ახლა ხიდისკენ მივემართებით, ბენზინგასამართი განათებული სადგურიც გავიარე და უკვე ხიდზე შევდექი. დიღომში გადავდივარ. შუა ხიდზე ვჩერდები, ვიხანგრძლივებ უკვე თითქმის სამშვიდობოს გასული შინდაბრუნების ტვირთს და სიამოვნებას, ჯერ მტკვარში ვიყურები და ვხედავ შავ ზვირთებს, მერე ცის თაღს ავხედავ და გაკვირვებული ვამჩნევ, რომ ვარსკვლავებით არის მოჭედილი. არ შეიძლება რომ ეს ვარსკვლავები მტკვრის ტალღებში აირეკლოს? რა თქმა უნდა, შეიძლება, მაგრამ მტკვარი არაფერს ირეკლავს, ის ცივია და მღვრიე, ბნელი და სწრაფადმდინარი. მე ჩქარა სახლში ვიქნები, ჩემს თბილ სასთუმალთან ჩამოვჯდები და გავიძრობ დამძიმებულ ტლანქ ბათინკებს, მტკვრის შავი წყალი კი განაგრძობს დენას. და ამ ვეება უდაბურებაში ჩემს შემდეგ კიდევ ვიღაც გადაივლის ხიდს, არ ვიცი, ვინ იქნება ის, ჯერჯერობით სიახლოვესაც კი არ მოჩანს. კიდევ ერთხელ ავხედავ თაღს და ვფიქრობ, რომ ეს ვარსკვლავები სავსებით უადგილოა, მაგრამ მაინც კარგია, რომ არის, რომ არსებობს. პირჯვარს ვიწერ და გზას განვაგრძობ, მალე ბნელ კორპუსებს შევერევი…
მალე შინ ვიქნები…

 

