შედეგად მთავარი გმირები უცხოვდებიან ერთმანეთისგან და რაც უფრო მნიშვნელოვანია, საკუთარი მისწრაფებებისგან, რადგან კონფლიქტი ვლინდება პირადი სურვილების განხორციელებასა და მათზე ოჯახის მიერ დაკისრებული როლების შესრულებაში. კაზანი ძირითად სცენებს, სადაც წყვილის დიალოგი მიმდინარეობს, კომპრესირებულად, კლაუსტროფობული კადრირებით იღებს იმის ხაზგასასმელად, თუ როგორ წნეხში და გამომწყვდეულ მდგომარეობაში გრძნობენ ახალგაზრდები თავს. შესაბამისად, ფილმი იდეალურ რეზონანსს პოვებს ქართულ რეალობაზეც. ჩვენთან დღემდე მშობლების ნაწილს შვილები მხოლოდ საკუთარი თავისთვის უყვარს და ძალიან იშვიათად პირადად მათთვის. რაც იმას ნიშნავს, რომ სიყვარული გამოიხატება არა იმის პროეცირებით თუ რეალურად რა სურს შვილს, არამედ იმით თუ რა სურს მშობელს რომ მის პირმშოს სურდეს.

კაზანი გამოსახულებასთან ერთად ხმის სტრუქტურასაც დამატებითი კომენტარის გასაკეთებლად იყენებს და ახალგაზრდების საუბარს პირად სურვილებზე უფროსების ხმამაღალი ხმაურით ფარავს, რომელიც ახშობს ახალი თაობის მისწრაფებებს და ძველი თაობის იდეების დიქტატურაში ამყოფებს მათ. ფილმის მოქმედება კანზასში ვითარდება, რომლის ლანდშაფტების მუქი და გაცრეცილი ფერების კონტრასტულად რეჟისორი თავის მთავარ გმირებს თბილი და მკვეთრი ფერებით გაჯერებული კოსტუმებით წარმოგვიჩენს. ქალაქი, როგორც მასში გამჯდარი იდეოლოგიური აპარატი მინავლებული და მომაკვდავია, ხოლო ახალგაზრებში ახალი სიცოცხლე, მღელვარება და სილამაზეა კონცენტრირებული.

ფილმს ეკონომიკურ განზომილებას მატებს იმის ილუსტრაცია თუ როგორ მიისწრაფიან ბადის და დინის ოჯახები კაპიტალის მოხვეჭისაკენ, რამდენად ძლიერია მათში კლასობრივ საფეხურზე დაწინაურების ჟინი. ოჯახის წევრების საზოგადოებრივი ნორმებისთვის მორგება უფროსი თაობისთვის იმაზე გაცილებით მნიშვნელოვან საფიქრალს წარმოადგენს, ვიდრე საკუთარი შვილების ემოციური კეთილდღეობა. და აქ კაზანს ძალიან ჭკვიანურად და გაბედულად შემოაქვს სექსუალობის, მასში თვითგამორკვევის და რეპრესირების საკითხი. გოგონებს ეკრძალებათ ფრივოლურობა და სექსუალური პარტნიორის დაოჯახებამდე ყოლა, ბიჭების წახალისება კი პირიქით ხდება, რაც შედეგად იწვევს ფრუსტრაციებს, იდეალების განადგურებას, მორალურ შერყვნას და მენტალურ ტრავმებს.

 

1 2 3