II

სცენა ჩაბნელებულია. მის ცენტრში, მამაოს წვეროსანი სახე და წინ გამოწვდილი ხელების ფონზე შავი ანაფორის კონტური ჩანს.
ისმის ტექნო მუსიკის მონოტური ბგერები, ხმა ნელ-ნელა ძლიერდება. მამაო უძრავად დგას და სივრცეში იყურება. მოულოდნელად დაიყვირებს:

– იცით?! (პაუზა)

– იცით?! (დაიყვირებს უფრო ხმამაღლა. პაუზა)

– იცით რა რთულია ამათი მწემსვა?! (ხმამაღლა გამოსცრის კბილებში და ხელებს პარტერისკენ იშვერს.)

– რთუ-ლი-ა! (მამაო წელში მოხრილი რამდენიმე წამით შეშდება, მუსიკა ჩქარ რიტმში გადავა და მამაო მოუქნელად დაიწყებს ცეკვას)

სცენა მთლიანად ჩაბნელდება, მიწყდება მუსიკაც. ათიოდე წამის განმავლობაში ისმის აუტანელი წუილი.
როცა განათება ჩაირთობა, წინა პლანზე დავინახავთ იესოს, თავზე ეკლის გვირგვინით, რომელიც ოთხზე მდგარი ზურგით ხის ჯვარს მიაჩოჩებს. მის უკან კი არის ბევრი ჩრდილი, რომლებიც კარგად არ ჩანან. ისინიც ოთხზე დგანან, იატაკს ურტყამენ ხელებს, თითქოს იესოს გულშემატკივრობენ და იძახიან:

– მიდი, მამაო ჩვენო! მიდი, ღმერთო ჩვენო!

ხელების ქნევას რომ მორჩა, დათო რბილ სავარძელში ჩახტა და მომაჩერდა.

– რა. – შევხედე და პლასტმასის სიფრიფანა კათხიდან თბილი ლუდი მოვწრუპე.

– რა, რა, ბიჭო, აბა, როგორია? – კითხვა დამიბრუნა დათომ, რომელმაც ეს-ესაა მინისპექტაკლი გაითამაშა.

– არ ვიცი, ვერ მოიტანა, ვერაფერი გავიგე. – ვუპასუხე გულწრფელად.

დათომ ერთხანს ანთებულ სიგარეტს უყურა, მერე ადგა და სამზარეულოში გავიდა. – აზრზე არ ხართ! – მომაძახა გასვლისას.

გავიგე, როგორ მოუშვა სამზარეულოს ონკანი და ჭურჭლის რეცხვას შეუდგა, ამას ძირითადად უკიდურესი საჭიროებისას აკეთებს ხოლმე.

– არ გინდა ამ სირობას მოეშვა და რამე საინტერესოზე იმუშაო? – გავძახე ხმამაღლა.

– რა?

– ხუინა! არ გინდა ამ სირობას მოეშვა და სხვა რამე გააკეთო?

– ჰა?

წყლის იაფფასიანი გამათბობლის ხმაურში, დათოს ჩემი ხმა არ ესმოდა ან განზრახ იყრუებდა ყურს. ინტერნეტით შემთხვევით გავიცანი, ძალიან ჩვეულებრივ. წყლის მიწოდება ორივეს ერთდროულად შეგვიწყდა, კომპანიის საიტზე კომენტარების დატოვების შემდეგ იქვე გავისაუბრეთ. აღმოჩნდა რომ ერთ ქუჩაზე ვცხოვრობდით. მე ქუჩის ბოლოს, ის – დასაწყისში. როცა ჩემი ლიტერატურული იმპულსები მოსვენებას აღარ მაძლევდა, რაღაც ტექსტებს ვწერდი, ბრმად ბეჭდვის მეთოდით და ინტერნეტში ვდებდი.  დათო ტექსტში დაშვებული გრამატიკული შეცდომების შესახებ მწერდა, რაც სრულებით არ მაინტერესებდა და ვერც ვერკვეოდი, მაგრამ ერთ დღესაც, როცა ჩემი მეგობრებიდან ვერცერთი ვერ მოვიხელთე, გადავწყვიტე, რამდენიმე ჭიქა დათოსთან ერთად დამელია.

დათო, ორმოც წელს მიტანებული, საშუალო სიმაღლის ტიპია. ასეთს მილიონს ნახავ ქალაქში. თმაში ჭაღარაშერეული, ჩვეულებრივი გარეგნობის კაცებით სავსეა ქუჩები, მეტროსადგურები, ავტობუსები. ადრე, წლების წინ, მისი პიესა ქალაქის ერთ-ერთ პრესტიჟულ სცენაზე დაიდგა და ძალიან კარგი გამოხმაურებაც ჰქონდა, მაგრამ მომდევნო პიესები არაფრად უვარგოდა. როგორც თვითონ მიამბო, ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ცუდ სიზმარში. დათო კი მაინც იჯდა და ახალ-ახალ პიესებს წერდა, რომელებსაც ვერ იღებდა საზოგადოება, მის პოპულარობასაც ნელ-ნელა გასდიოდა ყავლი და ბოლოს, როცა ყველასგან სასაცილოდ აგდებული საყვარელმა ცოლმაც მიატოვა, დათო სახლში, ხუთსართულიანი კორპუსის მესამე სართულზე გამოიკეტა. ახლა მისი ერთადერთი შემოსავალი სოციალური შემწეობაღაა.

