ერთხელ წითელქუდას ბებიასთან ღვეზელი უნდა წაეღო. სწორ, მოასფალტებულ და, რაც მთავარია, მოკლე გზას ზურგი აქცია და ტყე-ტყე  წასვლა გადაწყვიტა. პირველი შემთხვევა  კი არ იყო, არაერთხელ მოქცეულა ასე, მაგრამ ამჯერად განსაკუთრებული დღე გამოდგა – არავითარი რუხი მგელი-შიშისმგვრელი არ შეხვედრია. და თუმცა მისი მოგზაურობის მიზანი ბებიისათვის ღვეზელის მიტანა იყო და არა მგელთან შეხვედრა, რაც, წესით, უსიამოვნო სიურპრიზი,  ზედმეტი ხათაბალა და ფრიად არასასიამოვნო რამ უნდა ყოფილიყო,  მაინც ისე გაოგნდა, ისე გამოშტერდა, ისე არ იცოდა, რა ექნა, რომ უკან გამობრუნდა. და ისევ არავითარი მგელი არ შეხვედრია, მხოლოდ რამდენიმე  უხამსმზერიან შეშისმჭრელს გადაეყარა. სულ ეგ იყო.

-რა ვქნა ახლა? – საკუთარ თავს ჰკითხა წითელქუდამ და მგელს ძებნა დაუწყო ბუჩქებისა და ხეების უკან – ფიქრობდა, იქნებ ჩაეძინა, ან ვინ იცის, გული წაუვიდაო. მაგრამ ამაოდ დაშვრა. შეშისმჭრელებს უხეში და დამნაშავე გამოხედვა  შეამჩნია და  მათ მიუახლოვდა:

– უკაცრავად, აქ მგელს არ გაუვლია?..რუხს, დიდყურებას, ბასრი-ბასრი კბილებით…

შეშისმჭრელებმა ერთმანეთს შეხედეს, მხრები აიჩეჩეს, თავები გააქნიეს და დამწუხრებული ხმით, რომელშიც სიყალბე გაერიათ: – არ გვინახავსო – უპასუხეს და   დაუმორავი  კუნძების ხერხვას ისე მიუბრუნდნენ, თითქოს არაფერი მომხდარაო, თითქოს ყველაფერი რიგზე იყო, წითელქუდასაც არა უკითხავს რა და მგელიც სადაცაა ბუჩქებიდან გამოვარდებოდა.

წითელქუდას ეს ყველაფერი ძალიან საეჭვოდ მოეჩვენა. იმდენად საეჭვოდ, რომ გული აერია, თავბრუ დაეხვა და რომ არ დავარდნილიყო, მახლობელ კუნძზე ჩამოჯდა. არ უნდოდა იმის დაჯერება, რომ შეშისმჭრელებს ასეთი საშინელი რამის ჩადენა შეეძლოთ და ალბათ ეჭვების საჩქაროდ გასაქარწყებლად თავზარდაცემულმა გაუგონრად ხმამაღალი და არაამქვეყნიური ხმით დაიყვირა:

-მგე-ლ-ო-ო-ო-ო-ო-ო-ო-ო-ო…

ამ გამჭოლმა, გამწლიკვულმა, ზღაპრისთვის უჩვეულო და გაუთვალისწინებელმა ხმამ ტყე მთლიანად დაადუმა და ამ  გასაოცარ სიჩუმეში წითელქუდა ისე სასაცილოდ ატირდა, რომ შეშისმჭრელებმა ხარხარი ვერ შეიკავეს:

– დამშვიდდი,-ბოლოს სერიოზული სახით უთხრა ერთ-ერთმა მათგანმა, სავარაუდოდ, უფროსმა.

-მაგ ბოროტმოქმედის გამო ყვირი ასე?

-დაგავიწყდა უკვე, ბებიაშენი როგორ გადასანსლა?

-და მერე შენც რომ ზედ დაგაყოლა.

-მართლა და მართლა, გეყოფა-თქო… გოგო, წითელქუდა?!

-კარგი, კარგი – ისევ უფროსი ალაპარაკდა და პატარა სირჩა ტუჩებთან მიუტანა,-ეს მაცოცხლებელი წყალია, დალევისთანავე დაგავიწყდება ყველა დარდი.

-აბა…

-გაამოს.

-აჰა, ყველი და პურიც მიაყოლე.

-იცოცხლე…იცოცხლე, ყოჩაღ, პატარა წითელქუდავ, მამაცი გოგო ხარ შენ, -უთხრა და ხუმრობით ტუჩებში აკოცა.

-კეთილო წითელქუდავ, მოდი, მეც გაკოცებ, ხუმრობით…

-მეც რომ მომიშვა, ქვეყანაზე ყველაზე ბედნიერი ადამიანი გავხდები…

-მე კი ერთ ჭიქა მაცოცხლებელ წყალს კიდევ მოგაწვდი.

-შენ გაგიმარჯოს წითელქუდავ!

-სულ ასეთი გემრიელი დარჩი!

-და რუხი მგლის გარდა ცოტა ჩვენც შეგვიყვარე!

-ზოგჯერაც…

 

 

 

1 2 3