ფარდა

 

ლაშა შემოვიდა. პარკში უდევს ლუდი და ჩიფსები. საერთოდ არ ვარ უზრდელი და უჯიშო, მაგრამ ეხლა ამასთან მისალმების თავი ვის აქ?  ვკანკალებ და კბილები დამძვრეს ლამის ამ კანკალისგან. დროშები გამოიტანეს ბავშვებმა. სულ მინდოდა ამ ბავშვების ადგილზე ყოფნა. კიდევ იმ ბავშვების, ფეხბურთელებს რომ ჰყავთ ჩამოკიდებული თამაშის წინ.  ეგარი, გამოდიან გუნდებიც.  ან ყველაფერი, ან არაფერიო,  რისკიანი ნაშები რო ამბობენ ხოლმე, აი, ზუსტად ეგ გვჭირს ახლა, სამხრეთ კავკასიელო ბასკებო. დღეს შეიძლება ვაბშე სხვანაირი ქვეყანა გავხდეთ. მოვიგებთ და ყველა სხვანაირად შემოგვხედავს. პატივს გვცემენ, მოგვესალმებიან… როცა იგებ ყველას უყვარხარ. ეშინიათ მაინც. ეხლა ყველა იმიტო გვიტყაპუნებს, რო ჰგონიათ არაფერი გამოსდითო. მართლებიც არიან. აქამდე არსად არაფერი გამოგვსვლია.

თუ წავაგებთ, მანდ დამთავრდება ჩვენი ფეხბურთი. ეგრე იძახიან ხოლმე ოცდაორი წლის ტალანტებზე, მაგარ ტრამვას რო მიიღებს, ვსო, მორჩა ამის ფეხბურთიო.

სასწორზე  ამხელა რამე ნამეტანია, ჩვენნაირი სუსტი სასტავისთვის. ის არ იფიქროთ, რომ მაგარი სუსლიკა და უკუნთო ბიჭები ვართ. ჩვენი სისუსტე ტვინიდან მოდის. გულიდანაც არ მოდის. არც მშიშრები არ ვართ. ტვინიდან. მარტო ტვინიდან. არც დებილები არ ვართ. ტვინის ეს სისუსტე სიდებილეს არ ნიშნავს. სენტიმენტალურობას ნიშნავს. თავისებურ სენტიმენტალურობას, რომლიც შიგნიდან გიტირებს ყოფას ყველა გადამწყვეტ მომენტში. იმიტომ, რომ გადამწყვეტ მომენტებს რკინის კვერცხები სჭირდება. კვერცხები, რომელიც ტვინს აბია.

  • ხო კარგად ხარ ე? – ლაშა მეკითხება.

არ ვარ კარგად ლაშაბერ. საერთოდ რა მოსაგონებელი იყო ეს რიტორიკული კითხვები? თან სულ მაშინ გეკითხებიან, როცა ამ კითხვის გამო ვინმეს მოკვლაზე ხარ სპასობნი.

ჰიმნს მღერიან ნიკა კვეკვესკირი და თორნიკე ოქრიაშვილი. რატო ხართ ბიჭო აწითლებულები? ეგ ცუდის ნიშანია. თეთრები უნდა იყოთ. მკვდრებივით თეთრები არა, გერმანელებივით თეთრები. მე რო აწითლებული ვარ, ვიცი რატოც ვარ და ხო ხედავთ, ვკანკალებ. თქვენ რო იკანკალოთ, ბურთს ვიღა გააჩერებს?

ისე, მგონი ომში ვერაფრის გამო ვერ წავალ. გინდათ უგულო მეძახეთ და გინდათ ქალუსია. ვერ წავალ და ვსო. ხმლებით რო იყოს წავალ, მაგრამ აზრზე მოსვლას რო ვერ ასწრებ და ორასი მეტრიდან ერთი დაჭედებით იბრიდები, სისულელეა. ხოდა მანდ ვერ წავალ, მაგრამ სტადიონს რომ ვუყურებ და ესენი მღერიან, სამშობლო ეგრევე ჩემი ხატიც ხდება.

ეს მსაჯი  მახსოვს. ინგლისელია. ლიგის ფინალი იმსაჯა ზაფხულში. აზრზე ხართ რა პატივში ვართ?

ჯაბა კანკავა კიბორგია. ნეტა გადამდები იყოს კიბორგობა. სხვები წითლები არიან, კანკალებენ. ჯაბა მაგრად დგას. წარბი აქვს აწეული ჩელენტანოსავით. არც იფიქროთ, რომ ჩამოაწევინოთ!

ეს მაკედონიელები კიდე რას გვანან. ზოგმა იმღერა ჰიმნი, ზოგმა არა. მაგათზე გავიგე, ქვეყანა მაგრად კიდიათო. მანდ თურმე ზოგი ბულგარელია, ზოგი ალბანელი, ზოგი სერბი. ხოდა ბულგარელებს ბულგარეთი უყვართ, ალბანელებს ალბანეთი, სერბებს სერბეთი. ერთად შემთხვევით მოხვდნენ. ჰიმნი მგონი სერბულად იყო. ჩემ ფეხებს იმღერებდნენ ალბანელები სერბულ სიმღერას.  ამათ გავგამელას ბრძოლის მერე არაფერი მოუგიათ, რაღა ჩვენ უნდა მოგვიგონ. ვიცი, რო ის სხვა მაკედონია იყო, მაგრამ მაცადეთ ღადაობა, აზრზე უნდა მოვიდე.

