I

გაბოს დედა ზაფხულში მოკვდა. ძვლების სიმსივნე ჰქონდა და ვერ უშველეს. იქამდე, ყველაფერი გაყიდეს, რაც კი გააჩნდათ. როცა მტვირთავები პიანინოს წასაღებად მოვიდნენ, დეიდა მარგოს თვალები აუწყლიანდა და ოთახიდან აივანზე გავიდა. ეს იყო ზამთარში, მას შემდეგ დეიდა მარგო აღარ მინახავს. მეორე დღეს ამიყვანეს, ცოტა ხანში გამასამართლეს და ციხეში მიკრეს თავი. როცა მისი სიკვდილის ამბავი გავიგე, გაბოს დავურეკე. არაფერი უთქვამს, ჩუმად ვტიროდით ორივე. ტელეფონის ყურმილი რომ დავკიდე და საკანში დავბრუნდი, იმ პატარა, ციცქნა სივრცეში ჩაგუბებული სიჩუმე მთელი არსებით შევიგრძენი. ყველა დუმდა, ჩემი თანამესაკნეები მდუმარებით იზიარებდნენ ჩემი და გაბოს წუხილს, გაბოს დების, მამამისის, რომელიც დეიდა მარგოს დიაგნოზის შეტყობის შემდეგ ისე დაწუხდა და დაჩიავდა, შეხედვისას კაცს ტირილს მოგანდომებდა. საკანში მხოლოდ ბადრაგების ფეხის ხმა და მძიმე ხველების ყრუ ხმა ისმოდა.  ასეთ დროს სიჩუმე ძალიან ძნელად ასატანია.

ფირსაკრავების მოპარვისთვის დამიჭირეს, მანამდე, ვიდრე მოვასწრებდი და გავყიდდი. გაყიდვა რომ მომესწრო, ვერაფერს დამიმტკიცებდნენ, მაგრამ ვერ მოვასწარი. უცებ მოხდა – ფირსაკრავს მანქანის საბარგულში რომ ვდებდი, მილიციელებიც მაშინ გამოჩდნენ. რა უნდა მექნა?! მზიას შევძახე ჯიხურში, ბიჭებს უთხარი ყველაფერი-მეთქი და მორჩა, სხვა ვერაფერი მოვასწარი, ჩამტენეს მანქანაში და იზოლატორში გამაქანეს. მანქანა რომ ეზოდან გავიდა, ქუჩის ბოლოს გაბოს და მამამისს მოვკარი თვალი, რაღაც, მძიმე ტვირთი მიჰქონდათ, არ დამინახავს – რა, ალბათ გასაყიდად.

ციხიდან რომ გამოვედი, უბანში თქვეს, გაბო მთაში წავიდაო. ერთი ძველი სახლი ჰქონდათ, მეწყერსაშიშ ზონაში იდგა და იშვიათად აკითხავდნენ ეგ და მამამისი. დეიდა მარგოს სიკვდილიდან ორიოდ თვეში, გაბოს მამაც მოკვდა, ძალიან უყვარდა ცოლი და ვეღარ გაუძლო. გაბომაც ვეღარ აიტანა და წავიდა. ისე, ბინაც კი აღარ ჰქონდა, გაყიდეს, ალბათ გაზაფხულზე, დეიდა მარგოს სიკვდილამდე. კი მიიღებდნენ დები გაბოს, მაგრამ ალბათ არ უნდოდა იმათი შეწუხება. მზიას ჯიხურში გაბოს არყის ვალი ბიჭებს გადაუხდიათ. უბანში სხვა ყველაფერი ჩვეულებრივ გრძელდებოდა, ქალაქშიც. ცხოვრება ასეთი იყო, სიცოცხლის ნიშანწყალი არაფერს ეტყობოდა. ბაღში, ჟანგიან საქანელასთან მოთამაშე ბავშვებს თუ დაინახავდი და მორჩა, მეტი არაფერი.

