30 მარტს, ამერიკული კინოს ცოცხალი ლეგენდა, უორენ ბიტი 84 წლის შესრულდება. ბიტი იმ იშვიათი მსახიობების რიცხვს განეკუთვნება, რომლებიც კაშკაშებდნენ ეკრანზე საკუთარი რეალისტური და შთამბეჭდავი პერფორმანსებით, ხოლო შემდეგ, კამერის უკან, რეჟისორის სავარძელზე გადაინაცვლეს და ბრწყინვალე ნამუშევრები შესძინეს მსოფლიო კინემატოგრაფს. დღეს სასაუბროდ ავარჩიე მისი პირველი დიდი სამსახიობო განაცხადი კინოში, ელია კაზანის სურათში, „ბრწყინვალება ბალახში“, რომელშიც მოქმედება 20-ან წლებში ხდება და ამერიკული საზოგადოების მორალს, ვნებებს, მისწრაფებებს, შეხედულებებს აღწერს. თუმცა მოუხედავად ხანგრძლივი დროითი დაშორებისა, ნაწარმოები დღეს არსებულ რეალობასაც იდეალურად ერგება, განსაკუთრებით კი საქართველოს კონტექსტში.

სურათი ორი თინეიჯერის სასიყვარულო ისტორიას მოგვითხრობს, უორენ ბიტის პერსონაჟი, ბადი, მაღალისაშუალო ფენის წამრმომადგენელია, ნატალი ვუდის პერსონაჟი, დინი, დაბალ საშუალო კლასს მიეკუთვნება, მათი გრძნობები ერთმანეთისადმი შეურყვნელი და ნაივურია, როგორც ეს ყველა პირველმნიშვნივნელოვან სასიყვარულო ურთიერთობაში ხდება. თუმცა დაბრკოლება, რომელიც მათი გრძნობების რეალიზაციის შეფერხებას იწვევს, არა კერძო, არამედ საჯარო ფაქტორებია. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ახალგაზრდები ვერ ახერხებენ თვითრეალიზებას, რადგან მათ ცხოვრებას მშობლები უგეგმავენ. ბადის მამა, რომელიც ნავთობის მოპოვებითაა დაკავებული უწყვეტს შვილს სად და რაზე ისწავლოს და როგორ დაგეგმოს თავის მომავალი, დინის დედა საზოგადოებრივი წარმოდგენების ტყვეობაში ამყოფებს მას და ურთიერთობების წარმოების პროტოკოლს უწესებს.

 

1 2 3