როცა ჩემმა ყოფილმა თანაარმიელმა დარაჯმა დავითმა მიცნო და  კარი ჭრიალით გამოაღო, ცხვირში სპირტითა და ძმარ-ნივრით გაჯერებული მძიმე, კარგად დამყაყებული ჰაერი მეცა. გეგონებოდა, შიგნით დიდი ხნის მიცვალებული ესვენა, შეუძლებელი იყო, ამ სიმყრალეზე გული არ აგრეოდა. ამ წუთში სუნს ჩემთვის არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა. სითბო რომ ვიგრძენი, მეგონა ქვეყნიერება მაჩუქეს. გათოშილი ვიყავი და დუბელა გარემო მსიამოვნებდა.

-შემოდი შიგნით.

შევედი. ნახევრად ბნელ ოთახში ვიგრძენი, რომ დავითი მარტო არ იყო და უნებლიედ კართან შევყოვნდი. იმის გამო, რომ ლამპას, რომელიც კუთხეში ბჟუტავდა, მუყაო ეფარებოდა, იქაურობა მეტისმეტად სუსტად იყო განათებული. ღუმელი სასიამოვნოდ გუგუნებდა. ირგვლივ ხაშის სუნი იდგა. ალბათ ხვალისთვის იხარშებოდა. დავითი ძველი „ხაშისტი“ იყო.  ჩანს, წინდაწინ ზრუნავდა ხვალინდელ საუზმეზე . ძველ რკინის საწოლზე ქალი იჯდა, იმის გამო, რომ მის სახეს სინათლე არ ეცემოდა, წესივრად ვერ გავარჩიე, ვერ ვიცანი, თუმცა ყეყეჩივით მივშტერებოდი.

დავითმა კიდევ ერთხელ დახედა ჩემს ჭრილობას, მერე კედელში მიჭედებულ ლურსმანზე დაკიდებული პირსახოცი ჩამოიღო და სიგრძეზე ორად გადახია. ჭრილობა მოხერხებულად შემიხვია, პირსახოცის ნაწილი ნიკაპქვეშ ამომიტარა და თავს ზემოთ გადამინასკვა.

-რას უდგეხარ, მოდი, დაჯექი. – მან ხელი მხარზე დამიტყაპუნა და შემომცინა. – კიდევ კარგი, მოხვედი, თაღი, ეს მელიშაც გაჯიუტდა, რომც მომკლა, არ დავლევო. ნახევარ ლიტრს მარტოდ შევრჩი პირისპირ. ხომ გაგიგონია, მარტო კაცი სმაშიც ცოდოაო. მოდი დაჯექი. ღუმელთან ჩამოჯექი…

დასაჯდომად რომ გავემართე, თვალი კედელზე დაკიდებული სარკის კიდეს ვკიდე. სახე ნათლად არ მიჩანდა, მაგრამ რაც დავინახე,  შემაშინა, – მკვდრის ფერი მედო.

ქალი რკინის საწოლზე იჯდა და ვითომდაც არაფერიო, თმებს ისწორებდა. დავითმა ჩემზე ანიშნა:

  • მელიშა, ვერ ხედავ? თაღი გვესტუმრა…

თავი ოდნავ მოაბრუნა, მაგრამ იმის გამო, რომ ქალს ქინძისთავები პირით ეჭირა, თქმით ვერაფერი თქვა. გაშლილი კულულები კეფასთან მოიკრიბა, მერე ნახევრად ამოყრილი ძუძუები დაიფარა და საკინძე შეიკრა, თანაც ცალყბად მომიგდო: „ჰმმმ…“  როგორც კი მისი სახელი გავიგონე, გუნება გამიფუჭდა. აზრადაც არ მომივიდოდა, რომ ამ შუაღამეზე აქ იქნებოდა. იგი მეხალიჩე გულანდამის გოგო გახლდათ. ქვემოთა უბანში ცხოვრობდა. თერთმეტი წლის განმავლობაში  ჩვენს პარალელურ კლასში სწავლობდა. მთლად დალაგებული გოგო ვერ იყო. მახსოვს, მგონი მეათე კლასში ვიყავით, ფიზიკის მასწავლებელი იზათა ავად გაგვიხდა და გაკვეთილზე არ გამოცხადდა. ამიტომაც გაკვეთილი ერთად ჩაგვიტარდა. იმათი კლასის მასწავლებელმა მაინც და მაინც მელიშა წამოაყენა ფეხზე და გაკვეთილი ჰკითხა. ამ გომბეშომ გაკვეთილი არ იცოდა. ცოტახანს სდუმდა, მერე კი ტირილი დაიწყო: „მასწ, ორიანი არ დამიწერო, გევედრები ორიანი არ დამიწერო, თორემ დედაჩემი მომკლავს…“ – „გაკვეთილი არ იცი და აბა რა უნდა დაგიწერო?“ – „დედაჩემი მეუბნება, ისწავლე, მეცნიერი გამოდიო. ორიანი რომ მიიღო, დაგჩეხავო…“ – „თუ ეგრეა, რატომ არ სწავლობ?“ – „ვისწავლი, გპირდებით, ვისწავლი…“  -ესე იგი, შენ მართლაც გინდა, ისწავლო და მეცნიერი გამოხვიდე, შვილო?“ – „კი, ღმერთმანი, მეცნიერი მინდა გამოვიდე, მასწავლებელო…“ ყველამ გაიცინა. ცხონებულ მაჰარამს ყველაზე მაგარი ხარხარი აუტყდა. ეს მასწავლებელმა შეამჩნია და ფეხზე წამოაყენა: „რა გაცინებს, ბიჭო?“ – ეს რომ უთხრა მაჰარმმა მიუგო: „მელიშასგან მეცნიერი არ გამოვა. იცით რა გამოვა მისგან?“ – „რა?“ – „ვთქვა, თუ არ ვთქვა?“ – „თქვი რისი თქმა გინდა, ნუ არტისტობ!…“ – „ჰა-ჰა-ჰა… მეცნიერი არა, მასწავლებელო, მელიშასგან კარგი მიმცემიერი დადგება…“ – მაგან რომ ეს თქვა, კლასი ჯერ გაიტურნა, მერე სიცილ-ხარხარმა ვულკანივით იფეთქა. თანაკლასელმა გოგონებმა არ გაიცინეს, პირიქით, მაჰარამი გამოლანძღეს, უზრდელი ხარო. მიუხედავად იმისა, რომ ფრიდონა მასწავლებელი ერთობ სერიოზული კაცი იყო, მანაც ვერ შეიკავა სიცილი, მაგრამ მალევე დასერიოზულდა, ხელოვნურად დაიბღვირა, მაჰარამი დაფასთან გამოიყვანა და ყურის ძირი აუფიცხა. მელიშამაც არ დააყოვნა: „მიმცემიერი დედაშენი და შენი დაა!“ – უთხრა და ეცა, მაჰარამმა ვერ მოიგერია და ამან სახე ჩამოჰკაწრა. ცხონებული მაჰარამის წინასწარმეტყველება მოგვიანებით ახდა. მელიშა ჯერ კიდევ ყმაწვილქალობაში მთლად უპატრონოდ დარჩა, მამა მოულოდნელად გარდაეცვალა, დედამისმა დარდს ვერ გაუძლო, ავად გახდა და ქმრის კვალს გაჰყვა. ცოტა მოგვიანებით კი მისი ძმა მეზობელთან ქორწილში ყომარის თამაშისას ატეხილ ჩხუბში მოკლეს.  მელიშას სხვა პატრონი არავინ გამოუჩნდა. ერთი ბიძაშვილი ჰყავდა, იმანა.  ერთხანობას მასთან ერთად რუსეთში გადაიხვეწა. ხუთი-ექვსი თვის მერე ხმა დაირხა, რომ იმანამ იგი ნოვოსიბირსკის ბაზარში მიატოვა და თავად ვიღაც ხახლუშკას აეტორღალა და მოსკოვში წავიდა, მელიშა კი ამის მერე მთლად გაბოზდაო. მერე ასტრახანში ჩასულა და იქ ვიღაც ლეკ მეთევზესთან უცხოვრია ერთხანობას, თუმცა ესეც დიდხანს არ გაგრძელებულა. თავს ცოდოს ვერ ვიდებ და იქ რა დაუტრიალებია, ვერაფერს ვიტყვი, ასეა, თუ ისე, ერთ მშვენიერ დღეს იმ ლეკ მეთევზეს მისთვის ცოტა სახარჯი ფული მიუცია, ბილეთი უყიდნია და სამშობლოსკენ გამოუსტუმრებია. თანაც „აქ არ დაგინახოო, უთქვამს. ამასობაში ათ წელს გაევლო, რუსეთიდან რო დაბრუნდა, ისე შეცვლილიყო, რომ ვერ იცნობდი. თურმე ადამიანი როგორ იცვლება, ღმერთო! ჩამოვიდა და მალევე მამაჩემთან მოეწყო სამწვადეში, რომელიც ამ მუზეუმის ადგილას იყო. ღამესაც აქვე ათევდა, შინ არ მიდიოდა. „დამყოლობისა“ და „ლმობიერების“ გამო არავის ეუბნებოდა უარს. მისი ეს ამბავი მალე მოედო რაიონს. ჩვენს პატარა ქალაქში, სადაც სულ ჭორისა და ქილიკაობის საბაბს ეძებდნენ, მელიშას ყველა იცნობდა. მამაჩემს რამდემჯერ ვუთხარი, „ეგ კახპა მოაშორე იქაურობას, მაგის შესახებ ათას რამეს ლაპარაკობენ!“ – ამის პასუხად მამა მეუბნებოდა: „ჭკვიანად იყავი, რაც ეგ აქ გამოჩნდა, სამწვადის შემოსავალი ერთი ორად გაიზარდა. რასაც ვშოულობთ, მაგის გამოისობით ვშოულობთ. მუშტრები მაგის გამო მოდიან. მაგის მაგივრად ვინმე ნამუსიანი რომ მოვიყვანო, მაშინ მშივრები უნდა ვისხდეთ… შენ რა განაღვლებს? ქალი  თავისთვისაა, ცუდს არავის უკეთებს.“  სანამ ცოცხალი იყო, მაჰარამი დროგამოშვებით შემომეყრებოდა ხოლმე. ეგეთი ტიპი იყო. ერთთავად ხუმრობდა. არ დაგიდევდა, გეწყინებოდა, თუ არა მისი ენაკვიმატობა. ენაზე რაც მოადგებოდა, ანგარიშგაუწევლად როშავდა. ბავშობაში მისი ენაკვიმატობის მსხვერპლი მეც არაერთხელ ვყოფილვარ. რატომღაც ჩემი სახელი არ მოსწონდა და სადაც დამინახავდა, თაღი, თაღიო, მომაძახებდა და დააყოლებდა ხოლმე, „თაღი, თაღი, თაღიო, მოდი ვთოხნოთ ბაღიო, ნუ ხარ ყურუმსაღიო.“ მისი ეს ხუმრობა ბავშვებმა ზეპირად იცოდნენ, თითქმის ყველას პირზე ეკერა. ბოლოს ამ ამბავმა ხანოღლანის ყურამდეც მიაღწია, მაჰარამი გამოიჭირა და მაგრად უთაქა. ამის მერე დაიშალა ენაგრძელობები, როცა შემხვდებოდა, დუმილით ჩამივლიდა ხოლმე გვერდზე. ზოგჯერ კი გაჩერდებოდა და მელიშაზე მეტყოდა ხოლმე ტრაბახგარეული ტონით: „ნახე, როგორი პროგნოზი დავუსვი!? რაცა ვთქვი, ზუსტად ახდა, სხვანაირად ვერც იქნებოდა, ძამა… მე დაღრეჯილ კაცს ზურგიდანაც კი ვცნობ, სანამ სახეში შევხედავ, უკვე ვიცი, რომ პირმოღრეცილია… მელიშა ნამდვილ მომცემიერად იქცა, ხომ ხედავ, რაცა ვთქვი, ზუსტად ახდა…“