* * *

ეს იყო ჩემი ცხოვრების ერთი გაურკვეველი და უცნაური პერიოდი, როცა მე ოცდაათი თუ ოცდათორმეტი წლის ვიყავი, როცა მთელ ქალაქში უმეტესად ბნელოდა, როცა უპატრონო, გამგელებული ძაღლები ყოველ ნაბიჯზე მედევნებოდნენ, როცა რუსული “რუბლით” იხდიდნენ ხელფასს (რა თქმა უნდა, თუ გქონდა სამსახური), როცა მუდმივად გამოდიოდა წყობიდან მეცხრე ბლოკი და მთელ ქალაქში ქრებოდა კარგახნით სინათლე… ხუთი საათისთვის მივდივარ “მეგაპოლისის” რედაქციაში. ვაღებ კარს და შევდივარ ჩემს ორადგილიან ოთახში, ემირი ზის და თვალებს აქეთ-იქით აცეცებს, ეტყობა, დღეს წვეთი არ დაულევია, სახე მონჯღრევია. მის არსებაში დიდი სიცარიელე შეივსება. გაიხსნება მისი პორტფელი, სადაც იაფფასიანი არაყი, ძეხვეული და შავი პური ძევს და წვეთ-წვეთობით განათდება მისი არსებაში ჩამოწოლილი წყვდიადი. ამაზე მე ვფიქრობ, მაგრამ, ვატყობ, ამასვე ფიქრობს ემირიც, მხოლოდ ეს ფიქრი მისი არსების იმ პლასტშია განფენილი, რომელიც მიძინებულია. ის ხსნის მარჯვენა ხელით ძირს დადებულ თუ მიმალულ პორტფელს (რომლითაც ამაყად დადის ხოლმე დერეფანში), იღებს მრავალმნიშვნელოვან გამომეტყველებას და მყრალ სითხეს ასხამს ორ სირჩაში. ინფორმაციები აგვიანებს. ემირი მეუბნება, რომ წუხელ გვიან, როცა ჩვენ შინ წავედით, რედაქციაში ელექტრიკოსი გამოიძახეს. დერეფნის კედლებში ჩამონტაჟებული რამდენიმე ელექტროკვანძის კოლოფი იყო შესაკეთებელი. რომელიღაც კოლოფის შეკეთებისას ელექტრიკოსს დენმა დაარტყა და კიბიდან ჩამოვარდა. ძირს უგონოდ დაგდებული სასწრაფოთი გააქანეს “მიხაილოვში”. ვეღარ უშველეს, გზაში დალია სული. “აცხონოს ღმერთმა” – ამბობს ემირი და სვამს. მეც ვსვამ და სასმელს ძეხვის ნაჭერს ვაყოლებ. ჩემს წარმოდგენაში რედაქციის დერეფანი და სხვა სართულების დერეფნებიც უფრო და უფრო ავისმომასწავლებელ იერს იძენენ. მიუხედავად იმისა, რომ სულ რაღაც ერთი ჭიქა დალია, ემირის უკვე არყით გაბრუჟებული კაცის სახე აქვს. ის ქადაგად ეცემა და ამბობს, რომ ბუდუს საყვარელია სასაუზმის გამყიდველი კლარა და ისინი სამსახურის საათებში დერეფნის გაუქმებულ ოთახში იკეტებიან. ემირი ამბობს, რომ მთავარი რედაქტორი, არჯევანი და ლუიზა კალმახელიძე ზოგჯერ გათენებამდე რჩებიან რედაქციაში და ეს თითქმის ყველამ იცის. ემირი ვეღარ ჩერდება, პირზე დუჟი ერევა, აგინებს ბუდუს, ბისმარკას, კალმახელიძეს, ქურბედიას, მოლარე ლეილას, რომელმაც 20 რუბლი დააკლო, აგინებს თავის ბიჭებს, რომლებიც სახლში თურმე გათენებისას ბრუნდებიან, ლანძღავს თავის ცოლს და უბედურ დედას, გარდაცვლილ მამას და ყველას საერთოდ, ვისთანაც ურთიერთობა ჰქონია. ეს ალკოჰოლიკის უმისამართო აგრესიაა, რომელიც იმით მთავრდება, რომ მე მსაყვედურობს დაბნეულობას, უხერხულობას და უხეირობას, მაგრამ მოულოდნელად რეალობის გრძნობა უბრუნდება და ჩემდამი ასევე უაზრო კეთილგანწყობას ამჟღავნებს. ის ამბობს, რომ ჩვენ უნდა ვიმეგობროთ, უნდა შევანაცვლოთ მასალები და არყოფნის დროს ერთმანეთის საქმე ვაკეთოთ. ის ამბობს, რომ მყრალი არაყი ჩემთვისაც ხელმისაწვდომია, იაფია და მხოლოდ თვითონ არ უნდა ეზიდებოდეს რედაქციაში… ამასობაში ბუდუ შემოდის და შემოაქვს ინფორმაციები.

– ზდაროვა, ბუდუ, მოვიდა ინფორმაციები? – ერთდროულად თითქოსდა ფამილიარულად და შიშნარევი დაბალი ხმით მიმართავს ემირი ბუდუს. ბუდუ ზედ არ გვიყურებს, მერე მაგიდაზე ქაღალდებს ყრის და აგდებული ტონით ამბობს:

– თქვენ რა, არ იცით, რომ გუშინ აქ კაცი მოკვდა, რა დღეში ხართ? – ამ სიტყვებსაც ქაღალდებივით მოგვიგდებს და უკანმოუხედავად გადის.

