იმ ორთაგან ერთმა იაპონელმა ჭაბუკმა თბილისში ჩამოსვლისთანავე სასტუმროში (სასტუმრო ეთქმოდა, თორემ ისე რაღაც უბადრუკი ორსართულიანი შენობა იყო ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფიროსმანის ქუჩაზე) სუტინიორი გამოძებნა. ძნელი მისახვედრი არ არის – იაპონელს ქალი მოესურვა. სუტინიორმა გაუკვალავ ჯურღმულს მისცა თავი და ცოტა ხანში მეძავთან ერთად დაბრუნდა. მეძავი ტუალეტში შევიდა და ჩვეულ სამზადისს შეუდგა. ამასობაში კი სუტინიორს იაპონელისთვის შეპირებული თანხა წინასწარ უნდა გამოერთმია. იაპონელმა წინასწარი ანგარიშის გასასწორებლად, ალბათ, საფულე მოიმარჯვა და სწორედ ამ მომენტში გააძრო დანა სუტინიორმა. ცხადია, მძარცველის ეს მოქმედება იაპონელის შეშინებას და მის რამენაირ მორჩილებას იზრახავდა, მაგრამ ასე არ მოხდა. ეტყობა, იაპონელი ზედმიწევნით კარგად ფლობდა კარატეს ილეთებს, რადგან სწრაფად განაირაღა აქაური პროვინციელი სუტინიორი, რომელიც ასევე არ დანებდა და ორთაბრძოლა გაგრძელდა. ვინაიდან დეტალები არ მოგვეპოვება, უნდა მოკლედ მოვჭრათ: წართმეული დანით აღჭურვილ იაპონელს სუტინიორი შემოაკვდა. შეიძლება, ასე ითქვას, რადგან მისი მოკვლის განზრახვა თავიდანვე არ ჰქონია. ასეთი მწარე ხვედრი ხვდა წილად კაცს, რომელიც შემთხვევით მოხვდა საქართველოში და ამას ნაწყვეტ-ნაწყვეტ გვაწვდიდა საინფორმაციო სააგენტო. იაპონელი ჭაბუკი თავადვე ჩაბარდა პოლიციას.

 

* * *

ინფორმაციები მოდიოდა რედაქციაში წყვეტილად, ფრაგმენტულად, მთელი ერთი თვის მანძილზე. ჩემი წარმოსახვაც ამ პერიოდში განუწყვეტლივ მუშაობდა. ჩემს პირად ცხოვრებაში განსაკუთრებული არაფერი მომხდარა თუ იმას არ ჩავთვლით, რომ გამუდმებით ვცდილობდი, დრო მომეხელთებინა ჩანაწერების გასაკეთებლად. საერთო რვეულში ვიწერდი ყველაფერს, რაც ყოველდღიურად ხდებოდა ანდა რაც ჩემი ბედისწერის განუყოფელ ნაწილად იქცა. ზოგჯერ პირდაპირ გადამქონდა ინფორმაციები რვეულის ფურცლებზე, აი, ვთქვათ ასე: “იაპონელი ჭაბუკი წუხს, რადგან მას საკანში უცნაური მკბენარები შეესივნენ”, აქ უეჭველად ის მწერები იგულისხმებოდა, რომელთა არსებობაც ორთაჭალის ციხეში მანამდე უცნობი იყო. უცნაურია: ეგზოტიკური ქვეყნიდან მოსულ პატიმარს ასევე ეგზოტიკური მწერები დახვდნენ. სხვა ინფორმაცია გვატყობინებდა, რომ თბილისში იაპონელი ჭაბუკის მშობლები ჩამოვიდნენ. მერე კი მოაღწია (სწორედაც რომ მოაღწია, ვინაიდან ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ ეს ინფორმაციები ძლივძლივობით აღწევდა ჩემამდე) ინფორმაციამ, რომელმაც თხემით ტერფამდე შემძრა – იაპონელი მოითხოვდა ფანჯარას, ფანჯრიან საკანს, ალბათ, ისეთ ფანჯარას, რომლიდანაც მოჩანდა თავისუფალი სივრცის თუნდაც მცირე ნაწილი. ჩემი წარმოსახვა მომეტებული ძალით იწყებს მუშაობას: ჯურღმულში მოხვედრილი იაპონელი – უნებლიე მკვლელი – ეძებს ფანჯარას, რათა მზერით მაინც დააღწიოს თავი სასოწარკვეთილებას.

