მე, მამა და ბალეშიკები

 

მე არ წავედი სტადიონის ჭიშკართან სახტუნაოდ.  სადღაც  მიტყდება კიდეც, ნაკრების ავტობუსს რომ არ დავხვდები, მაგრამ მარტო ყოფნა მინდა. საერთოდაც, არ მიყვარს ხტუნაობა. ეგ არ არი ემოციური ბალეშიკობა და იმიტო. ემოციური ბალეშიკობაა, ვინმეს ლუდს რო გადაასხამ თავზე. ან, იმათ ფეხბურთელებს რო აგინებ და გოლზე სკამებს წიხლებს ურტყამ. მე ულტრასები მიყვარს. ქორეოგრაფია და დრამატურგია რათ მინდა? ეგ არი დადგმული და სიაფანდი. არგენტინელი ფანები მიყვარს. მაგათ იციან როგორც უნდა. საერთოდ სამხრეთში იციან და კიდე ჯონ ლენონით განთქმულ ქალაქ ლივერპულში. ნუ, მთლად ეიზელის ტრაგედიამდეც არ უნდა მივიდეს საქმე, მაგრამ ერთი კარგი დაგნარი, მიდი მოადე, პიტი დონემის ძმაკაცები და ხულიგნები არც ერთ სტადიონს არ დატოვებს უმარილოდ. ჩვენ სტადიონებს აკლია მარილი. მეც მაგარი ვარ… ჩვენს სტადიონებს ყველაფერი აკლია, რაღა მარილს ვაწვები.

ცოტა ცუდად ვარ.  დღეს შეიძლება მოვკვდე. ჩემს ოთახში ჩავიკეტე და თვალები დავხუჭე. ესე ყოფნას, სჯობს დავიძინო თორე გავაფრენ და თუ გავაფრინე ვერც ახლა ვუყურებ თამაშს და ვერც მერე, იქ, ევროპის ჩემპიონატზე, გაწკრიალებულ და სავსე ევროპულ სტადიონებზე გასულ ოთო კაკაბაძეს ვნახავ. არადა ვერც ვიძინებ. როგორია, რო არ გეძინება და მიდი დაიძინე?! ვერ იზამ, შანსი არ არი.

ფეისბუქი გავხსენი. აი, გუშინდელი პოსტი. უმახინჯესი პოსტი. რომელიღაცა სპორტული პორტალის დადებული. ხვიჩა კვარაცხელიას კორონავირუსი დაუდგინდაო, წერია. ეს ხო უკვე ვიცი. რაღას ატრიალებთ და მიშლით ნერვებს თქვე ჩემისებო?! საერთოდ დაკვირვებული ვარ, რომ ჩვენი ინტერნეტ-საინფორმაციო სასტავი, მოსადისტო ქცევებით გამოირჩევა. მილიციის ადგილზე რომ ვიყო უეჭველი დავიწყებდი მოკვლევას.

აი თათუკას პოსტიც. რომელიღაცა ტანსაცმლის მაღაზიის სარკეში გადაღებული ფოტოა.  მგონი ჯინსებს ამარიაჟებს, ან კურტკას. ეხ, თათუ, შენ რო ყველაფერი ფეხებზე გკიდია და მე რომ ვკვდები…

არ შემიძლია ამათი ყურება. ორერას უნდა მოვუსმინო. არა, ორერა არ მინდა. ის მინდა – „ჩვენი ოქროს ბიჭები“. ვინ მღერის არ მახსოვს. ის კი ვიცი, რომ ტაშკენტში მოგებულ საბჭოთა პირველობას ეძღვნება.

„არის, ასრულდა ოცნება. არის, ასრულდა მიზანიიიი….

კიდევაც დაიზრდებიან, ალგეთს ლეკვები მგლისანიიიიი!“

 

მამა, რატომ მითხარი, რომ მაინც წააგებენო? ორიათას ხუთი წლის მარტში. ძალიან პატარა ვიყავი. ლოკომოტივის და დინამოს სტადიონების გარჩევა ჯერ არ შემეძლო.  მე ჯერ არ უნდა მცოდნოდა, რომ მაინც წააგებდნენ!

გინდათ მოგიყვეთ?  მოგიყვებით. საბერძნეთი ევროპის ჩემპიონი იყო და თბილისში ჩამოვიდა. მე გააზრებულად პირველად ვუყურებდი ნაკრების თამაშს და გული მქონდა აჩქარებული. მაქამდე, მარტო ბობო ვიერი, მაურო კამორანეზი, რონალდინიო და ეგეთი ფირმა ბიჭები მყავდა ბურთით ნანახი. ხოდა ძალიან მიკვირდა და ძალიანაც მსიამოვნებდა, რომ ტელევიზორში, ბურთიან ტიპებს ჩემნაირი გვარები ჰქონდათ და თან, ვიღაც ევროპის ჩემპიონებს ხვდებოდნენ. ნეტა რა იყო ევროპა? ალბათ ბრაზილია მეგონა მაშინ ევროპა, მაგრამ რაღაცა მოშნი რო იყო ვხვდებოდი. ხოდა აიღო მახო ასათიანმა და გაუყარა ევროპის ჩემპიონებს. მე მაშინ პირველად მივხვდი, რა მიხაროდა ცხოვრებაში ყველაზე მეტად. მამაჩემმა კი მითხრა, მაინც წააგებენო და გაიცინა. ხოდა წააგეს.

მამა, ჯიგარი ხარ, რომ პირველად შენ წამიყვანე სტადიონზე, მაგრამ ეგ მაინც არ უნდა გეთქვა. გახსოვს ის თამაში? ესტონეთს მოვუგეთ. სირაძემ შეაგდო ბოლო წუთზე. როგორ უნდა გახსოვდეს? ბოლო წუთზე იქ აღარ ვიყავით… მერე ვეღარ გავალთო და ადრე წამიყვანე. ისე, მაინც მაგარი ტიპი ხარ, სემიჩკის მაგივრად ქიშმიში რომ მიყიდე. სემიჩკას გოიმები ჭამენ სტადიონზე. ქიშმიში კიდე ინოვაცია იყო. ჩვენ ნოვატორები ვიყავით მამა!

ისე, თუ მაინც წააგებენ, მაშინ როგორ მოიგეს ჰა?  თქვენ აზრზე არ ხართ…. მამაჩემი იმ თამაშზეა  ნამყოფი, დინამომ ლივერპულს რო მოუხაზა.

„წვიმდა და თბილისს ებურა თალხი,

არ ეტეოდა სკამებზე ხალხი…

და სრიალებდა მოშნად ბალახი,

ყიფომ ათოხლა დალგლიშს ბალახი!“

 

 

 

 

1 2 3 4 5