ხუთ საათზე რედაქციაში მისული ინფორმაციებს ველოდი. ინფორმაციები ყოველთვის აგვიანებდა, მერე კი ნაწყვეტ-ნაწყვეტ, ფრაგმენტულად მოდიოდა, ჯერ რაღაც ნაწილი, მერე უფრო მოზრდილი ნაწილი, მერე სხვადასხვა ქრონიკა, ვერსიები და ვარიანტები და ა.შ. ამ აუარება ფურცლებიდან უნდა ასხმულიყო ერთი სრული საინფორმაციო ბლოკი, რომელშიც დღის მანძილზე მომხდარი მოვლენები იქნებოდა თავმოყრილი და დალექილი. ბლოკის მომზადების შემდეგ შევდიოდი მენეჯერთან, რომელიც ამთქნარებდა ან ვიღაცას ტელეფონზე ესაუბრებოდა თუ უყვიროდა, ის ზერელედ და დამცინავად გადაავლებდა თვალს მასალას, ტუჩის კუთხეში ჩაწოლილ ირიბ ღიმილს ზედ ჭიქა “ნაბეღლავს” მიაყოლებდა და მასალას სასხვათაშორისოდ, უდიერად, უაზროდ მაწვდიდა უკან, რაც იმას ნიშნავდა, შეგიძლია, შემდეგი ეტაპი გაიაროო. შემდეგი ეტაპი კი მთავარ რედაქტორთან შესვლა იყო. მთავარი რედაქტორი სხვა საქმეებს აგვარებდა, ამიტომ უსასრულოდ, ზოგჯერ თორმეტ საათამდე უნდა გეცადა. მისთვის სულერთი იყო, შინ ფეხით წახვიდოდი თუ მეტროს ბოლო ვაგონს აედევნებოდი, ამიტომ დროის ამ ინტერვალში მე ემირისთან ერთად ან არყის სირჩა მეჭირა ხელში ან დერეფანში დავბორიალობდი.

დერეფანში უაზრო ხეტიალისას კედელში ჩამონტაჟებულ ელექტროკვანძების სიმღერას ვუსმენდი. ეს იყო სიმღერა წარსულზე. ჩემი წარსული მაგონდებოდა, მაგონდებოდა მთელი ჩემი ცხოვრება, ბავშვობა და ცხოვრების სხვა მონაკვეთები. და ეს ხდებოდა არა მხოლოდ მაშინ, როცა ელექტროკვანძების ზუზუნს ვუსმენდი, არამედ მაშინაც, როცა სამსახურიდან საბოლოოდ თავდაღწეული მაღაზიის ვიტრინებში ჩამქრალი შუქის ნაცვლად სანთლების მოციმციმე ანარეკლებს ვხედავდი ან ნაწვიმარზე წუმპეებში მოცახცახე ათინათებს.

ქუჩებში ბნელოდა და რედაქციიდან გამოსული მივდიოდი ნელი ნაბიჯით. ჯოჯოხეთის გარსიდან ხანმოკლე თავდაღწევის შემდეგ შვება მეუფლებოდა. ის კი არა, სასიამოვნო მოლოდინიც ამიტანდა ხოლმე, განსაკუთრებით მაშინ, როცა კუთვნილი ჯამაგირი – 100 “რუბლი” მიმქონდა შინ. ასეთ დროს რედაქციის გადაღმა მდებარე მაღაზიას მივაშურებდი. სანთლების მოციმციმე ნათელს ქუჩაში მოსიარულე მანქანების ფარების შუქი ერწყმოდა და ნაწვიმარი ქვაფენილი და მაღაზიის ვიტრინები მოძრავი ანარეკლებით იყო განათებული.

