მე ჩემს თავს თვითონვე დავარქვი ღამის გზებზე მოსიარულე.

90-იანი წლები იყო, გაზეთ “მეგაპოლისში” რომ მოვეწყე სამუშაოდ. სინათლე ქრებოდა და რედაქციის ვეება დერეფანში სანთებლის შუქზე უნდა გაგეკვლია გზა. დერეფნის კვეთაზე, სადღაც შუაში, სასადილო ოთახი იყო დატანებული და სიბნელეში იაფფასიანი კერძების სუნი ტრიალებდა. ხელისცეცებით გავივლიდი დერეფანს და ჩემი სამუშაო ოთახის კარს ვაღებდი. იქ სანთელი ენთო და მაგიდასთან მსუქანი ლოთი სტილისტი იჯდა. ამ კაცს კარგახნით ადრე ვიცნობდი, მასთან ურთიერთობა იოლი იყო, უმეტესად უხმოდ იჯდა და მექანიკურად ასწორებდა მასალას. დროგამოშვებით მარჯვენა ხელს იატაკზე დადებულ პორტფელში ჩაყოფდა, არყის ბოთლს ამოაძვრენდა და პატარა ჭიქებში ასხამდა. ასეთ დროს ბრიყვული გამომეტყველება ჰქონდა – თითქოს ფრთხილი და თან შემპარავი, ერთდროულად ლოთური და ბავშვური, ოხუნჯობა და მასხრობდა მისი განუყრელი მდგომარეობა იყო, თითქოს ოხუნჯის ნიღაბი სამუდამოდ ჰქონდა აკრული სახეზე. კედელზე მისი სილუეტი მოძრაობდა და მიკვირდა, რომ სადღაც, ჩემთვის უცხო ოთახში ვიჯექი ღამით, და კიდევ უფრო გვიანობამდე აქ უნდა ვმჯდარიყავი.

ეს იყო ჩემი ცხოვრების ერთი გაურკვეველი და უცნაური პერიოდი, როცა მე ოცდაათი თუ ოცდათორმეტი წლის ვიყავი, როცა მთელ ქალაქში უმეტესად ბნელოდა, როცა უპატრონო, გამგელებული ძაღლები ყოველ ნაბიჯზე მედევნებოდნენ, როცა რუსული “რუბლით” იხდიდნენ ხელფასს (რა თქმა უნდა, თუ გქონდა სამსახური), როცა მუდმივად გამოდიოდა წყობიდან მეცხრე ბლოკი და მთელ ქალაქში ქრებოდა კარგახნით სინათლე, როცა მიუხედავად უსინათლობისა, ვერ ვღალატობდი ცხოვრების ჩვეულ წესს და მთელ ქალაქში დავეხეტებოდი.

გაზეთი, ჩვეულებრივ, დილით ადრე გაჰქონდათ ჯიხურებში, ამიტომ ყოველგვარი შეფერხების მიუხედავად, ღამის თორმეტ საათამდე ყველაფერი მზად უნდა ყოფილიყო. სინათლე მოდიოდა და ქრებოდა, ინთებოდა და ქრებოდა, ზოგჯერ ცოტა ხნით ენთო და დიდი ხნით ქრებოდა თვალსაწიერიდან. ემირი (ასე ერქვა ჩემს ლოთ კოლეგას) ისხამდა და სვამდა, ისხამდა და სვამდა, ზოგჯერ ზედიზედ ისხამდა და ზოგჯერ – დროგამოშვებით. ოთახში არყის მყრალი სუნი ტრიალებდა. მაგიდაზე ძეხვის ნაფცქვენები ეყარა და თაბახის აუარებელი ფურცლები ეწყო. მე ვდგებოდი ჩემი მაგიდიდან, მივდიოდი ფანჯარასთან და ვგრძნობდი, რომ ზარხოში ოდნავადაც ვერ მიქარვებდა მოწოლილ დარდს. ეს დარდი მიათკეცდებოდა, როცა ამ ფანჯრიდან ვიყურებოდი. ეზოში სტამბის მუშები და ათასი ჯურის ხელოსნები ირეოდნენ. მზე ჩადიოდა და ანათებდა ძველი მანქანის ფიტულს, რკინის უზარმაზარ სალტეებს, გადაყრილ სკამებს და დაზგებს, ვეება კოჭებს, რომლებზეც სქელი ტროსები იყო დახვეული. ამ ეზოში საამქროები და სახელოსნოები, სტამბები და ათასნაირი სათავსოები მოეწყოთ. ეზოს მიღმა აგურის დაბალი სახლები ჩანდა, ამ სახლებიდან კი ოდნავ მოციმციმე სინათლე გამოკრთოდა. შორიდან ძაღლების ყეფა და ადამიანების სუსტი გადაძახილი აღწევდა. ამ სურათს რომ ვუყურებდი, ისეთი შთაბეჭდილება მექმნებოდა, თითქოს სადღაც სხვა ქალაქში ვიყავი. ყოველთვის სიუცხოვის გრძნობა მეუფლებოდა და მინდოდა, დროზე წავსულიყავი აქედან. არადა, ჯერ ნაადრევი იყო წასვლა, საინფორმაციო ბიუროდან ინფორმაციების ახალ ბლოკს ელოდნენ და ეს მოლოდინი უსაშველოდ ჭიანურდებოდა.