გაბოს სანახავად მე და თენგო წავედით, თენგოს მამის ყვითელი მოსკვიჩით. სალონში ბენზინის წვეთოვანი დავაყენეთ და ისე. თენგო გზაში ძველებურად ოხუნჯობდა, მაგრამ მერე საჭის ტრიალმა მოქანცა და მთელი გზა ჩუმად იყო. ხეობაში ნისლი იწვა, ციოდა. მანქარის კარიდან გაჭირვებით ამოვწიე მინა და კარის ჩამკეტის გასწვრივ სახრახნისი ჩავუტენე. ყველაფერი ისე იყო, როგორც ადრე, იმ განსხვავებით, რომ დეიდა მარგოს სიკვდილის შემდეგ, პირველად უნდა მენახა გაბო. მანქანა სახლის სანახევროდ დაშლილ მესერთან მივაყენეთ. ჭიშკარი თენგომ გააღო და ეზოში შემიძღვა.

სახლის პირველ სართულზე არავინ ჩანდა. გაბოს საძებრად ისევ ეზოში გამოვედით.

– გაბო! – დაიძახა თემომ. – გაბო, ნახე ვინ მოგიყვანე!

პასუხი არ იყო. ამ დროს, ეზოს ბოლოდან, ნისლიდან და ბურუსიდან, თითქოს არსაიდან, ძაღლი გამოძუნძულდა, თან კუდს აქნევდა და როცა თემომ მოფერება დაუწყო, გულისწამღებად აწკავწკავდა.

– გაბო! გაბო! – დავიძახე მე.  ჩემი ძახილი თითქოს პირიდან ამოსვლისთანავე  გაიყინა და იქვე, ორიოდ მეტრში დაიმსხვრა.

– გაბო! – დაიძახა თენგომაც და საკუთარი ხმის არარსებულ ექოს ყური მიუგდო, თითქოს ძახილს გააყოლა თვალი და თითქოს ის ძახილიც დაიმსხვრა სადღაც იქვე, არც ისე შორს.

ძაღლი ჩვენს შორის დარბოდა, წკმუტუნებდა და კუდს აქნევდა. ის იყო რუხი, აქა-იქ ღია ფერის ბალნით და როცა ხეივანიდან ვაზის გაყვითლებული ფოთოლი ჩამოვარდა, ეცა და ხარბად დაუწყო ყნოსვა.

სად უნდა იყოს-მეთქი, ვკითხე თენგოს. თენგომ გამომხედა, ტუჩები დაპრუწა და ჯიბეებში ჩაწყობილი ხელებით ქურთუკი მაგრად შემოიჭირა ტანზე. მე ბურუსში დავიწყე ყურება, მაგრამ რა უნდა დამენახა?! ბევრს ვფიქრობდი, მაგრამ წარმოდგენა არ მქონდა რა უნდა გაეკეთებინა აქ გაბოს, ბიჭს, რომელიც მეგობრებს მუდამ სასაცილო ოინებს უწყობდა, უყვარდა ფეხბურთის თამაში და ღამღამობით ქუჩებში ხეტიალი. წელიწადი ილეოდა, რაც აქ, ამ გაპარტახებულ, ცარიელ სოფელში მარტო ცხოვრობდა. დრო და დრო აკითხავდნენ ბიჭები, ძველი მეგობრები, ვისაც ჯერ კიდევ ახსოვდა და თავისი დები. ყველას ღიმილით ეგებებოდა და ღიმილით აცილებდა, ერთხელ არ დაუჩივლიაო, თენგომ მითხრა გამომგზავრების წინა საღამოს. აქ, ამ სიმარტოვეში, ღვინის ცარიელი ბოთლებით და მშობლების შავ-თეთრი სურათებით გარემოცულს, რაზე უნდა ეფიქრა გაბოს, მოგონებებში, მტანჯველ ტკივილში გამომწყვდეულს. თოფი ხომ არ ამოუტანეთ-მეთქი, ვინმემ, ვკითხე თენგოს ისე, რომ მისკენ არც მიმიხედავს.

