მე დერეფანში ვდგავარ და ველოდები საბოლოო განაჩენს, საბოლოო აზრს იმის შესახებ, დაიბეჭდება თუ არა ინფორმაცია. ველოდები და ისევ იმას ვფიქრობ, რომ ეს სულისშემხუთველი რეალობა უფანჯროა, მაგრამ რა შეიძლება, გამოჩნდეს ფანჯარაში? ორთაჭალის ციხის ფანჯრიდან, ალბათ, ისეთივე სურათი ჩანს, როგორიც სხვა შენობებიდან, მათ შორის ჩემი სამსახურის ფანჯრიდანაც, ეს არის უბადრუკი ხედი, ინდუსტრიული ნამუსრევი, ადამიანთა ანასხლეტები. მაგრამ ფანჯარა მაინც ფანჯარაა, ის სივრცეშია გაჭრილი და ამიტომ მის შიგნით ცის დიდი ნაჭერია მოქცეული. ღამითაც კი, როცა სინათლე ჩამქრალია, ბნელი წიაღიდან მაინც აღწევს წყვდიადის სუნთქვა ან ვარსკვლავების ციმციმი, ზოგჯერ კი სინათლის მოძრავი წერტილები ექცევა მხედველობის არეში.
* * *
ემირი მთვრალია და თავჩაქინდრულს სძინავს. მატყობინებენ, რომ არჯევანი მიხმობს და მეც შევდივარ მთავარი რედაქტორის კაბინეტში. არჯევანი და ბუდუ რაღაცაზე თათბირობენ, მათ ისეთი საქმიანი სახეები აქვთ, რომ ნებისმიერი შემსწრე ამ გარემოცვაში ზედმეტად იგრძნობს თავს. უბრალოდ, მე წინასწარვე ვიცი, რომ მათი საუბრის თემა მათთვისვე გაურკვეველი სისულელეა, რაღაც სისულელეზე საუბრობენ და უკიდურესად სერიოზული გამომეტყველება აქვთ. ეს არაერთგზის გამოყენებული ხერხია, რომელიც უკვე ჩვევად ექცათ. ეს ხერხი გათვლილია მათ გარემოცვაში მოხვედრილ მესამე ადამიანზე. ამ ადამიანმა არამხოლოდ ზედმეტად უნდა იგრძნოს თავი, არამედ დათრგუნულადაც. მე ველოდები, როდის მომაქცევენ ყურადღებას, მაგრამ ეს ლოდინი ჩვეულზე უფრო დიდხანს ჭიანურდება. უკვე ეჭვიც კი მეპარება, საერთოდ შემამჩნიეს თუ არა, როგორ შევედი კაბინეტში. ამიტომაც ვდგები და პროტესტის ნიშნად განათებული კაბინეტის ფანჯრიდან ქვემოთ, ქუჩაში ვიყურები. იქ წვიმს და ნაგვიანევი მგზავრები შინისაკენ მიიჩქარიან. გუბეებში სინათლეები ირეკლება. მთელი არსებით ვგრძნობ, რომ მინდა, წვიმაში ვიდგე, რომელიმე ხის ქვეშ და არაფერზე არ ვფიქრობდე. მერე კი ვბრუნდები და ვხედავ არჯევანის და ბუდუს გარინდულ, ჩემსკენ მოპყრობილ, ოდნავ ცინიკურ სახეებს.
