კუტოკი

 

ჩვენ იგროკები არ ვართ ამიგო.  ჩვენ აფისიონადოები ვართ.

აქ სანამ საყომაროს გახსნიდნენ, მანამდეც ჩვენი ბირჟა იყო. არტისტების ბირჟა. ბრონქსული ისტორია.  სულ პატარაობიდან აქ ვდგავართ. მზე რომ ჩადიოდა, ნონა დეიდას ვეძახდით და შუქს გვინთებდა ხოლმე.

ისე, მთლად მასეც  არ არი საქმე, რო საერთოდ არ ვმაზავთ, მაგრამ ჩვენ ფეხბურთი იმიტომ არ გვიყვარს, რომ ვმაზავთ. ჩვენ ვმაზავთ იმიტომ, რომ ფეხბურთი გვიყვარს. ისევ ფეხბურთის ყურებას ვაძლევთ მუღამს ბილეთით. წმინდად პრაქტიკული ამბავია, ჩვენი და ტოტალიზატორის ამბავი. ბალეშიკების ცხოვრებაში არის   ისეთი  თამაშებიც, რომელსაც პროსტო ვერ უყურებ. აი,  ავიღოთ იტალიის სერია ა. მანდ რო თამაშობს მილანი და იუვე, სულ არ გინდა დამატებით მოტივაცია. დაჯდები, ჩართავ, გესიამოვნება. მაგრამ, სამპდორია – სასუოლოს ესე ვერ უყურებ. ადრე, პატარაობაში, ვუყურებდი. ადრე ყველაფერს ვუყურებდი,  ოღონდ ბურთი გამოჩენილიყო. ჩემხელებს და ოდნავ დიდებს  მულტფილმებზე და პორნოებზე რო უღიტინებდათ მუცელი, მე ბადეში ბურთის შევარდნაზე მომდიოდა პრიხოდის ტალღები.  ვიჯექი და ვუყურებდი ყველაფერს, რაც გადიოდა. ხოდა ეხლა ნერვები აღარ მყოფნის. თან რასაც გინდა და სადაც გინდა ისე რომ  ნახავ, საინტერესო აღარ არი. იშვიათი სიამოვნების რომანტიკა დაკარგა ფეხბურთმა და კინომაც. ფეხბურთი და კინო ამ ამბავში მაგრად გვანან ერთმანეთს. ადრე, ყველა ტელევიზორში უცდიდა ამ ყველაფერს. სულ სამი ტელევიზია გვქონდა თან. ფეხბურთს და კინოს რო დაინახავდი ვსო. უნდა მოგესწრო. ეხლა? ეხლა საიტებია. დააჭირე თითი და მთელი სამყარო შენია. ვის რად უნდა სასუოლოს ტილაობის ყურება?

ხოდა ასეთი უაზრო თამაშების დროს, ხანდახან ვმაზავთ ხოლმე. ოღონდ ოც ლარზე მეტი არ უნდა დადო, თორე უკვე დებილი იგროკი ხდები. ფეხბურთის მოყვარული კიარა, იმენა დებილი იგროკი. რაღა შენ და რაღა დოღის მანიაკები.  ეხლა არ მითხრათ, თუ ეგრეა საქმე საერთოდ არ უყურო მაგ უაზრო თამაშებსო. ჯერ ერთი,  უაზრო არ არი. უბრალოდ, მე არ მყოფნის ნერვები და მეორეც… აბა რა ვაკეთო? რა უნდა აკეთოს ჩემნაირმა ტიპმა მთელი დღე, ფეხბურთს თუ არ უყურა?  სპორტული ჟურნალისტი ვერ გავხდი. როცა რაღაცა ძალიან გიყვარს, იმას პროფესიად ვერ აქცევ. მერე ისე აღარ გეყვარება და იმიტო. რუტინა ვის უყვარს? რო გეუბნებიან, ეს უნდა გააკეთოო, აღარ გინდა კეთება. მე ეგრე ვარ, თქვენი არ ვიცი…