რედაქციაში ხშირად ქრებოდა სინათლე და ბნელ დერეფანში თანამშრომლები დაბორიალობდნენ. ერთხელ ასეთი ბორიალისას გაზეთის მხატვარს გადავაწყდი და გამოველაპარაკე. უბრალოდ ვკითხე, როგორა ხართ, ვოვა-მეთქი და საუბარიც აეწყო. ჩემზე ბევრად უფროსი იყო, რაღაცნაირად მესიმპათიურებოდა. საშუალო ტანის, საოცრად გამხდარ კაცს თვალებში უსაშველო დარდი ჰქონდა ჩამდგარი. ხმადაბლა ლაპარაკობდა და თან სიგარეტს ეწეოდა. სიბნელეში ამ კაცს საშინელი იერი ედო, თითქოს სიკვდილმა ჩაავლო ხელი ან ცხოვრებამ მაგრად შეაჯანჯღარაო, შიშს ასხივებდა. ისიც ისევე, როგორც თანამშრომლების უმეტესობა, ნასვამი იყო. “დღეს შუქი აღარ მოვა,” – თქვა მან. “ნასვამი ხარ?” – მკითხა მე და მეც ვუპასუხე, დიახ-მეთქი. სახეზე წყრომამ თუ შიშმა გადაუარა და ეს შიში სიბნელეში გაუჩინარდა.

სინათლე ყოველთვის მოულოდნელად მოდიოდა. შუქის ანთებისთანავე სხვა ცხოვრება იწყებოდა. ყველა მენეჯერის ოთახში იყრიდა თავს. უმეტესად პოლიტიკაზე საუბრობდნენ. რუსეთის ექსტრემიზმი და მილიტარიზმი, ენერგეტიკული რესურსებით მანიპულირება, გაფიცვები და საბოტაჟები თვითონ რუსეთის პერიფერიებში, პრეზიდენტის მუქარა ატომური იარაღით… მენეჯერი ერთი გამწვლიკული ახალგაზრდა ბიჭი იყო. მისი პროვინციული სიფათი ერთდროულად ასხივებდა ცინიზმს და ზიზღს, უნდობლობას და ურცხვობას, იდიოტიზმს და სიტლანქეს. ეს ტიპიური საბჭოთა კალიბრის ავანტიურისტი კომკავშირული სოციუმის მუდმივმოძრავ ჭანჭიკს წააგავდა. იყო კიდეც მუდმივმოძრავი ჭანჭიკი. ერთ ადგილზე გაჩერებული არავის უნახავს, ხან სად გადაეყრებოდი და ხან – სად. სხვები რომ სიბნელეში აჩრდილებივით დაბორიალობდნენ, ის სწრაფი ნაბიჯით დაქროდა. მისთვის არ არსებობდა სიბნელე და სინათლე, ერთნაირი ენთუზიაზმით და ცინიზმით ირჯებოდა და მუდმივად საქმიანი იერი ჰქონდა. “ბუდუ, ერთი მომიკიდე რა,” – ვითომ მოსაკიდებლად შედიოდნენ მის ოთახში თანამშრომლები. მერე სხდებოდნენ და დიდხანს საუბრობდნენ მასთან. ეს რაღაც უთქმელი რიტუალი იყო. ყველა ერთად იყრიდა თავს ამ “შინსახკომელის” კაბინეტში და თავის ხარკს იხდიდა. საზიზღარი, აუტანელი სერვილიზმი თითქოს შიშით იყო გამოწვეული.

ეს ჩემი ცხოვრების ერთი გაურკვეველი თუ გარკვეული, შემზარავი და ინდიფერენტული, ბნელი და გულისამრევი იდუმალებით მოცული პერიოდი იყო. მე მოხვედრილი ვიყავი ჯოჯოხეთის რომელიღაც გარსში, ის ჭაობივით მითრევდა და მიწოვდა, თითქოს არავინ და არაფერი მეხებოდა, მაგრამ რაღაც მძიმედ და დამთრგუნველად მსრესდა და მტანჯავდა.

ყველაზე საოცარი ის იყო, რომ სამყარო ჩემთვის ორად გაიყო: რედაქციად და რედაქციის გარეთ არსებულ სივრცედ. რედაქციის მეექვსე სართულზე ასვლისთანავე ბლანტ, ბინდბუნდით გაჯერებულ ატმოსფეროში ისე შევდიოდი, როგორც გველგესლებით სავსე აქვარიუმში. მხოლოდ რვაფეხა, წყალმცენარესავით მოძრავი არსებები არსად ჩანდნენ, თითქოს არც არსებობდნენ, თავ-თავიანთ კუთხე-კუნჭულში იყვნენ მიყუჟულები. ისინი ისე გაქცევდნენ უგრძესი საცეცების გარემოცვაში, რომ უშუალოდ არცკი გეხებოდნენ. თვითონ ეს მელნისფერი, ბლანტი სივრცე მიწოვდა და მწამლავდა. ის ბიუროკრატიული ხსნარივით იყო, რომელიც ჩემს ტვინთან, გულთან, ღვიძლთან, ყველაფერთან შედიოდა რეაქციაში. ამ დერეფანში სხვა ადამიანი ვხდებოდი. ეს იყო საპყრობილე, რომელშიც ხუთიდან თორმეტ საათამდე ვეყუდე, როგორც ძალადობის მსხვერპლი. მოძალადე იყო მენეჯერი, მოძალადე იყო მთავარი რედაქტორი, მყრალი არაყი, რომელიც ნახევარლიტრიანი ბოთლით ორმანეთიან ძეხვთან ერთად მოურიდებლად იდო მაგიდაზე. ძალადობას ასხივებდა სასოწარმკვეთი ხედი ფანჯრიდან, ძრავების გუგუნი, უსინათლობის ჟამს გარედან რომ აღწევდა, დერეფანში ჩამოწოლილი წყვდიადი, მთავარი რედაქტორის უზარმაზარი, გასლექილი კაბინეტი, სადაც ძვირფასი სავარძლები იდგა და იატაკზე ძვირადღირებული ხალიჩა იყო გაფენილი.

 

1 2 3 4 5