არჯევანი გარინდულია, ბიუსტივით ცივი სახით შემომყურებს. მას სახეზე არაფერი აწერია ერთი რამის გარდა, ის თითქოს მეუბნება, რომ მისი საჩემოდ განკუთვნილი დრო ამოიწურა. მის სათქმელს ბუდუ ამბობს. ბუდუ მოკლედ და უკმეხად მიხსნის, რომ ამა თუ იმ ინფორმაციული მასალის გამოქვეყნება-არგამოქვეყნება მე არაფრით მეხება. ამ რედაქციაში ყველაფერს მთავარი რედაქტორი წყვეტს. მოულოდნელად საუბარში ერთვება არჯევანი და ამბობს, რომ გაზეთ “მეგაპოლისის” მესვეურებმა ის მაინც დაიმსახურეს, რომ რაღაც მათაც ვკითხოთ. ამის შემდეგ უხერხული პაუზაა, მერე ისევ ბუდუ განაგრძობს: ვიდრე სასამართლო არ განიკითხავს იაპონელი ჭაბუკის საქმეს, მანამდე ინფორმაციების გამოქვეყნებას აზრი არა აქვს. თანაც ნებსითი თუ უნებლიე, მკვლელობა, მაინც მკვლელობაა, უცხო და უცნობი კაცის ჩადენილი მკვლელობა…
მე უკვე ბოღმა მებჯინება ყელში, თითქმის ვყვირი და თვითონვე მესმის ჩემი ხმა:
– იაპონელი მოითხოვს ფანჯარას, მეტს არაფერს, ფანჯარას. ის ზის უფანჯრო საკანში. ეს ყველამ ძალიან კარგად იცის… ის სრულ ინფორმაციულ ვაკუუმშია და მასთან, ალბათ, არავინ მისულა მისივე მშობლების და გამომძიებლის გარდა… და ასე იქნება ბოლომდე, ვიდრე რომელიმე გაზეთი არ გარისკავს თუნდაც ერთი სიტყვის დაბეჭდვას ამ ადამიანზე… მთავარია ფანჯარა, სულ მცირე გარღვევა ჩაკეტილი წრისა, სულ ერთიბეწო სარკმელი… საინფორმაციო ბიუროდან გაშვებული ინფორმაციები უკვალოდ ქრება ქვეყანაში, სადაც სინათლეს უმალავენ ადამიანებს…
რედაქტორი და მენეჯერი მაგრძნობინებენ, რომ უკვე აშკარად ზედმეტი მომდის. ისინი უკვე აღარც მისმენენ და თავიანთ ვიწრო თათბირს განაგრძობენ. ვხვდები, არაფერს აზრი აღარა აქვს. ძლიერი სურვილი მიპყრობს – წავიდე და უკან აღარასოდეს დავბრუნდე. სწრაფი ნაბიჯით გამოვდივარ კაბინეტიდან, ოთახში შეუსვლელად ვტოვებ დერეფანს და ვეშვები კიბეზე. უკვე გარეთ გამოსული მივემართები მეტროსკენ, ჩემი გასავლელი გზა უნდა გავიარო. წვიმს და არანორმალურად მსიამოვნებს წვიმაში სიარული. მეტროში შესული ნელა ვეშვები ესკალატორზე. მეჩვენება, რომ ირგვლივ არ არის. ალბათ, მთლიანად ჩემს თავში ვარ წასული. ვაგონში კართან ვდგავარ და ვერცკი ვამჩნევ ადამიანებს. დიდუბეში ფეხით განვაგრძობ გზას და, ჩემდა გასაკვირად, ვხედავ, რომ ირგვლივ სრული სიცარიელეა. გვიან არის, მოვაჭრეებიც გაკრეფილან და მათხოვრებიც. უკვე იმ ჯიხურს უნდა ჩავუარო, რომლის გვერდითაც პირალესილი მაწანწალა ძაღლები ბინადრობენ. წვიმს და აქაც არავინ არის, რაც ჩემთვის კიდევ უფრო გასაკვირია. ყველგან სიბნელეა, ბენზინგასამართი სადგური კი განათებულია, მაგრამ აქაც არავინ ჩანს. სიცარიელეა და ვგრძნობ ქალაქის მეორე ბოლოში, სადღაც, ორთაჭალის ციხის რომელიღაც საკანში ზის იაპონელი ჭაბუკი, რომელიც ოთხკედელშია მომწყვდეული. მეც ოთხი კედელივით მარტყია ირგვლივ წყვდიადი და ვცდილობ მის გარღვევას. ხიდზე ვჩერდები და მტკვარს გადავყურებ, მტკვარი არაფერს ირეკლავს, ის ცივია, მღვრიე და სწრაფადმიმქროლი. ჩქარა სახლში ვიქნები, ჩემს სასთუმალთან ჩამოვჯდები და გავიძრობ დამძიმებულ ტლანქ ბათინკებს, მტკვრის შავი წყალი კი განაგრძობს დენას. და ამ ვეება უდაბურებაში ჩემს შემდეგ კიდევ ვიღაც გადაივლის ხიდს, არ ვიცი, ვინ იქნება ის, ჯერჯერობით სიახლოვესაც კი არ მოჩანს. კიდევ ერთხელ ავხედავ თაღს და ვფიქრობ, რომ უვარსკვლავო ღამეა, წვიმა კი ცრის და შვებას მანიჭებს. პირჯვარს ვიწერ და გზას განვაგრძობ, მალე ბნელ კორპუსებს შევერევი, მალე შინ ვიქნები…
