– მაშინ რაღას წერ ამ უსარგებლო პიესებს, რატომ იტანჯები? რატომ აძლევ  ცხოვრებას უფლებას, შეგჭამოს და გაგანადგუროს?! ამ მოკურკლულ ოთახში როდემდე აპირებ ჯდომას, როდემდე! ა, იჯდები აქ ღრმა სიბერემდე და ღამით ნანახ სიზმრებს ჩაიწერ?! ტკივილს ყბაში თუ არ მოსდე დაგღეჭავს ისე, რომ აზრზეც ვერ მოხვალ და როცა გამოფხილზდები, ჯანდაბა, როცა იტყვი აზრზე მოვედიო, მაშინ ჩაგყლაპავს! მერე იდექი და იძახე ასე და ისეო – იქნები გადაყლაპული! – სიტყვები ტყვიამფრქვევის ჯერივით მივაყარე, სპორტული მოსაცმელი ავიღე, კარში გავედი და კიბეზე ჩასვლისას მივაძახე, – ტრაკი გაატოკე, დათოიე დრამატურგო!

გზად ჩემი ძველი სკოლის მასწავლებელი შემხვდა, რომელსაც უსიტყვოდ ჩავუარე, კიდევ ვიღაც ბაბულიკას ნაშა, სტანდარტული, არაფრისგამომხატველი სიფათით, პრიალა ჩანთით და აიფონით ხელში. სახლში შესვლამდე კი, ეზოში მოთამაშე ბავშვებმა ბურთი ფეხებშორის გამიტარეს და ყიჟინა დასცხეს. ჩემი მეზობელი კლარა ისევ ვიღაცას წყევლიდა. ის იყო მაცივრიდან ლუდი გამოვიღე და დივანზე გადავწექი, რომ ქუჩაში წიოკი ატყდა. ფანჯრიდან რომ გავიხედე, ყველანი ქუჩის დასაწყისისკენ გარბოდნენ. სადარბაზოდან გასვლისას ვიღაც დამეჯახა, წაბორძიკდა, მერე გასწორდა და სირბილი განაგრძო.

მე ჯერ ნელა მივდიოდი, ჩვეულებრივი ნაბიჯებით, მაგრამ ძალიან ცოტა ხანში წიოკი მიწყდა, თითქმის აღარაფერი ისმოდა. ქუჩა ისე აუტანლად გაირინდა, რომ შემეშინდა, ნაბიჯს ავუჩქარე და იქით გავიქეცი, სადაც ხალხი იყო მოგროვილი.

დათოს საცხოვრებელ კორპუსთან 20-30 კაცი მაინც შეგროვილიყო, ზოგი ტელეფონიდან რეკავდა, ვიღაცები ჩურჩულებდნენ. – ღმერთო, გადმოხტა. ღმერთო, ღმერთო…  – მხოლოს ეს გავიგე გარკვევით მაშინ, როცა ხალხში გზას მივიკვლევდი.

კორპუსის წინ, სისხლის მოზრდილ გუბეში იწვა დათო. ხელები თავში შემოვირტყი. ერთხელ, მეორედ, მესამედ. ბოლოს, გავბედე და ახლოს მივედი. ფეხსაცმელი არ ეცვა, მარჯვენა ხელის თითებს ატოკებდა, თვალები კი ღია ჰქონდა. ჩავიმუხლე და გულმკერდზე ხელი დავადე.
– შესაშურად… – ძლივსგასაგონად წაილუღლუღა. – შესაშური დახვეწილობით შეიძლება განადგურდეს… – თქვა მან და პირიდან სისხლი ამოანთხია.
ვიდრე სულს დალევდა, მისი ხელი მეჭირა მაგრად, მაგრამ დიდხანს არ უწვალია.

(პოლიციის და სასწრაფო დახმარების სირენების, ხალხის ჩოჩქოლის ხმა. გადაძახილები. მთავარი მოქმედი პირი გვამთან ზის და ქვითინებს. ფარდა)

შესაშური დახვეწილობით ადამიანის განადგურების ვის სჯერა, ღმერთო ჩემო!

 

III

– მე მგონი ქალაქს დაუშვეს, ამათი დედა!.. – დაიღმუვლა ვიღაცამ ჩასაფრებიდან, წამოხტა და მტრის პოზიციებისკენ გაიქცა, მაგრამ სერჟანტი დროულად წამოეწია და ერთი ძლიერი ბიძგით გზის მეორე მხარეს, თხრილში ჩააგდო. მოწინააღმდეგის ტექნიკის ხრიგინმა გვიხსნა. ცხელოდა, ბიჭები ვერ ისვენებდნენ, მტრის კოლონაც ადგილიდან არ იძვროდა, რომ ჯავრი ამოგვეყარა. შეიძლება იცოდნენ ჩვენი პოზიციების შესახებ, იდგნენ არხეინად და ჩვენ მოთმინებას ცდიდნენ. არ ვიცი, საუკეთესოდ კი ვიყავით შენიღბულები. რიგითი და სერჟანტი თხრილში დარჩნენ, ზედმეტად საშიში იყო გზის ხელმეორედ გადაკვეთა. ქათამაძე მეჩურჩულებოდა, რომ ჩვენს უკან, რამდენიმე ათეული კილომეტრის მოშორებით ბომბდამშენები ქალაქს ბომბავდნენ.

