სამშობლო

 

რო ვიღვიძებ, ეგრევე სამშობლო მეჩითება. გონებაში და გულში კიარა, პირდაპირ თვალებში.  ალბათ ბევრი ტიპია მასე. გააჩნია რას ეძახიან სამშობლოს. მე კედელზე მაქვს გაკრული, ჩემი საწოლის თავთან.  ძალიან დიდი და პრიალა სამშობლო.

ისე, რაღაც ამბავში მე ძაან მაგარი პატრიოტი ვარ.

კედელზე, ჩემ სამშობლოს წითელი მაიკები აცვია.  ეს ჩემი უიღბლო სამშობლოა, ორიათას ხუთ წელს.  აგე მახო ასათიანი, კობი, ლაშა სალუქვაძე…  ცოტაც და ჩემი სამშობლო ყაზახეთს შეხვდება. დემე პენალს გამაზავს, მაგრამ არაუშავს, ასტანაში ორი გოლი შეუგო ყაზახეთს.

სამშობლო თითქოს ერთი და ფუნდამენტური რამეა. ბევრ ტიპებს რომ აერთიანებს და ერთად ატირებს ისეთი. მინახავს ათასობით დაცენტრილი, ვიღაცა ტიპის სიკვდილის გამო რო ტიროდა. ყველასთვის ის ტიპი იყო სამშობლო და იმიტო.  მაგრამ, დაცენტრილები იმიტომ არიან დაცენტრილები, რომ სინამდვილეში არაფრის აზრზე არ არიან.  სამშობლო სულაც არ არის საერთო რამე. იმიტომ, რომ თუ რამეა მსოფლიოში ბევრი, სამშობლოა ბევრი. ნახე, ზოგისთვის ქრისტეს ქანდაკებაა, ზოგისთვის სამბა დე ჟანეირო. ზოგისთვის ხაჭაპური, ზოგისთვის სიცილიელ მაფიოზებზე დაწერილი ბაიათები. ჩემთვის კი, სამშობლო საქართველოს საფეხბურთო ნაკრებია.  ამიტომ, ზოგჯერ ძალიან ვსევდიანდები ხოლმე. ჯერ რა უნდა იყოს ისეთი, აქ რომ თქვა ჩემი სამშობლო კარგადააო. ძაან ბევრი უნდა იფიქრო, ის რო მოიფიქრო, ჩვენთან რა არი კარგად. ხოდა ესეთ ცუდ გარემოშიც კი,   ჩემი წილი სამშობლო ყველაზე გაფარჩაკებულია.  მაგრამ თან ყველაზე ნაღდია. ზუსტად იცი, რომ მართლა არსებობს. სულ განახლდება. შეგიძლია ტრიბუნიდან უყურო, ან პირველ არხზე უყურო  და ემიგრანტიც რო იყო, თავს არ მოგანატრებს.

ჩემთვის სამშობლოს ისტორიაც სხვანაირია. ბავშვებს სკოლებში ასწავლეთ, რომ  ჩვენი  პირველი მეფე გიო ქინქლაძეა. ნეტა ბოლო მეფე ვინ იქნება? ნიტო კვარა, ნიტო ჩაკვე… აქ ისევ მონარქიაა ამიგო.  რა იყო?  არგენტინაში ხო გონიათ ვიღაცეებს დიეგიტო ღმერთი? მე რო ქინქი მეფე მეგონოს რა? ეგ პოლიტიკაში არ ვარგა კერპების ყოლა. ფეხბურთს მაგრად უხდება კერპები.

საერთოდ, ახლა ჩემი გაღვიძება არ შეიძლებოდა. ევროპის ჩემპიონატი მესიზმრებოდა. უფრო ზუსტად,  ევროპის ჩემპიონატზე გასვლა. მაგრა ვიტირე. ისე რა მაგარია ევროპის ჩემპიონატზე გასვლა. გახვალ, იტირებ. ვერ გახვალ, მაინც იტირებ. კინოა რა. ისეთი კინო, ტირილი რო ენატრებათ და იმიტო უყურებენ. მე მყავდა ერთი მეზობელი. ტირილი რო უნდოდა, ჯარისკაცის მამას უყურებდა. მამაჩემი? მამაჩემი უფრო მაგარი. ანჟელიკას უყურებდა, რო ეტირა. ისე ტირილი რო გინდება, არი მაგაში რაღაც მაზოხისტური, მაგრამ მგონი ტირილსაც გააჩნია. ფსიქოლოგებმა უნდა თქვან ეგ. მე არ ვიცი. ესე ვერ დავაბრალებ ხალხს მაზოხისტობას და ვერც იმას ვიტყვი, არ არიან მაზოხისტები მეთქი.

რაც უფრო მიახლოვდება ეგ თამაში, სულ უფრო ხშირად მესიზმრება. მერე იტყვიან, ადამიანის ქვეცნობიერი შეუცნობელიაო.  მე სულ ის მესიზმრება, რაზეც ისედაც ვფიქრობ. ხან ფეხბურთი, ხან ქალები, ხან შუალედურები…

ოქრიმ უნდა დაგლიჯოს. წუხელ მივწერე ფეისბუქზე, მიდი ოქრი, შენ მაინც მეთქი. იასნია არასდროს ნახავს, მაგრამ მე მომეშვა რაღაცნაირად. სტადიონზე არ შეგვიშვებენ. ჩინელების გამო. კვარაც არ იქნება, ჩინელების გამო.

ნეტა ოდესმე სადმე შემხვდეს ჩინელი. ისეთი ჩინელი, ქართული რომ იცოდეს. აბა მე ვერ ვისწავლი ჩინურს. ვერც ინგლისურს. საერთოდ არ ვარ აგრესიული და ისეთი ტიპი. კაცის ცემა არ შემიძლია. მაგრამ რამეს უეჭველი ვუზამ. ფულს წავართმევ და ჩავრიცხავ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ბიუჯეტში იმ გამოუსწორებელი ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზიანის გამო, რაც ჩემს სამშობლოს, ჩემს საქართველოს ნაკრებს მიადგა…

 

 

 

 

1 2 3 4 5