეხის შემდეგ მამაჩემის შორეულმა ნათესავმა და ახლო მეგობარმა, ანუ  საზოგადოებრივი კვების გამგემ, სქელტუჩა ნაბიმ ხანოღლანი, როგორც ოჯახის უფროსი ვაჟი მოიხმო და უთხრა, ღმერთია მოწმე მამაშენს მაგ სამწვადის აშენებაში დიდი წვლილი მიუძღვის, მე ღვთსიმოშიში კაცი ვარ და არ მინდა ეგ „ობიექტი“ სხვას დარჩეს. მოდი, შენს სახელზე გავაფორმოთ და იმუშავე. ცხონებულმა, სიცოცხლეში ამის თაობაზე თავადაც მიმანიშნა. თუ გინდა, არაოფიციალურად გაყიდი კიდეც. ეს იმიტომ, რომ მამაშენს ბევრი ხარჯი აქვს იქ გაწეული, ყველაფერი ისე უნდა გაკეთდეს, როგორც წესი და რიგია. მე არამი არაფერი მინდა. სხვა თუ არაფერი, ცხონებულის გაწეული ხარჯი მაინც უნდა ანაზღაურდეს, რომ იმქვეყნად მშვიდად იყოს. მე კი იმითა გცემთ პატივს, რომ ვისაც მიჰყიდი, მაგას იქ გამგედ დავნიშნავ, თანაც კაპიკს არ გამოვართმევ, ისე მივიღებ სამსახურში.

ობიექტი, რომელიც ჩვენი მარჩენალი იყო, ხანოღლანმა ვერც თვითონ გამოიყენა და არც სხვას მიჰყიდა. სამწუხაროდ ხსენებული სამწვადე ყომარში წააგო, გავიხედეთ და სადღაა სამწვადე, ვიღაც ახვარი დაპატრონებია, როგორც ალალად მოგებულს. ამის შემდეგ მეცა და დედაჩემსაც გულში შიშგარეული ეჭვის ჭია გაგვიჩნდა. დედა სახლ-კარისა და მანქანის ერთად-ერთი მემკვიდრე იყო, რაღა უნდა ექნა, აიღო და ყველაფერი მე მაჩუქა. თუმცა ისიც უნდა ვთქვა, რომ ხანოღლანმა ეს რომ გაიგო, ხმა-კრინტი არ დაუძრავს, თავი ჩაქინდრა და პატიოსნად მოაწერა ხელი დოკუმენტს, რომელიც ადასტურებდა, რომ მან მამისეულ ქონებაზე ნებაყოფლობით თქვა უარი და ყველაფერი უმცროს ძმას დაუთმო. დედასაც და მეც გვეშინოდა, რომ ხანოღლანი სახლსაც და მანქანასაც ყომარში წააგებდა. ამიტომაც ნოტარიუსი ხვეწნა-მუდარით მანქანაში ჩავსვი და სახლში, ლოგინად ჩავარდნილ დედასთან მივიყვანე, საკმაოდ ფულიც ჩავუჯიბე. მერე რა, რომ სახლი ჩემს სახელზე გადმოფორმდა, მე და ჩემს ძმას სიკვდილამდე ერთ ჭერქვეშ უნდა გვეცხოვრა, სხვანაირად არც შეიძლებოდა. მართალია, მანქანა ძველი იყო, მაგრამ ჯერ-ჯერობით საქმეში მადგებოდა.

რახან სიტყვა მანქანაზე ჩამოვარდა, იმასაც გეტყვით, რომ ამ მანქანამ მთელი ჩემი ცხოვრება თავდაყირა დამიყენა. ადრე ვფიქრობდი, ნეტა ესეც არ გვყოლოდა, ნეტა ხანოღლანს ყომარში ეგეც წაეგო-თქო. მერჩია მემათხოვრა და მის საჭეს არ მივჯდომოდი… მერე კი მივხვდი, რომ ვცდებოდი…  ასეც ხდება ხოლმე…