ჩვენს ბირჟაზე, სულ ტოტალიზატორი არ იყო. აქ ადრე იყო, შალიკო მოისწრაფიშვილის ბუკინისტური კუთხე. ცუდ დროს მოუწია შალიკოს წიგნების გაყიდვა. ძალიან გვეკიდა მაშინ წიგნები. სამაგიეროდ, ძალიან მოგვწონდა ბუკუნისტური კუთხის წინ გამოჭიმული პრესის სტენდი. პირველად მანდ მოვიპარეთ გაზეთი „სპორტ ინფო“.  შორტში ჩამიგდეს ბიჭებმა და  გავიქეცით. არც გამოგვეკიდა არავინ. ვერც დაგვინახეს. მერე კიდე ვიპარავდით ხოლმე. სპორტსიახლენი ყველაზე მაგარი ჟურნალი იყო. უკანა ყდაზე ტიტლიკანა ნაშებიც ეხატნენ. ფეხბურთელების ნაშები. მე ბუფონის ნაშა მევასებოდა ყველაზე ძაან. მერე სერიალიც იყო, ფეხბურთელების ნაშები. არ მაყურებინებდა დედაჩემი.

 

  • ზდაროვა. – ტოტოდან გამოვიდა ლაშა.
  • რა გინდოდა მანდა? – დავუძაბე.
  • რა უნდა მინდოდეს? დავწერე.
  • ეეეე… დღეს ხო არ ვწერთ ტო. დღეს პროსტა უნდა მოვუგოთ და ვსო.
  • არა კაცო. ჩვენებზე არ დამიწერია. დაიკიდე.
  • რას მაბოლებ? ჩვენი თამაშია დღეს მარტო. ბრაზილიაში, ან ინგლისში შეიძლება იყოს რამე, ჩემპიონშიპში, მარა შენ მაგას არ გაურისკავდი და რას მაბოლებ?
  • არა. ნახე, ხორვატიის ჩემპიონობა დავდე. წუხელ ვფიქრობდი და მაგრა მჯერა რა. თან კუში სად ურტყავს შეხედე. – ბილეთი მანახა.
  • ხორვატიის კიარა, ჩვენი ჩემპიონობა უნა დაგედო.
  • ჩვენი არა, ფეხები.
  • აი, გავიდეთ და მერე ნახე.
  • იქ შეილება გავიდეთ, მარა იქიდან ვერსად გავალთ. ჯგუფში დაგვათოხლავებენ.
  • ხორვატია რამ დაგაწერინა… ინგლისიც ჯობია მაგათ უჟე.
  • ვერ გაიგებ. ძაღლი გუნდია. შეიძლება გაუქაჩონ და ოც ლარში სამ სახინკლეს ვიგებ.
  • ელოდე.
  • გაიხადე ეგ მაიკა, თორე თათუკამ თუ დაგინახა სამუდამოდ დაგადებს.
  • ყველა ქალს გავკარი, ვინც ნაკრების მაიკის გამო დამადებს.
  • ნაკრების კიარა, ღიპის გამო დაგადებს. პატარა გაქ შეჩემა.
  • არაუშავს. დღეს უნდა მეცვას და მერე გავხდები.
  • ახალი რო იყიდო?
  • ასი ლარი ღირს ახალი. განა არ მიღირს, პროსტა არ მაქ ასი ლარი. თან ეს ისტორიული მაიკაა. საფრანგეთს რო გავუნიჩიავეთ მაშინ მეცვა.
  • ბარო ბიჭობა. – გამოვიდა ნიკუშა.
  • გაუმარჯოს. – ერთად ვთქვით მე და ლაშამ.
  • გიო, ხვიჩაზე რაო ბოლოს? შანსი არ არი ხო? – მკითხა ნიკუშამ.
  • ახვრები ტო… – ჩაილაპარაკა ლაშამ.
  • ვინ არიან ახვრები?
  • ვინც ხვიჩა გადაკოცნა.
  • იქნებ ხელი ჩამოართვეს…
  • ეგ რა შუაშია?
  • მასეც გადადის კორონა. – ჩავერთე.
  • იმათ პანდევი მოყავთ ხო? – ისევ მე მკითხა ნიკუშამ.
  • სხვა ვინ ყავთ რო? – დამასწრო ლაშამ.
  • არა, ყავთ ვიღაცეები. ნაპოლიშია ერთი. ერთი კიდე პრემიერლიგაში. ალიოსკი თუ ვიღაცა. – დაიწყო ჩამოთვლა ნიკუშამ.
  • გორან, გვაცადე რა ბედნიერება… – ვთქვი ჩუმად.
  • ორასი წლის კაცის გეშინია ბიჯო? – დამცინა ლაშამ.
  • დავაი ბრატცი. გავიწიე მე. – დაგვემშვიდობა ნიკუშა.

 

 

 

 

1 2 3 4 5