ახლოდან ნახვა რაში მჭირდებოდა. ვიცოდი, იმანი რუსეთიდან რომ დაბრუნებულა, სამი დღის მერე მელიშა მოუძებნია, გომურში შეუგდია და უბრძანებია, თავი ჩამოიხრჩეო. ეგ ჩალურჯებული ზოლიც მაგ ამბის ნაკვალევი იყო, ამბისა, რომელზეც მთელი რაიონი ლაპარაკობდა… მაგრამ დავითს რატომ უნდოდა, რომ ახლოდან მენახა, ეგ არ ვიცი… იმის გამო, რომ მე არ მივედი, მელიშა თვითონ მომიახლოვდა, ეს შეჩვენებული ისე ყარდა, რომ, ლამის გული ამერია, არ ვაჭარბებ და ცხედრის სუნი უდიოდა… დავითმა საწოლზე დაგდებული  ყელსაბამი აიღო და ნათოკარზე კოხტად შემოახვია.

               მამაჩემი სამწვადეს რომ განაგებდა, დავითი დარაჯად მივუყვანე. მას შემდეგ, რაც სამწვადე მუზეუმად გადაკეთდა, იგი არ გაუშვეს, დარაჯადვე დაიტოვეს, რამეთუ თან თავმდაბალი ბიჭია, თანაც აქაურობას კარგად იცნობს. ახლა ისე იქცეოდა, გეგონება ჭიპი აქ ჰქონდა მოჭრილი და ამ შენობის გარეთ ერთი დღეც არ ჰქონდა გატარებული. მე მისი კარგად მესმოდა, ოჯახი უშვილძირობის გამო დაეშალა, მეუღლეს გაშორდა, შინ არავინ ეგულებოდა, აქ ერჩია, თავს მაინც იქცევდა. მგონი, მელიშაც იმიტომ შეიკედლა. თორემ მე ეგენი ერთად არასოდეს მენახა, მათ სიახლოვეზე არ მიფიქრია, აზრადაც არ მომივიდოდა, რომ მათ შორის რაღაც საერთო შეიძლება ყოფილიყო. რატომღაც დავითი მეცოდებოდა, გული მეთანაღრებოდა ე რომ გამახსენდებოდა ხოლმე.  უბედურება რომ დაატყდა თავს, მე ბაქოში ვიყავი, როცა გავიგე, გული დამეთუთქა. უცნაური ის იყო, რომ მასაც ვეცოდებოდი, მეუბნებოდა, როდემდე უნდა იარო ასე უცოლოდო, მამაშენი ისე გამოესალმა წუთისოფელს, რომ შენს ქორწილს ვერ მოესწრო. რაც გაგაჩნდა დაკარგე და ოჯახს კი მაინც არ მოეკიდეო… „რაც გაგაჩნდა“-ო როცა ამბობდა, ვიცი რასაც გულისხმობდა. რახან მამამ იცოდა, რომ გული აწუხებდა, სახელმწიფოს ეს ობიექტი საგვარეულო მემკვიდრეობასავით გვიანდერძა მე და ჩემს ძმას. ამ საქმეში კი, როგორც გითხარით, სქელტუჩა ნაბი ეიმედებოდა. მაგრამ მამაჩემის ორმოცი ახალი გასული იყო, რომ ხანოღლანიმ სამწვადე ცხონებული „ვორ-ვზაკონა“ შუქურას ბიძაშვილთან, ანუ  ღვინის ქარხნის სომეხი დირექტორის მოზიარე ხინჯირ-რაფიკასთან ყომარში წააგო და მთელი  ოჯახი მუხლებზე დასცა. მერე ერთხანობას აქაურობას რაფიკას ძმა, კოჭლი ფეტი განაგებდა. ხანოღლანს კი უთხრეს, ჯერ კიდევ ამდენი და ამდენი ვალი გაქვსო, „თავანში ხარო“ გააფრთხილეს და რაღა დარჩენოდა საწყალს, გადაიხვეწა, რუსეთში გადაიკარგა სადღაც. ეგ იყო და ეგა, აღარ დაბრუნებულა. მას მერე ბევრმა წყალმა ჩაიარა და მაგის შესახებ კი არაფერი ისმის. რუსეთიდან დაბრუნებულებსაც არსად უნახავთ. მე უბედური კი, ყოველივე ამის შემდეგ დავრჩი მარტოდ-მარტო. ხანოღლანი, ჯერ კიდევ როცა მოზარდი იყო, ანაშაზე დაიჭირეს, მამა ეცადა მაგრამ ვერაფერი უშველა. მერე ბაქოში ახალ ბაზართან კაცი დაჭრა და კვლავ „სროკზე“ გაუშვეს. ციხეში მთლად გაფუჭდა, ამბობდნენ, უბადლო ყომარბაზიაო, მაგრამ რაც თავი მახსოვს, სულ აგებდა. მაგის გამო მოსვენება არ გვქონდა. დაიკო გულსუმაც ვერაფერში მეხმარება, სიძე ძალზედ გულქვა კაცია და ჩვენთან თითქმის არ უშვებს. საჭმელს თავად ვიმზადებ, სარეცხსაც თავად ვირეცხავ. მარტო კაცის ცხოვრებას შევეჩვიე.