როგორც პაპაჩემი ხანმუსა იტყოდა, ისეთი სუსხიანი ზამთარი იდგა, მაკე პირუტყვს ნაყოფს რომ გააგდებინებს და ქალს ცომში ჩაუყინავს ხელს. ქვეყნის შიგნით მდგომარეობა დაძაბული იყო, სადაც არ უნდა წასულიყავი, ყველა მიტინგებზე, სომხების სისაძაგლეზე, მოსკოვის შორსმჭვრეტელობასა და ხელმძღვანელობის სისუსტეზე ლაპარაკობდა. ამგვარი მითქმა-მოთქმა მოყირჭებული მქონდა. ბაქოში აყვანილი მგზავრი მე-4 სამეურნეო დასახლებაში ჩამოვსვი და შინ ვბრუნდებოდი. მგზავრმა იმ მოყირჭებულ ამბებზე გზად იმდენი ილაყბა, რომ მთლად სიქა გამაცალა. ერთი სურვილი მქონდა, როგორმე შინ მიმეღწია. კირსახარშ ღუმელებს ჩავუარე; მკვეთრ მოსახვევში უცებ საჭე გამექცა და მანქანა ვერაფრით შევიკავე, გვერდზე დაცურდა და სინათლის ბოძს მიენარცხა. მეტი არაფერი მახსოვს, ისეთი ძალით მიენარცხა, რომ მაშინვე გონება დავკარგე… არ ვიცი, მერე რა მოხდა. არ მახსოვს, რა დრომ გაიარა. მოკლედ, არაფერი მახსოვს. მერე გამეღვიძა. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს წლობით მეძინა. წარბს ზემოთ დიდი ჭრილობა მქონდა, სისხლი შემშრობოდა, ტკივილს ვერ ვგრძნობდი. არ ვიცი, როდის გადმოვარდი და როდის ჩავარდი თოვლში. ჩიტივით წამოვდექი. თხლად მეცვა. რა ვქნა, სად წავიდე? ვის მივადგე? ბევრი არ მიფიქრია, გეზი ავიღე ძველი სამწვადესაკენ, სადაც ადრე მამაჩემიც მუშაობდა და რომელიც მერე სატყეო მუზეუმად გადაკეთდა. რახან ყოველთვის მანაქანაში მიწევდა ყოფნა, თბილად არ ვიცვამდი ხოლმე, ამიტომაც ახლა სიცივე ძვალსა და რბილში გამჯდომოდა. აძაგძაგებულმა საკმაოდ გრძელი გზა გავიარე და როგორც იქნა მივაღწიე იმ სამწვადემდე, რომელის წყალობითაც თავის დროზე ბატონებივით უზრუნველად ვცხოვრობდით. ახალი დაღამებული იყო. როგორც გითხარით, თხლად მეცვა. ერთი მოკლე ქურთუკის ამარა ვიყავი. ფეხზეც არ მეცვა თბილად. ფეხის თითებს ვეღარ ვგრძნობდი. უფრო სწორედ, ხევს გამოღმა  სერს მე მივუყვებოდი აკანკალებული, ხევს გადაღმა კი ჩემი სისხლის სუნზე მოსული მგლები შემზარავად ყმუოდნენ. როგორღაც მივიკვლევდი გზას… ჭრილობა კი ისეთი ღრმა მქონდა, რომ შიგ კაკალი ჩაიმალებოდა. მგონი, შუბლის ძვალი მქონდა გატეხილი და ასე მეგონა, ზამთრის საშინელი სუსხი პირდაპირ ტვინში მიბერავსო. რის ვაივაგლახით მოვაღწიე მუზეუმამდე და ჩემდა სამწუხაროდ, კარი გადარაზული და სინათლეები ჩამქრალი დამხვდა. უმწეოდ დარჩენილს რა უნდა მექნა, საყარაულოს კარზე მივაკაკუნე, საიდანაც სუსტი სინათლე ბჟუტავდა. სინამდვილეში ეს საყარაულოც არ იყო, ადრე აქ სამწვადის საწყობი ქონდათ.  ახლა აქ დარაჯს, ანუ დავითს დაედო ბინა. ალბათ ყარაულმა იფიქრა, ვიღაც ღამეული მგზავრია, გზა შეეშალა და მე მომადგაო. რაზა გადაწია და კარის ღრიჭოში გამოიხედა, შევატყვე, თვალებს არ დაუჯერა: ეს მე გახლდით – აზერბაიჯანული საგმირო ეპოსის სახელმოხვეჭილი „გმირი ქოროღლი“. დიახ, მე გახლდით, მე!… – მე, რომელიც უიღბლო სიყვარულის გამო ხალხის ტკბილი ჭორების საბაბად და საჯიჯგნად ვიქეცი, ვისზეც ყველგან, ჭირსა და ლხინში, ბაზარსა, თუ დუქნებში ლაპარაკობდნენ, ერთს თუ მართალს ამბობდნენ, ათას ტყუილსაც დააყოლებდნენ ხოლმე… დიახ, კარს უკან მე ვიდექი, თაღი,  მე – ვინც თვითმკვლელობა სცადა, მაგრამ ვერ მოკვდა… თაღი, რომელიც ერთ დროს სიკვდილს გადაესკვნა, მაგრამ ვერ დაუძმობილდა, რაღაც მანქანებით მიქელ გაბრიელსაც კი დაუსხლტა ხელიდან. მე გახლდით, ანუ ის, ვისი დედაც იძულებულია ბიძას დააწვეს ტვირთად, ვისი ძმაც უცხოეთის მარწუხებშია მოქცეული, ის, ვისი დაიკოც ვიღაც ხისთავიანის ხელში იტანჯება და კიდევ… ის ბედკრული თაღი, ვისი პირველი სიყვარულიც, ვისი ქაბირეც ბარის უკაცრიელ მხარეში სხვის კერიას აღვივებს…