მე თვითონაც ფანჯარასთან ვდგავარ, რედაქციის ფანჯარასთან და ინფორმაციებს ველოდები. ეზოში სტამბის მუშები და ათასი ჯურის ხელოსნები ირევიან. მზე ჩადის და ძველი მანქანის ფიტულს ანათებს. იქვე რკინის უზარმაზარი სალტეები, გატეხილი სკამები და დაზგები ყრია, ვეება კოჭებზე სქელი ტროსებია დახვეული. ამ ეზოში საამქროები და სახელოსნოები, სტამბები და ათასნაირი სათავსოებია მოწყობილი. ეზოს მიღმა აგურის დაბალი სახლები ჩანს, ამ სახლებიდან კი ოდნავ მოციმციმე სინათლე გამოკრთის. შორიდან ძაღლების ყეფა და ადამიანების სუსტი გადაძახილი აღწევს. ამ სურათს რომ ვუყურებ, ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, თითქოს სადღაც სხვა ქალაქში ვარ. ყოველთვის სიუცხოვის გრძნობა მეუფლება და მინდა, დროზე წავიდე აქედან. მაგრამ ჯერ ადრეა. ჯერ მინდა, რაღაც ისეთი მოვიმოქმედო, რაც ოდნავ მაინც შეუმსუბუქებს ვინმეს ცხოვრებას. ღამღამობით წყვდიადის გასასვლელებში, დერეფნებში და ჩიხებში, ყველაზე მიყრუებულ ქუჩებში, ქალაქის გარეუბნებში და ყველაზე განაპირა ადგილებში, დაღლილი, დაქანცული და შუქწართმეული ადამიანები დადიან. ისინი ანთებენ ნავთქურებს და ლამპებს, აღვივებენ თავიანთ ჩამქრალ კერას, რათა მოიჩხრიკონ იმ დღიური სარჩოს ნამუსრევები, რაც დარჩენიათ. ზემოდან რომ დახედო ქალაქს, დაინახავ შუქის ნამცეცებს, მოძრავ სინათლის წერტილებს, რომლებიც სავსებით სხვადასხვა მონაკვეთში ინთება და ქრება.

 

* * *

ინფორმაციები საღამოს შვიდ საათზე შემოაქვთ. იაპონელ ჭაბუკზე – უნებლიე მკვლელზე, რომელმაც მხოლოდ ის დააშავა, რომ თავისი ღირსება დაიცვა – აქამდე არცერთი ინფორმაცია არ გამოქვეყნებულა არც “მეგაპოლისში” და არც სხვა რომელიმე გაზეთში – ჩემმა რამდენიმე ცდამ არ გაჭრა – არჯევანმა და ბუდუმ თავიდანვე ტაბუ დაადეს ამ თემას. აქ ყველაზე უფრო ტრივიალურმა რეაქციამ იჩინა თავი: იაპონელი ქვეყანაში შემოჭრილ უცხო სხეულად მიიჩნიეს. “მეგაპოლისში” იაპონური თემა იმთავითვე უგულებელყვეს. სხვა მიზეზებთან ერთად ისიც იყო, რომ წინა პლანზე კორუფციის თემამ წამოიწია. ოპოზიციური ძალები ქვეყნის პრეზიდენტს სინათლის გაყიდვას სწამებდნენ. ე.ი. ჩემი ღამეული მოგზაურობები ქალაქის სხვადასხვა უბანში (ხან სად ამოვყოფდი თავს და ხან – სად), წყვდიადთან შეჯახება, ზოგჯერ ანთებული უმწეო ასანთის ღერით ხეტება და ზოგჯერ გზასაცდენილი მრავალსაათიანი სიარული სწორედ გაყიდული სინათლის ხარჯზე ხდებოდა.

ცხადია, იაპონელ ჭაბუკს იმიტომაც ვუჭერდი მხარს, რომ ორაზროვნად ისიც გაყიდული სინათლის ანუ წყვდიადის მსხვერპლად იქცა. ასე რომ, ჩემთვის ეს ორი თემა არამცთუ გათიშული არ იყო ერთმანეთისგან, ერთმანეთს ერწყმოდა. წყვდიადი, როგორც უკვე ვთქვი, თავისებური ეროტიზმით იყო გაზავებული. ბუდუ სწორედ იმ საათებში იკარგებოდა, როცა სინათლე გაითიშებოდა, არჯევანი კი მთელი ღამით რჩებოდა თავის კაბინეტში კალმახელიძესთან ერთად. ღამის საათებში კი, ყველამ იცოდა, სინათლე გათიშული იყო. გაყიდული სინათლე – მოპარულ ეროტიზმთან ასოცირდებოდა, კორუფცია – სექსუალურ ვაკხანალიასთან.

არჯევანმა და ბუდუმ თავიდანვე ტაბუ დაადეს იაპონელი ჭაბუკის თემას, ამიტომ დღეს ჩემი ბოლო ცდაა, ინფორმაციების ბლოკს ისე ვაწყობ, რომ შუაგულში ექცევა უფანჯრო საკანი.

 

1 2 3 4 5