მე ვეძებ იმ ინფორმაციას, რომელმაც ქარივით შემრისხა და შემაქანა. ღამეებში მოსიარულე, აკვედუკების გადამსერავი, მაღაზიების სანთლებით განათებული და ძრავების გუგუნით დაზაფრული, მეტროს ვაგონში შეხიზნული და შინისაკენ მიმსწრაფი, მაწანწალების და ლოთების თანამოსაგრე, მე ვეძებ იმ ინფორმაციას, რომელმაც ქარივით შემრისხა, შემძრა და შემაქანა. ამ ინფორმაციამ მართლაც რომ გამოჟონა, ისე როგორც მელანი ჟონავს საშრობში. ინფორმაცია მცირე ხნით გამოჩნდა და უცბადვე გაქრა. მე ეჭვი მაქვს, რომ გააქრეს, ვინაიდან ვიღაცამ მიიჩნია და, ალბათ, სადღაც გამოთქვა კიდეც აზრი ამ ფაქტის არასასურველობის გამო. უბრალოდ, არ უნდოდათ, რომ ეს ფაქტი გაზეთში დაბეჭდილიყო. არადა, რეალობას ვერსად გაექცევი – ყოველივე ეს ნამდვილად მოხდა.

ცნობათა ბიუროდან ძუნწად მოწვდილი ამ ინფორმაციის შინაარსი ასეთია: ორმა იაპონელმა მეგობარმა ხანგრძლივი მოგზაურობა გადაწყვიტა. ჯერ შტატებში ჩაფრინდნენ, იქ წინასწარ შერჩეული ადგილები მოათვალიერეს, დიდ ქალაქებში ხეტიალობდნენ – ჩიკაგოში, სენტ-ლუისში, ვაშინგტონში, მერე ევროპაში გადაინაცვლეს – პარიზი, ვენა, ვარშავა. ბოლოს თურქეთის გზით საქართველოში შემოაღწიეს. საინფორმაციო ბიურო ფრაგმენტულად გვატყობინებდა ამ ამბავს. უშველებელი საინფორმაციო რეზერვუარიდან წვეთ-წვეთობით ჟონავდა ცალკეული ხდომილებები, სიტუაციები, მოვლენათა შუქ-ჩრდილები. ორი იაპონელი ჭაბუკის თბილისის ვაგზალში ჩამოსვლისთანავე (ისინი თურქეთიდან ბათუმში ჩავიდნენ და მერე თბილისამდე მატარებლით იმგზავრეს) სისხლიანი დრამა გათამაშდა, რაც პირველ ხანებში საინფორმაციო საშუალებების გზით მიეწოდებოდა მედიას (თუმცა ეს ინფორმაცია არსად არ დაბეჭდილა), მერე კი, როგორც უკვე ვთქვით, შეწყდა და უკვალოდ გაქრა.

რკინიგზის ვაგზალზე ჩამოსული იაპონელი მეგობრები სასტუმრო “ფიროსმანში” დაბინავდნენ. “ფიროსმანი” უბრალო სასტუმრო იყო, ალბათ, იქაც, როგორც მთელ ქალაქში წყვდიადი ისადგურებდა და ერთად შეხიზნული უცხოელი მობინადრეები შუქის მოსვლას ელოდნენ. ძნელია, ახლა იმარჩიელო, რა უნდოდა სვეგამწარებულ და ჩაბნელებულ საქართველოში თავისუფალ და განათებულ სამყაროში მოგზაურ ორ იაპონელ ჭაბუკს. მე მგონი, ისინი ისე მოხვდნენ აქ, როგორც მდინარეში მოცურავე თევზი ხვდება ფაცერში. იქნებ, ამ ექსისტენციურმა სიცარიელემ მიიზიდა ისინი, თავის წიაღში ჩააბრუნა და ხანმოკლე ბედუკუღმართობას გაუყენა. ფაქტია, რომ იაპონელები მოგზაურობდნენ და ალბათ დროს ატარებდნენ, იქნებ, დროსტარების უდარდელმა სურვილმა თუ ჟინმა უბიძგა კიდეც მათ სამოგზაუროდ, და მით უმეტეს საკვირველია – რატომ ჩაუშვეს ღუზა შუქჩამქრალ ქვეყანაში?

 

1 2 3 4 5