* * *
გარეთ გავედი. ეს მაგიური ღამე უნდა ყოფილიყო იდიოტებო. დამცინით? მეც შემიძლია დაგცინოთ. უბრალოდ არ მაქვს თქვენი ნერვები. ეს ღამე თქვენც დაკარგეთ. ალბათ ვეღარასდროს გაიგებთ რა არის მაგიური ღამე. სამუდამოდ ჩვეულებრივ ღამეში მოგვიწევს დაძინება. თქვენ გგონიათ, რომ ახალი წლის ღამეა მაგიური. ვერ მოგართვით. ახალი წლის ღამე სულელური ღამეა. არაფერია მასში გამორჩეული. არც თქვენ არ ხართ მასში გამორჩეული. მგონი სჯობს, უბრალოდ ჩუმად ვიყოთ.
მარტო მივდიოდი, მაგრამ მეგონა, რომ ჩემთან ერთად იყო ათასი ულტრასი თეთრი და წითელი მაიკებით. ბუშტებს ვუშვებდით ჰაერში და ვმღეროდით. მოდით, ყველა დავდგეთ კამერის წინ. ხელი გადავხვიოთ ერთმანეთს და ვიმღეროთ, ვაჩუქოთ ერთმანეთს ბურთები.
რა დროს პანდემია იყო? ხომ ჩამოვიდოდნენ მაკედონიელებიც. თუ ვინც არიან… ვიჩხუბებდით და მოგვეშვებოდა. ოდესმე მაკედონიელს თუ შევხვდები, ერთს უეჭველი შემოვარტყავ. ან შევაფურთხებ და გავიქცევი. თუ ბევრნი იქნებიან, შევაგინებ და გავიქცევი. თუ დამეწევიან, მაშინ მომკლან, მაგათი უზურპატორი დედაც სტყნაჩო.
ტრასაზე დადიოდნენ პატრულები და ტაქსები. ალბათ ზოგი მათგანი ფეხბურთზეც დადიოდა. სულქველიძის აკადემიაში, ან ავაზაზე. მერე გამოვიდნენ. ჩემსავით გამოვიდნენ. სხვა პროფესიები აირჩიეს და სამუდამოდ დააფურთხეს თავის ოცნებას. რატო გამოხვედით თქვე მშიშრებო? იქნებ დღეს თქვენი დღე იყო. იქნებ ახლა ნაკრებში უნდა ყოფილიყავით. იქნებ თქვენ უნდა გაგეთანაბრებინათ ანგარიში… ან მე რატო გამოვედი… მეჩხუბეთ ვინმე. ჩხუბი მინდა. გაგიტეხავთ თავს. სად არი მაკედონია? ვინ არი გორან პანდევი? ვინ მისცა ამის უფლება?