მე იშვიათად მივდივარ მასთან. ზოგჯერ კარს არ მიღებს, არადა, ვიცი, რომ სახლშია. თამბაქოს სუნით გაჟღენთილ ოთახში ზის და მშვიდად უსმენს როგორ ვაკაკუნებ, მერე, ვაბრახუნებ, ბოლოს ვიგინები და მივდივარ. მგონია, რომ ეს ყველაფერი მას სიამოვნებას ანიჭებს, ან არ ვიცი, შეიძლება უბრალოდ გიჟია.

– დათო, გიჟი ხარ? – გავძახე ისევ.

– ხელოვანი ადამიანის ცნობიერების გაფართოებას გონებრივი აშლილობა უწყობს ხელს! – ომახიანად გამომძახა სამზარეულოდან, რამდენიმე წამში კი ოთახში შემოვიდა, თავის რბილ სავარძელში ჩაეშვა და თქვა – ღმერთი კვდება საქართველოში!

– რატომ მელაპარაკები დაქნეული ბიტკინების გაცვეთილი ფრაზებით? – ვკითხე, – ეგ შენი პიესებიც ეგეთი რაღაცებით არის გატენილი და ბუნებრივია, რომ ჩვენი კონსერვატიული საზოგადოება არ იღებს მათ. არ ჯობია, დაწერო რაღაც ისე, გასაგებ და მარტივ ენაზე, დაიკიდო ეგ სიმბოლისტური თხრობა და რამე სასარგებლო გააკეთო?!

– წუხანდელ სიზმარში, მუხლებამდე წყალში მივტოპავდი და თავზე რქები მეზრდებოდა. სწორედ ისეთი, როგორიც ირმებს აქვთ, წარმოგიდგენია? – დათომ ლუდის ცარიელი ბოთლი შეანჯღრია და ოთახის კუთხეში მოისროლა, – მეზრდებოდა ეს რქები, მე კი მივდიოდი, ოღონდ არ ვიცი სად, რქები კი ისევ იზრდებოდა, ბოლოს, იმხელა გაიზარდა, რომ ცაში რაღაცას გამოედო, გესმის?

– მერე?

– მერე ის, რომ შენ მეუბნები შეეშვი სიმბოლოებსო, მაშინ, როცა ისინი განსაზღვრავენ ჩემ ბუნებრივობას. მთელი მუღამი ამაშია – იღებ და გადაამუშავებ ფიქრებს, ფანტაზიას რეალობად აქცევ, იდეას ხორცს შეასხამ. სიმბოლოები ამაში ძალიან გეხმარებიან. ამ დილით სიკვდილზეც კი ვფიქრობდი, როგორ მომნატრებია. თითქოს ჩემი რქები იქ, ცაში კი არ გაიჭედა, ვიღაცის ძლიერმა ხელებმა დააკავეს.

– რა რქები, დათო?

– ჩემი ძალიან გრძელი, ცაში გაჭედილი რქები!

– ირემი, რქები, სიკვდილი. შენ თუ არ უქნევ, მაშინ მე ვარ რენდელ მაკმერფი!

– გუშინ ონლაინ მაღაზიის ვებ-გვერდი ვნახე, სადაც მანქანის სათადარიგო ნაწილები, პენისის გასადიდებელი გელები და ვიბრატორები იყიდებოდა ერთად და კიდევ მე ვუქნევ?! ხალხს, ხალხს რა, ხალხს უნდა ნაგავი, მაგათ ნეხვი რომ ლამაზად შეუფუთო, ეგეც მოეწონებათ და შენ მთავაზობ, რომ მეც მათსავით ფსკერზე დავეშვა?!

– არ ვიცი, დათო, მე არაფერს არ გთავაზობ. მაგრამ შენც ხომ ხედავ, წლები გადის და არსად გბეჭდავენ, ყურადღებას არავინ გაქცევს. შეიძლება მომწონს კიდეც რაღაცები, რასაც წერ, მაგალითად ის სცენა, თბილისში წარღვნა რომ მოხდება და ზოოპარკის ცხოველები ატრაქციონის გემით რომ გაცურავენ.

– მოგწონს?! მოგწონს კი არა, გეცინება. მაგრამ აზრზე არ ხარ, რა დევს მაგაში. – მიპასუხა და ალუმინის თავმოჭრილ ქილაში ჩააფურთხა. – ახლა იტყვი,  შენი ჭირიმე, ვინ უნდა ეს აზრი, ყველას კიდია. ჰოდა, აი, მანდ ცდები! იცი რა, მე რომ შევძლო და ვიპოვო ის ბუნებრივი ენა, რომელითაც ერთ დროს ყველა ადამიანი მეტყველებდა, პოპ-ვარსკვლავი გავხდები! ეს ენა ისე გაფუჭდა, სადაცაა ფუნქციას დაკარგავს. რა არის მისი ფუნქცია?! – მომაჩერდა – ენა, ენა. გადმოსცემს ენა საგნების ჭეშმარიტ არსს?

– კი, ხე ხეა. – ვუპასუხე მყისიერად.

– ჰეჰ, ხე ხეა. აბსურდი, სისულელე! სიცოცხლე სიცოცხლეა, ბრძოლა ბრძოლაა, ომი ომია?! ჩვეულებრივი იდიოტი ხარ! ტკივილიც ტკივილია…

 

1 2 3