მაგრამ მან ან ღამის წყვდიადში ვერ მიცნო, ან და მიცნო და მართლა თვალებს არ დაუჯერა. ამიტომაც ღრიჭოდან დამაკვირდა, თვალები მოჭუტა და მკითხა:

-ვინ ხარ? რა გინდა?

-დავით, მე ვარ… – ჩემმავე ხმამ შემაძრწუნა; ენა-პირი გამთოშოდა…

ერთმანეთს გადავეხვიეთ. თავზე დოლბანდი ეხვია, სახე ძლივს მოუჩანდა. ხუთიოდე თვის წინ, როცა მეზურნე ქერუმას ბიჭის ნათლობიდან მობანცალებდა, სითარაანთ სახლთან დავარდნილა და ვეღარ წამომდგარა. ქვასავით გაუნძრევლად დარჩენილა ადგილზე… დილას, ნახევრად გათენებულზე, ყასაბ ყასუმას უნახავს და მაგისიანებისთვის შეუტყობინებია.

ჰოდა ახლა ერთმანეთს რომ გადავეხვიეთ, ხელები მხრებში ჩამავლო და მკლავის სიგრძეზე გამწია უკან, თოვლის სინათლეზე ჩემს ჭრილობას დააკვირდა და ამოიოხრა:

-ოხ-ოხ-ხო!… ვაი შე საწყალო!- თქვა, და დასძინა, – ესე იგი, შენც მოხვედი, თაღი?

როგორ თუ „მეც მოვედი?“ ვერაფერი გავიგე. მერე ხმადაბლა ჩაილაპარაკა:

-მეც გკითხე, რაღა! რო მოხვედი, ამას მეცა ვხედავ…

 მაინც ვერ გავიგე. მართალია, ქარი არ ქროდა, მაგრამ სუსხი ძვალ-რბილში ატანდა. მუხიანის ხევიდან სულისშემძვრელი გუგუნი მოისმოდა.

გზატკეცილის პირას, ქალაქიდან საკმაოდ მოშორებული, ბებერი მუხების ხშირი ტყით გადაფარული ეს ხევი და განაპირა მიდამოებიც უკაცრიელი და მყუდრო იყო. ძველი ისტორია გააჩნდა ამ ადგილს, რომელიც ბოლო დროს ფაუნისა და ფლორის მუზეუმად ექციათ. ეს ადგილი თავის დროზე მამაჩემს ამოურჩევია. ბევრი ფული დაუხარჯავს, ნებართვა აუღია და აქ ერთი კოხტა სამწვადე აუშენებია. მგზავრებს აქ დასვენება სიამოვნებდათ. სამწვადეს ფართო ტერიტორია ეკავა, ხუთიოდ მეტრში ცივი წყარო მოჩუხჩუხებდა, მუხიანისკენ ჩამავალი გზა ქვაფენილით იყო მოკირწყლული, მინდვრის გასწვრივ, მუხების ქვეშ ლამაზად მოწყობილ ფაცხებს მარადმწვანე ხვიარები ეხვეოდა გარს, ეს კი აქაურობას ერთიათად ლამაზსა და მიმზიდველს ხდიდა. ზაფხულობით სამწვადე მთელი დღე-ღამის განმავლობაში მუშაობდა. ველზე, რომელის კალთაც ხევისკენ ეშვებოდა, წლის ამ დროს დასაჯდომ ადგილს ვერსად ნახავდი. თუმცა ზამთარში, როცა მოყინავდა და მგზავრობა სახიფათო ხდებოდა, მუშტარი თვალსა და ხელს შუა მოაკლდებოდა ხოლმე; ათასში ერთხელ ვინმე თუ გამოჩნდებოდა, ეგეც დიდი საქმე გახლდათ.

 

1 2 3 4 5