პირველი ტაიმი სვარკაა. ისინი არ გვიტევენ, ჩვენ კიდე ვფაფხურობთ. დავურტყით რამდენჯერმე, მარა ეგრე მეც დავარტყამ. აი ეხლა კვარა რო იყოს, აუტალახებდა ამათ გლოტკას. კვეკვე საკაიფოდ ანაწილებს. ეს არი ინიესტა. კოლხი ინიესტა. როგორც გეორგ ჰაჯი იყო, კარპატელი მარადონა.  ზოგი რამ საოცარია ცარიელი სტადიონზე. მსაჯის ხმა მესმის. მგონი პირველად გავიგე მსაჯის ხმა. რა დროს მსაჯის ხმაა?! გეუბნებით, მგონი რამსი სულ ჩამეშალა. ლაშას ლუდი ფეხებზე მკიდია. ბორჯომს ვსვამ. მესამე ბოთლს ვცლი. არ მწყურია, მაგრამ მგონი რაღაცის კეთება მინდა და მაგას ვაკეთებ, ფანჯრიდან რო არ გადავხტე. ოპაააა. კაჭარავა. საღოლ. ოქრი. მიდი. ოპა. ოქრიიიი. ვაკოოოოოო. აეეეეეეე.  ფუიიიიიიი…

ვაკო, სულ ასე რატომ მიკეთებ?!   ადრეც გამიკეთა ასე. სერბეთთან ჯანოსთვის პასი რომ მიეცა უეჭველი მოვიგებდით, მაგრამ მაშინაც…

სხვათაშორის, საშინელება მანამდეა საშინელება, სანამ მოხდება. მაშინ, როცა ელოდები და გეშინია. შემდეგ კი, შემდეგ არაფერი… უბრალოდ უყურებ გაშტერებული, ენა გაქვს ჩავარდნილი და ცხოვრება ისევ იმის მსგავსად მიდის, როგორც მანამდე.

აი, ელიფ ელმასი. ძალიან ჰგავს ერთ ჩემს ნაცნობს, რომელიც დღეის შემდეგ აუცილებლად შემზიზღდება. ელიფი ფინტებს აკეთებს. ჩვენები იხლართებიან. ელიფმა პასი გააკეთა. პანდევი. გაეთრიე. დამთავრდა.

ისე, კიდევ ერთი რამაა საოცარი ცარიელ სტადიონში. ახლა, აქ რომ ხალხი ყოფილიყო, ყველა უეცრად გაჩუმდებოდა და ეგ იქნებოდა ყველაზე მურტალი სიჩუმე საქართველოს უახლეს ისტორიაში. ახლა კი, ისედაც სიჩუმეა. მხოლოდ მათი ბედნიერი სერბო-ხორვატული ხრიალი ისმის. აიდეეე, აიდეეეე…  ბორჯომი მომეცით, პირი მიშრება.

მერე ბევრი არაფერი მახსოვს. ან რა იყო დასამახსოვრებელი? ზოგ ადამიანს თავისი ქორწილის თარიღიც არ ახსოვს. მე ეს რატომ უნდა მახსოვდეს?  ბოლო მახსოვს. ბოლო ყველაფერი გვამახსოვრდება. სიზმარიც, რომელიც გვახსოვს ხოლმე, სინამდვილეში ბოლოა და იმიტომ გვახსოვს. ბოლო მახსოვს. ტრაწისფერმაიკიანი შავტუხა ბიჭები ხტუნაობდნენ დინამოზე. ნიკა კვეკვესკირი ტიროდა. ყველა ტიროდა, მაგრამ მისი ტირილი მაინც სხვანაირი იყო. ზოგჯერ ტირილი ძალიან ლამაზია. საერთოდ, ტირილი სიცილზე ლამაზია. მწუხარება კი, სიხარულზე. სიხარული ძალიან შაბლონური გრძნობაა. მწუხარება კი, ინდივიდუალური, გარიყული და მიტოვებული.

„გააუქმეთ ფეხბურთი საქართველოში!“ – წერდნენ ისინი, ვისაც არასდროს უნახავს ფეხბურთი.

„სადაც საჭიროა, იქ მოვუგებთ მაგათ…“ – წერდნენ ისინი, ვისაც რაგბი სპორტი ჰგონია.

„რატო ვაფინანსებთ საერთოდ ამათ?“ – წერდნენ ულტრა-მემარჯვენე დილეტანტები.

 

  • კაი ეხლა. თავს ხოარ მოიკლავ? წამო, გავიდეთ ეხლა და დავლიოთ სადმე. ან, ვჭამოთ. სადაც გინდა იქ წაგიყვან. – მეუბნება ლაშა.
  • ბანკი დაბომბე?
  • არა. პანდევის გოლზე დავდე საღადაოდ და შვიდი კუში ამოარტყა. ზოგი ჭირი მარგებელია რა. – იკრიჭება.
  • ტრაკი ხარ.
  • კაი. ადე, წავედით.
  • ნახუი.

 

 

 

 

1 2 3 4 5