მე შევდიოდი მაღაზიაში, სადაც აჩრდილებივით დააბიჯებდნენ ადამიანები, მათი სილუეტებით სავსე იყო ინტერიერი და ყველგან ძეხვეულის მადისაღმძვრელი სუნი ტრიალებდა. ვყიდულობდი ერთ ცალ შებოლილ თევზს და გერმანული ლუდის პატარა, გაბერილ ბოთლს. ამის შემდეგ სწრაფად ვტოვებდი მაღაზიას, სანთლებით განათებულ მიწისქვეშეთში გავივლიდი და მეორე მხარეს ამოსული მეტროსკენ ვეშვებოდი. მეტროსკენ მიმავალ გზაზე ერთხელ უცნაურ სურათს გადავაწყდი: ძელსკამზე ჩამომჯდარ გოგონას წყვდიადი ეხვეოდა და თავისკენ იზიდავდა. ქალის ეროტიულმა პოზამ გამაკვირვა, ვინაიდან წყვდიადთან ეროტიული კავშირი ძნელად წარმოსადგენი მეჩვენა. როცა მივუახლოვდი, შევჩერდი და შევნიშნე, რომ ეს წყვდიადი კი არა, ზანგი ჭაბუკის წყვიადში გათქვეფილი სხეული იყო. ტანსაცმელიც მუქი ეცვა, ამიტომ მისი გარჩევა ღამეში, ბუნებრივია, გამიჭირდა. რაღაც იყო მართლაც ამ სიბნელეში ეროტიული თუ თავისთავად უკუნი უბიძგებდა ადამიანებს ეროტიზმისკენ… მახსოვს, რედაქციის დერეფნებში ხეტიალისას უცნაური ხმები შემომესმა, თუმცა იმწამსვე მივხვდი, ამ ხმას ვიღაც არცთუ ისე შორეული ნაცნობი გამოსცემდა. ხმა აშკარად მეცნო. დერეფნის ბოლოს იმ ოთახის კარს მივუახლოვდი, რომელიც, ფაქტობრივად, გაუქმებული იყო. ამ კუთხე-კუნჭულში თანამშრომლებს არ უხდებოდათ შეღწევა, ამიტომაც თავიდანვე მეუცხოვა იქიდან გამოღწეული ჩქამი. ეს იყო ქალის რიტმული ხმადაბალი გმინვა, რომელიც სულ ოდნავ გაისმოდა. ეს ოთახი საწყობს წარმოადგენდა და გაძეძგილი იყო გადაყრილი ავეჯით და უვარგისი ნივთებით… შთაბეჭდილება იმპულსურად აღიძრა ჩემში და რატომღაც წარმოვიდგინე, რომ მივარდნილ ოთახში ვიღაც ყველასაგან მიტოვებულმა უსახლკარომ დაიბინადრა და ახლა სულს ღაფავდა. მივედი კართან, სახელურს მძლავრად ჩავავლე ხელი, ჩამოვწიე და ვუბიძგე კარს. რამდენიმე ბიძგის შემდეგ კარი გაიღო და იმწამსვე ჩაბნელებულ ოთახს დერეფნის უბადრუკი სინათლე დაეცა. ოთახი ოდნავ განათდა და ჩემს წინ გამოჩნდა ოთახის კიდეში მიდგმულ დივანზე გადამხობილი ბუდუ, რომლის ქვეშ სასადილოს დიასახლისი კლარა იწვა. კლარას იქვე მიბჯენილ მრგვალ მასიურ მაგიდაზე შემოედო ცალი ფეხი, ფართო ტერფი ჰქონდა და ვეება, მოშიშვლებული ბარძაყი უჩანდა. ბუდუს თავი ჩემსკენ მოებრუნებინა, სახეზე ბოღმა და შიში ეტყობოდა, კლარამაც თავი წამოწია და მე რომ დამინახა, ისევ უკან ჩაემხო, ბუდუმ რაღაც მომაძახა და მეც კარი მაშინვე გამოვხურე…

მეტროდან დიდუბეში ამოვდივარ და აქედან ფეხით მივდივარ დიღმის მასივისკენ. ეს ჩემი მუდმივი გზაა, ჩემი გოლგოთაა, ჩემი სიზიფეს ლოდია. ხიდამდე ბენზინგასამართი სადგურია, განათებული და განტვირთული წყვდიადისაგან. იქ სადგურის შებრუნებულ სკამზე კაცი ზის და იმის დანახვაზე ყოველთვის სიმშვიდე მეუფლება ხოლმე. ვგრძნობ, რომ იქამდე თუ მივაღწიე, სამშვიდობოს ვარ გასული, თუმცა იქიდან ისევ წყვდიადი იწყება, ჯერ ხიდი უნდა გადაიარო, მერე სარკოფაგებივით მდგარ მაღალსართულიან სახლებს უნდა შეერიო და ბნელი ქუჩით საკუთარ სახლამდე მიხვიდე.