               ახლა როცა დავითი ქონებაზე მეუბნებოდა, ხანოღლანას წაგებულებსა და განიავებულს  გულისხმობდა. რაა მერე, როგორც კი „ვორ-ვზაკონა“ შუქური მოკლეს, მთავრობამ სამწვადე ხინჯირ რაფიკას წაართვა და მუზეუმად გადააკეთა.

               თავად დავითი ცუდი კაცი როდი იყო, მაგრამ მამამისს რაიონში კაცად არავინ თვლიდა, იხვივით ბრტყელი კაცი იყო, მარცხენა ფეხს ითრევდა. ამბობდნენ, ბავშობაში, მეხუთე კლასში რომ სწავლობდა, კიბიდან გადმოვარდნილა და ფეხი მოუტეხია, მას შემდეგ ეგრე დაკოჭლებულა. მარტო ფეხი კი არ მოეტეხა, თურმე თავიც დაერტყა და მას მერე ცოტა ურევდა კიდეც.. მთელი თავისი ცხოვრება კომუნალურ მეურნეობაში მენაგვედ მუშაობდა და სახელად გიჟუსუბას ეძახდნენ. მასზე დღესაც ბევრ სასაცილო ამბავს ყვებიან. ამბობენ ღმერთს ყოველდღე წერილებს წერდა და ევედრებოდა: „ღმერთო, სიღატაკე ყელში ამომივიდა და თუ შეგიძლია, ორასი მანეთი მომეციო“. თურმე ბარათზე მისამართსაც წერდა, მერე გაზით გამობერილ ჰაერის ბუშტს გამოაბამდა და უშვებდა და მხართეძოზე წამოწოლილი ადევნებდა თვალს ბუშტს, რომელიც სულ უფრო მაღლა-მაღლა მიიწევდა. ეს ამბავი დროგამოშვებით მეორდებოდა. ერთხელ  ნიავს ბუშტი წაუღია და წერილი პირდაპირ რაიონული მილიციის ეზოში დაფრენილა. სწორედ ამ დროს, თურმე მილიციის უფროსიც ეზოში ყოფილა, თანამშრომლები ჩაემწკრივებინა და დავალებას აძლევდა. ბუშტი მის წინაშე დაშვებულა მიწაზე. უფროსს შარზე გამობმული ბარათი შეუნიშნავს და დაინტერესებულა… გაუხსნია და წაუკითხავს, ბევრი უცინია. მერე თანამშრომლებისთვის უთქვამს, ხუთ-ხუთი მანეთი შეაგროვეთ და ამ კაცს გავუგზავნოთ, აბა ვნახოთ რას იზამს…“ ვინ გაბედავდა და უფროსის სიტყვას შეუბრუნებდა!? იქვე შეუგროვებიათ, მაგრამ ას ორმოცდა ათი მანეთი გამოსულა, არც მეტი, არც ნაკლები. ორასი არ შეგროვილა. ეს ფული კონვერტში ჩაუდიათ და ერთი რიგითისთვის გაუტანებიათ და დაუბარებიათ, ამადა-ამ მისამართზე მიიტანე და გადაეციო. მასაც დანაბარები უსიტყვოდ შეუსრულებია, მიუტანია და მიუცია. გიჟუსუბას დაუთვლია და მიმხვდარა, რომ ფულს ორმოცდა ათი მანეთი აკლია. აუღია და ღმერთისთვის კიდევ ერთი წერილი მიუწერია^ „დიდი მადლობა, ღმერთო. შენი გამოგზავნილი თანხა მივიღე, მაგრამ ერთი სათხოვარი მაქვს, კვლავაც ფულს რომ გამომიგზავნი, მილიციის თანამშრომელს ნუ გამოატან. ესენი მსუნაგები და უნამუსოები არიან. დავთვალე, ამ მამაძაღლებს ორმოცდა ათი მანეთი აუცანცლავთ, ეგონათ ვერ მივხვდებოდი.“

