აქ დავტოვოთ ჩვენი ხუმარა შეშისმჭრელები და წითელქუდა, წავიდეთ და მგელს დავეწიოთ, მაგრამ მგლის პოვნა შესაძლებელია? არავის არც სმენია, არც უნახავს, არსად არა ჩანს, თითქოს არც კი ყოფილა არასდროს.

კუნძზე მჯდარი წითელქუდა, ტანსაცმელშემოხეული, დაკუჭული ქუდით, გაწეწილი თმით, ტუჩგაკაწრული, ჩალურჯებული თვალით,  ,,წვიმის მერეო’’-  რომ არქმევენ, იმ თემატიკის ნატურას ჰგავდა,  მთვრალი, გათხლეშილი შეშისმჭრელების წრეში.  მრუში ფიფქია მოვიდა და წავიდა, დაბრუნდა თავის უშნო ჯუჯებთან, მგელი კი არსადაა.

მძინარე მზეთუნახავის ,,გასაღვიძებლად’’ სახეცვლილი, რაშზე ამხედრებული, საყვარელი უფლისწული მგელი აღარსადაა.

და როცა ბოლოს და ბოლოს ბუჩქების უკან მგლის გამოფიტული ჩრდილი გამოჩნდა, წითელქუდამ იფიქრა, ჩექმებიანი კატააო.

-გამარჯობა, წითელქუდა!-თქვა ქოშინით სუნთქვაშეკრულმა და ენაგადმოვარდნილმა მგელმა.

-გამარჯობა, მგელო!-შენელებულად, მაგრამ გულგრილად უპასუხა წითელქუდამ.

-როგორ ხარ?

-კარგად,-უპასუხა იმავე გულგრილობით და თითქოს დაიბნა,- კი მაგრამ, შენ სხვა რაღაც უნდა გეკითხა.

-სხვა რა?

-რა და, სად მივდივარ.

-კი მაგრამ, ზიხარ და არსადაც არ მიდიხარ.

-მივდივარ,-წითელქუდა ადგა და ოდნავი ჭოჭმანით რამდენიმე ნაბიჯი გადადგა.

-იქნება და  არც მაინტერესებს, სად მიდიხარ.

გაკვირვებულმა წითელქუდამ მგელს შეხედა.

-შეუძლებელია.

-რატომ?

-იმიტომ რომ ჩემი შეჭმა გინდა.

-თუ მინდა, ისედაც შეგჭამ, რაღაში მაინტერესებს, სად მიდიხარ?!

-ახლომახლო შეშისმჭრელები არიან..

მგელმა გულგრილი მზერით გადახედა მიწაზე მიყრილ-მოყრილ ლოთებს.

-და რა, ამათი მომერიდება?

-არა, მაგრამ ბებიაჩემის სახლის მისამართს თუ გაიგებ, ერთბაშად ორ ადამიანს შეახრამუნებ.

-მე კიდე არ მაინტერესებს ბებიაშენის სახლის მდებარეობა.

-შეუძლებელია.

-რატომ?

-უკვე იცი და იმიტომ.

-დამავიწყდა. მეხსიერება დავკარგე.

-მგელო, რა მოგივიდა? ასე რატომ დაგაგვიანდა?

-დავუშვათ, სმას შევყევი.

-როგორ? სამუშაო საათებში? როდესაც ვალდებული იყავი, ამ ბუჩქის უკან ჩამსაფრებოდი?

-კი მაგრამ, შენც სვამდი, არა? თანაც შეშისმჭრელებთან ერთად. სირცხვილია. ეგ როდის აქეთაა, რომ  შენთვის შეიძლება  და ჩემთვის – არა?

–  რომ არ დაგეგვიანა, მაშინ კი არ დავლევდი.  და არც… – წითელქუდამ სლუკუნი დაიწყო. –  შუა ტყეში  ჩემთვის გზა უნდა გადაგეჭრა, ასე წერილა, ეგ შენი სამუშაოა, რომლის წყალობითაც არსებობ, და უნდა ითქვას, რომ არც ისე ცუდად გაგაქვს თავი.

-სხვათა შორის, ფიფქია ათჯერ მეტს მთავაზობდა დედინაცვლის შეხრამუნებისთვის, კონკია კიდევ დების განვადებით შეჭმაზეც ყაბულს იყო,  მამის სახლის გაყიდვის მერე თანხის გაყოფას დამპირდა. საწყალი გოგო…შენ კიდევ რაზე მელაპარაკები აქ…იაფი მუშახელი მიშოვეთ და ეგაა, ჰო?

ახლა,  დავტოვოთ ჩვენი წითელქუდა და მგელი, წავიდეთ და ბებიას ვეახლოთ. ბებიამ რა? ელოდა- წიგნი ჩაიკითხა, ჩაი დალია, ტელევიზორს უყურა, დაიღალა – დაიძინა ბებერმა.

-კარგი, უთხრა წითელქუდამ,-ისედაც დაგვაგვიანდა, მოდი, ვიჩქაროთ. შენ ამ მოკლე გზით, მე კიდევ პეპლებთან თამაშით და ყვავილების კრეფით გრძელი გზიდან  მოვუვლი. დანარჩენი კი იცი.

-არაფერიც არ ვიცი. და საერთოდაც, იმის სათქმელად მოვედი…-მგელმა ხმა ჩაიწმინდა,-წითელქუდავ, იცოდე, მე- მგელი ამიერიდან უარს ვამბობ შენსა და ბებიაშენის შეხრამუნებაზე.

 

 

 

1 2 3