მეტროდან რომ გამოდიხარ, ჯიხურებს შორის გაძვრები და ბენზინგასამართი სადგურისკენ მიემართები. აქ ათასნაირი საქონლით ვაჭრობენ – სასმელი, ბანანები, პური, კარტოფილი, ხმელი ხილი, კონსერვები – ყველაფერი ერთ ვრცელ მონაკვეთზე მთებად არის ახორხლილი, მაგრამ ამ ტერიტორიას რომ გასცდები, უკაცრიელი და ბინძური მონაკვეთი იწყება: პლასტმასის ბოთლები ყრია, ვიღაც მთვრალი ბოგანო აგდია პირაღმა, სავსე მთვარე უნათებს სახეს და მკაფიოდ ჩანს მისი წვერმოშვებული სიფათი. ბაზრობა თითქმის უკვე გაკრეფილია, ვაჭრები სანთლებს აქრობენ და ჩუმად მიეშურებიან შინისკენ.
მე ვუახლოვდები იმ ადგილს, სადაც გაალმასებული ძაღლები მუდმივად გადმოდიან შეტევაზე. არც დამითვლია რამდენი ძაღლია, ვიცი, რომ ხროვაა, რომელიც წრეში მოქცევას მიპირებს. ვერაფრით გამიგია, რატომ არიან მაინდამაინც ჩემს მიმართ ყოველღამე ასეთი აღრენილები, ყველა ერთად მოიწევს, მე ვიგერიებ და ვცდილობ, ამ ტერიტორიას სწრაფად გავცდე, სწრაფად გავიარო აგრესიის ეს ზონა, სადაც უშუალოდ თავს მესხმიან, ეს გაგრძელებაა მძიმე დღის, როცა შენს არსებაში შემონახული ძალების მოკრება გიხდება, რათა სამშვიდობოს გააღწიო… ასევე მომიხდა რამდენჯერმე უკანასკნელი ძალების მოკრება, როცა რაღაც შეფერხება მოხდა და სხვა მგზავრებთან ერთად სადგურ ელექტროდეპოში მომიწია ჩამოსვლა. აქ რკინიგზის სადგურის კვანძი უნდა გადაგევლო და ისე გასულიყავი დიდუბის ტრასაზე. მთავარი სწორედ ეს იყო – მეტროს მგზავრები რკინიგზის მატარებლების რელსებზე აღმოვჩნდით, სიბნელეში უნდა გადაგველახა ჩახლართული რელსების მთელი გაუღწეველი ლაბირინთი. გზას ხელისცეცებით მივიკვლევდით, თან ერთმანეთს ვებღაუჭებოდით, გვეშინოდა, დეპოში შემოვარდნილი მატარებელი არ დაგვჯახებოდა. რამდენჯერმე მატარებელი მართლა შემოვარდა, ჯერ შორიდან გაისმა ხმა, მერე შემზარავმა სირენებმა წაიღეს ყურთასმენა, მერე კი ფარების დამაბრმავებელმა სინათლემ გაფხრიწა წყვდიადი. მხოლოდ ბოლო მომენტში ვიგებდით, საიდან მოდიოდა მატარებელი და რომელ ლიანდაგზე აპირებდა შემოვარდნას. დროის რომელიღაც განასერში ნერვებმა მიმტყუნა და ვიფიქრე, რელსების და ელექტროკვანძის ვეება ქსელს ვერასოდეს გადავკვეთ-მეთქი, მაგრამ ხანგრძლივი წვალების შემდეგ გავაღწიეთ, მგზავრები ერთმანეთს დავეთხოვეთ და სათითაოდ გავეშურეთ წყვდიადში საკუთარი სახლების მიმართულებით…

 

1 2 3 4 5