წითელქუდა ხვდებოდა, რომ დღეს რაღაც ცუდი დღე გაუთენდა, კი, გაუთვალისწინებელი რაღაცები  ხშირად ხდება და ყველაფერი მოსალოდნელია, მაგრამ მოვლენების ასეთ განვითარებას არ ელოდა.

-შეუძლებელია, თქვა მან. –  მაცოცხლებელი წყლის ზემოქმედებისგან თანდათან  ფხიზლდებოდა,- შეუძლებელია. ასე წერია.

-მომისმინე, მე შენთვის ქრისტე არა ვარ, დავიღალე, სხვა საჭმელი მინდა, გესმის?

-მგელო, ცუდად გამოიყურები.  კოჭლობ. არ მეუბნები, რატომ დაგაგვიანდა?

-ჩექმებიან კატას ვჭამდი.

-გარეგნობაზე არ გეტყობა, რომ უახლოესი სამასი წლის განმავლობაში რამე გქონდეს ნაჭამი,-ეჭვი გამოთქვა წითელქუდამ.

-მეტყობა თუ არ მეტყობა, ახლა კატის ხორცი მომწონს, ვერაფერს გააწყობ.

-მგელო, მოდი, დავივიწყოთ ეს ყველაფერი და წავიდეთ – შენ მოკლე გზით, მე – გრძელით. როგორც წერია, ისე.

-შენ რა გიჭირს, მჭამელი შენ ხომ არ ხარ. არა, ვერ გაიგებ, მე თქვენ იმდენჯერ შეგჭამეთ,  ახლა თქვენს დანახვაზეც კი ცოტაღა მიკლია, რომ არ ვარწყიო. და საერთოდაც, ვეგეტარიანელი გავხდი.

-მგელო, ბოდავ რაღაცას. კანკალებ და სავარაუდოდ სიცხე გაქვს. მაინც არ მითხარი, სად იყავი.

-სახარებას ვკითხულობდი.

შეშისმჭრელებს  ხმაურზე გაღვიძებოდათ და ამ დიალოგის მოსმენით გამხიარულებულებმა ხარხარი ატეხეს.

-რა?.. სახარება? შენმა ცხვარმა მთა გადაიარა…სახარება…

-და იცი, რა წერია მაგ წიგნში-არა შეჭამოო.

-შეუძლებელია,-დასერიოზულდნენ შეშისმჭრელები,-ეგრე ხომ შიმშილით მოკვდები.

-პირველად მესმის,-თქვა წითელქუდამ.

-იქ კი წერია…

-მგელო, საყვარელო, ჩემო კარგო, რასაც მეტყვი, იმას გავაკეთებ, შენ მხოლოდ დამიჯერე, მოდი, წავიდეთ. თუ გინდა, წითელ ქუდს გაჩუქებ. ვაიმე, როგორ გიხდება… რა სასაცილო ხარ. გინდა, მინეტი გაგიკეთო? ოთხჯერ. კარგი, თუ გინდა, დავამრგვალოთ რიცხვი.

-შეშისმჭრელებთან სმას ბოლოს ეს მოჰყვება-ჩაიცინა მგელმა,-არა, აღარ  გადამივლის, წითელქუდავ.

-კარგი, რა, მგელო,-გაეპრანჭა წითელქუდა აციმციმებული თვალებით და კალთაში ჩაუჯდა,-გგონია ვერ შევამჩნიე, როგორი სურვილით და ჟინით მახრამუნებდი.

მგელმა ზიზღით ხელი კრა უქუდოდ დარჩენილ წითელქუდას.

-ამიტომაა, შენ დანახვაზე,  კუჭის წვენი გამომეყოფა. იცი, რა არის გულისრევა? გაუცხოება? შენ წარმოდგენა გაქვს, რა არის აბსურდი? შენ დოსტოევსკიც კი არ წაგიკითხავს, შე საწყალო.

-მგელო, ბოლოჯერ გეკითხები, სად იყავი?

-რა შენი საქმეა,-დაიყვირა წითელქუდა მგელმა. შეიგნე, რომ  გადავწყვიტე, შევიცვალო. ვეღარ ვიტან ამ ცოდვის შეგრძნებას და მჯერა, რომ ადამიანს შეუძლია თავისი ბედისწერის შეცვლა.