ვიდრე ისევ ზურგით ვიდექი, მესმოდა, როგორ ადიოდა თენგო სახლის მეორე სართულზე. კიბიზე მისი მძიმე ნაბიჯების ხმა ისმოდა. არ ვიცი, რამდენი ხანი გავიდა, სანამ თენგო ისევ გამოჩნდებოდა, ძაღლმაც შეწყვიტა წკავწკავი და იქვე დადგა, კიბესთან, უკანა თათები განზე ჰქონდა გაწეული, იდგა მთელი სხეულით მომართული და მე ვხედავდი, როგორ გამოდიოდა სველი ნესტოებიდან ორთქლი.

თენგომ აივანზე გამოაბიჯა, ზედ კიბის თავზე შედგა, ჯიბიდან დრეამის კოლოფი ამოაჩოჩა და სიგარეტზე მოკიდება სცადა. ჯხაკ – გაჩხაკუნდა სანთებელა, – ჩხაკ, – ისევ, მაგრამ არ აინთო. თენგო სიგარეტს მოეშვა და კიბის საფეხურზე ჩამოჯდა. კიბეზე ასვლისას ჯიბეში ჩემი სანთებელა მოვძებნე. ხელები ოფლიანი მქონდა და ჯიბის სარჩული ზედ მეკრობოდა. როცა სიგარეტის მოსაკიდებლად ხელი გავუწოდე, თენგომ თავი გააქნია და მე დავინახე მისი  თოვლივით თეთრი, ფითქინა სახე და მუქი, შავი თვალის უპეები. სანთებელა მხრიდან უბეში ჩავუცურე და ოთახში შევედი. რამდენიმე წამით გავჩერდი, ვიდრე სიბნელეს თვალს შევაჩვევდი, მესმოდა ჩემი გულისცემის ხმა, რომელიც პირდაპირ ტვინში მირტყამდა. როცა ფანჯრიდან ფარდა გადავწიე და ოთახში დღის ჭუჭყიანმა სინათლემ შემოაღწია, დავინახე გაბო. ოთახის სიღრმეში, დიდ, მრგვალ მაგიდასთან, სელის სკამზე იჯდა. ხელები სკამის საზურგედან უღონოდ ჰქონდა ჩამოყრილი, თავი კი წინ, მაგიდისკენ ჩამოჰკიდებოდა. იატაკზე მიმხმარ სისხლში სამართებლის გატეხილი პირები ეგდო.

ოთახში თენგოს ქვითინის ხმა შემოდიოდა, მე კი ამ დროს, მიქელანჯელოს „პიეტა“ გამახსენდა, ტოსკანას თეთრ მარმარილოში გამოკვეთილი ქალწული მარიამის და ნაწამები იესოს ბიბლიური კადრი, რომელიც ციხის ბიბლიოთეკაში, რომელიღაც თანამედროვე ჟურნალში ვნახე. იქვე დავჯექი, ხის ტახტის კიდეზე, კედელს მივეყრდენი და თვალები დავხუჭე.

მოსკვიჩის კარის ხმამ გამაღვიძა, რამდენიმე წამში ძრავიც ახრიგინდა. თენგო  ქალაქში გაბრუნდა, ალბათ გაბოს დებთან. ხელისცეცებით გავედი აივანზე და კინაღამ ძაღლს დავაბიჯე, რომელიც იქვე, ოთახის ზღურბლთან იწვა. ცოტა ხანში, ეზოს ბოლოსკენ ტურები აყმუვლდნენ, მაგრამ ძაღლს მათთვის ყურადღება არ მიუქცევია. არც მე. ვცდილობდი გამეხსენებინა მელოდია, რომელსაც დეიდა მარგო თავის საყვარელ პიანინოზე უკრავდა. მაშინ მე და გაბო პირველად დავთვერით, გაბოს დაბადების დღეზე, მეექვსე თუ მეშვიდე კლასში. მამაჩემი და მამამისიც იქ იყვნენ, ხელში ღვინის ჭიქებით და ქირქილებდნენ. მგონი, დაგვცინოდნენ.

 

1 2 3