               იმის გამო, რომ მეტისმეტად არაადეკვატური იყო, მაგას ჭირსა და ლხინში არასოდეს ეპატიჟებოდნენ. მართლაც აფრენდა, კაცი ვერ გაიგებდა, როდის რას იტყოდა და რას მოიმოქმედებდა. თავადაც ერიდებოდა ქელეხსა და მაგდაგვარებს. მოხუცებში არ გაერეოდა და დასაფლავებაზე, თუ ორმოცში არ გაჭაჭანდებოდა. გიჟუსუბას ქორწილები უყვარდა. არ დაგიდევდათ მექორწინეებს იცნობდა, თუ არა, სადაც კი საქორწინო სუფრა გაიშლებოდა, მიდიოდა და ახლო-მახლო უტრიალებდა. ამ დროს სახეზე ბავშური ღიმილი დასთამაშებდა. რაიონის მოზარდებთან ერთად ერთობოდა, მერე ქორწილი რომ დამთავრდებოდა და ხალხი დაშლას იწყებდა, ისიც აჰყვებოდა ხოლმე სუფრიდან აშლილ მამაკაცებს და კოჭლობით მიუყვებოდა გზას. შინ თუ ჰკითხავდნენ: „სად იყავიო?“ პასუხობდა: „სად უნდა ვყოფილვიყავი?! ქორწილში ვიყავი. ვერა ხედავთ, ჯამაათთან ერთად ქორწილიდან მოვდივარ!“. იმასაც თუ ჰკითხავდნენ: „ქორწილმა როგორ ჩაიარაო“  უზრუნველად პასუხობდა: „ქორწილმა ძალიან კარგად ჩაიარა. მილეთის ხალხი იყო. ჭამეს, სვეს და მოუსვეს…“ მისი ეს უწყინარი წინადადება -„ჭამეს, სვეს და მოუსვეს“ – რატომღაც რაიონში ყველას პირზე ეკერა,  იმეორებდნენ და იცინოდნენ.

               დავითი მამას არ ჰგავდა, შეგნებული და საკმაოდ დალაგებული ადამიანი იყო. მამის გამო რცხვენოდა. ამას ზოგჯერ ამჟღავნებდა კიდეც. როცა ამ თემაზე ლაპარაკობდა, ბოლოს თითქოს თავს იმშვიდებსო, აუცილებლად დასძენდა ხოლმე; „ მე დედაჩემის ჯიშისა და ჯილაგისა ვარ. დედაჩემის საგვარეულოში ისეთი ვაჟკაცები იყვნენ, როგორიც ბეკი უღურა გახლდათ, რომელიც რუსებმა დახვრიტეს ოციან წლებში“. გიჟუსუბა ორი წლის წინ გარდაიცვალა. არ ვიცი, მართალია, თუ ტყუილი, ამბობენ სიკვდილის წინ, უფრო სწორად გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე ღმერთს კიდევ ერთი წერილი მისწერაო. ამჯერად ასე მიუწერია: „დაგენაცვლე, მოვდივარ… გთხოვ დამხვდე… საიქიოს გზა არ ვიცი და  ვაუ თუ ვერ გავიგნოო…“  რა ვიცი, შეიძლება, ზოგ რამეს უგონებდნენ კიდეც. ჩვენი ჭორიკანა ჯამაათი ასეთი ბუნებისაა, ენაზე რომ სიტყვა მოადგება, ვერ იკავებს და უპრაკუნოდ წამოისვრის ხოლმე.  თუმცა ამავე ჯამაათმა ცხონებულს კარგი ქელეხი გადაუხადა, ყველაფერი ისე მოაგვარეს, რომ ღარიბ-ღატაკმა დავითმა ვერც გაიგო, მამა როგორ დაასაფლავა.

               მელიშამ ხაშის ქვაბს რამდენჯერმე მოურია, მერე იქვე ჩამოჯდა და ქსუტუნ-ქსუტუნუთ თქვა:

-რა დღეში ხარ, თაღი? ალბათ მაგრა შეგეშინდა მანქანა რომ მოგიცურდა.

-…

-ენა კატამ ამოგაჭამა, ბიჭო? ჰა? – დასძინა და მუჯლუგუნი გამკრა.

-მელიშა, მამის საფლავს გაფიცებ, დაანებე თავი… – დავითმა ჩაიბურტყუნა, – დააცადე კაცი გონს მოეგოს, რას ჩასცივებიხარ? თუ საქმე არაფერი გაქვს, არაყი მაინც ჩამოგვისხი…

ეს რომ თქვა, გამიღიმა და თვალი ჩამიკრა:

-ამ შეჩვენებულს გეგონება ხვლიკის ძრავა უდგას, ენის გაჩერება არ იცის.

ამ სიტყვაზე ყველას გაგვეცინა.

 

1 2 3 4 5