        მაგრამ ქვეყანაზე ბევრი უცნაურობა ხდება. ერთხელ, ჟინჟღლიან დღეს, მაჰარამი სახლის ძველ სახურავს რომ სცვლიდა, ფეხი დაუსხლტა, ჩამოვარდა, კისერი მოიტეხა და ადგილზე განუტევა სული. გასვენებაში თანაკლასელებიდან ყველაზე მეტად სწორედ მელიშა ტიროდა, ის მელიშა, რომელსაც მან მიმცემიერის იარლიყი მიაკრა წლების წინ. მისი მოთქმა-გოდება თვალით რომ არ მენახა და სხვას ეთქვა, ალბათ არც დავიჯერებდი.

-როგორა ხარ, თაღი? – ამ შეჩვენებულს ხმაც კი შეცვლოდა, ნაბახუსევი კაცის ხმით ლაპარაკობდა.

-კარგადა ვარ, მელიშ.

-მართლა კარგადა ხარ, თაღი?

-მანქანა გადამიბრუნდა მოსახვევში…

-აქ არ უნდა მოსულიყავი…

-მაგდებ? – შევცინე.

შეიშმუშნა:

-მე ვინ მკითხავს, თაღი? შემოგევლე, მე ვინ ვარ, რომ გაგაგდო?! ეგეთ რამეს არ მივქარავ… მამაშენის პური მაქვს ნაჭამი… მე მისგან მაგრად ვარ დავალებული. იქ უფრო გხედავდი ხოლმე,  „ჩემ“  აქ.

– ეგ „ჩემ“ რაღაა, მელიშა? მეტისმეტი ხომ არ მოგდის?… – საუბარში დავითიც ჩაერია. მერე ღუმელში შეშა შეაგდო და ლამპას მუყაო მოაშორა, ოთახი მაშინვე განათდა. შეხვეული თავი ჩალმიანი არაბივით გააქნია და დასძინა:

               -მელიშა, ერთხელ და სამუდამოდ დაიმახსოვრე, აქ შემთხვევით არავინ მოდის. და ვინც მოდის, ჩვენზე უკეთეს მდგომარეობაში არაა. გაიგე? ახლა კი ადე, თაღის წესივრად დაენახე.

               -რა უნდა დავენახო, ისედაც ალბათ ყველაფერი გაგონილი ექნება ჩემზე…

               -გაგონილი და დანახული სხვადასხვა რამაა. ადე მეთქი, დაენახე…

               მელიშამ ყელსაბამი შემოიხსნა. ყელ-კისერზე ლურჯი ზოლი გასდევდა, კაცს ეგონებოდა, სახრჩობელაზე გასულს ბოლო წამში თოკი ჩამოუწყდაო.

               -მოდი, ახლოდან შეხედე…

               -აქედანაც კარგად ვხედავ…

 

1 2 3 4 5