-ადამიანს, და არა მგელს, მგელო,- მგლისთვის მოულოდნელი ლოგიკურობით განაცხადა წითელქუდამ, რომელიც უკვე აღარც მთლად წითელქუდა იყო. – იმ წიგნში, რომელშიც შენ ხარ. ან  შესაძლებელია იყო, წერია, რომ ვალდებულება გეკისრება,  შეგვჭამო. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოკვდები…

-ჰოდა, მზად ვარ!-იყვირა მგელმა.

-მაგრამ შენ ამის უფლება არა გაქვს. – შეუყვირა წითელქუდამ, რომელიც უკვე საერთოდ აღარ იყო წითელქუდა.

– ეი, შე იმპოტენტო, გაიგე, რა გითხრა ქალიშვილმა?-ეცნენ მგელს შეშისმჭრელები,-უფლება არ გაქვს…გეყოს, რაც დააბინძურე ზღაპარი…-თქვეს, ზურგზე მოიგდეს საწყალი, წაიყვანეს და აიძულეს მძინარე ბებია შეეთქვლიფა. მერე გარკვეული ორჭოფობის გადალახვით,  მაინც მოახერხეს და იგივე ბედს აწიეს წითელქუდა, რომელიც გამოდის, რომ წითელქუდამხოლოდ წარსულში  იყო და ფაქტიურად სახელიც კი აღარ ერქვა. ცხადიც არ ჩანდა, თუ რამდენად მართლდებოდა გოგონას შეჭმა მოქმედების განვითარების, კვანძის შეკვრის  და კონფლიქტის  მთავარი მოტივის შექმნის თვალსაზრისით. მაგრამ მგელს სხვა არჩევანი არ ჰქონდა და გადაწყვიტა, საქმე ამჯერად ბოლომდე მიეყვანა, წითელქუდას საკითხის გადაჭრის მერე, რიგრიგობით გადაყლაპა შეშისმჭრელებიც, შემდეგ ხმაურზე დასახმარებლად მოსული მონადირეც ზედ მიაყოლა თავისივე თოფით, მერე პოლიციელები, რომელთაც სახლისთვის მანქანებით ალყა შემოერტყათ, მერე ფსიქიატრიულის ექიმები და პაციენტები, მერე ყველა ადამიანი და ცხოველი, მგლებიც კი, – ბალახი, ხეები, ქვები, კლდეები.

ერთი წამით კი გაეფიქრა, რომ იქნებ სამართლიანი არაა, რომელიღაც მეზღაპრის გამო ყველაფრის გადასანსვლაო. რამდენიმე დღე ცოდვიანობის შეგრძნება ახრჩობდა, იჯდა, მთვარეს უყურებდა და მწარედ ყმუოდა. მაგრამ უკვე გვიანი იყო, რა გაეწყობოდა მერე  მთვარეც გადაყლაპა, მერე ყველა ვარსკვლავი, პლანეტა, რომელზეც იჯდა. ყველაფერი შესანსლა, რისი შესანსვლაც შესაძლებელი ან  შეუძლებელი იყო.

და როცა შესაჭმელი აღარაფერი დარჩა და მშვიდად შეეძლო, არაფერი ეჭამა და ცოდვის შეგრძნება არ ჰქონოდა – არავითარი შეგრძნება აღარ ჰქონდა.  მისი არსებობაც კი კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა, მაგრამ რადგან მის გარდა არავის შეეძლო ამის დამოწმება – წითელქუდა მგელი, ბნელ, ცივ, ტიალ კოსმოსში მარტოდმარტო დაკიდებული, წითელი ქუდი თავზე  კიდევ უფრო მჭიდროდ რომ  ჩამოეფხატა, ფიქრობდა, რა მოეხერხებინა კოსმოსური სივრცისთვის და რაც უფრო მეტს ფიქრობდა, აზრიანი არაფერი  ახსენდებოდა.

2001წ.

 

                                                    სომხურიდან თარგმნა ასია დარბინიანმა

 

 

 

 

1 2 3