მეტყვიამფრქვევე მყავდა მიზანში, შეჯავშნული მანქანის კაბინიდან ჰქონდა თავი ამოყოფილი და აბოლებდა. რამდენიმე წუთი სამიზნისთვის თვალი არ მომიცილებია და ერთადერთი ბოლო კადრი, რაც იმ წყეული დღის დასასრულს დამამახსოვრდა ეს იყო – მტრის ცხვირგაღუნული ჯარისკაცის ოფლიანი სახე. კიდევ იყო შიშინი და რაღაც, წვეტიანი ხმაური ყურებში.

გონზე ჰოსპიტალში მოვედი. ზურგში ჭურვის რამდენიმე ნამსხვრევი ჩამრჩა, მაგრამ გადავრჩი. ვერ გადარჩნენ ქათამაძე, მეგრელიშვილი და სხვები, რომლებსაც კარგად არ ვიცნობდი, რადგან ჩვენი რაზმი, საბრძოლო ოპერაციაში ჩართვამდე რამდენიმე საათით ადრე ჩამოყალიბდა. დავკარგე  თანამებრძოლები, შაშხანა და პატრიარქის ნაკურთხი ვერცხლის ჯვარი.

ფეხზე გავლა როცა შევძელი, ომი უკვე დამთავრებული იყო. მეც და ჩემი სახლიც ერთდროულად დაგვბომბეს. ქალაქის ის უბანი, სადაც მთელი ბავშვობა გავატარე, ნანგრევებად იყო ქცეული. მხოლოდ სასტუმრო გადაურჩა ნგრევას და ჩვენც იქ შეგვასახლეს. ჩვენ, ვინც დავკარგეთ ყველაფერი, საკუთარი სიცოცხლის გარდა. შეგვასახლეს, რა თქმა უნდა, დროებით, მაგრამ მეოთხე წელი მიიწურა, რაც ისევ აქ ვართ, ძველ სასტუმროში, რომელიც ათობით ოჯახის თავშესაფრად იქცა.

ღამით ცუდად მძინავს. მხოლოდ მე კი არა, აქ ყველას ცუდად სძინავს. ხშირად ისმის განწირული ყვირილი, ტირილი, ოხვრა. ზოგჯერ მეც ვფრთხები, მაშინ, როცა ქათამაძის ხმა ცხადად ჩამესმის ყურში – ტა, ტა, ტა… ტა, ტა, ტა!.. მერე დილამდე ვეღარ ვიძინებ და მიწევს სხვების ძილს მოვუსმინო. აქ კედლები ძალიან თხელია, სახელდახელოდ ჩატიხრული ოთახები – ცხელი. ზოგჯერ მგონია, სადაცაა მოვიხარშები და ეზოში გავდივარ.

ახლა აქ, დიდი ეზოს ნაცვლად, პატარა სკვერია, რამდენიმე საქანელა დგას და იქვე სკამი, რკინის, მასიური, ხის საზურგით. ეს სკვერი ჩვენი საჩუქარია. სასტუმროში შესახლებისთანავე მოგვიწყვეს, მას მერე, რაც სახლების ნანგრევები გაიტანეს და მათთან ერთად საფლავებიც გადაიტანეს. უფრო სწორად ერთად დამარხული ხუთი ადამიანის სხეულის ფრაგმენტები. ხუთივე ერთი ოჯახიდან. სამზარეულოში სადილობისას, პირდაპირ მათ შორის გასკდა ბომბი. ვიტალი კი გადარჩა, მოაგროვა ცოლ-შვილის სხეულის ნაწილები, ზეწარში გამოკრა და იქვე, ნანგრევებს შორის დამარხა. სხვა გზა არც ჰქონდა, მაშინ ქალაქი მტერმა დაიკავა. ყველა მხრიდან ისროდნენ თურმე.

ვიტალიც აქ შემოასახლეს, დროებით. ჩემი ოთახიდან რამდენიმე ნაბიჯში მისი კარია, საიდანაც ღამ-ღამობით ისმის სიცილი. ის თითქმის არ ლაპარაკობს. მიუხედავად იმასა, რომ უკვე რამდენიმე თვეა რკინის საამქროში ერთად ვმუშაობთ, მის მიერ წარმოთქმული სრული წინადადება არ მომისმენია.

ზაფხულის ცხელ დღეებში, როცა ჟურნალისტები მისი ისტორიის მოსასმენად საამქროში ან სასტუმროში მოდიან, ეძებენ კაცს ყელზე ღრმა, გრძელი ნაიარევით და როცა იპოვიან, ვიტალი მაინც ჩუმადაა, ხანდახან ამბობს, რომ არ უნდა იმის გახსენება რაც იყო და მორჩა. ისე კი ყველამ ვიცით რაც მოხდა, მაგრამ მასთან ამაზე საუბარს თავს ვარიდებთ. ვუფრთხილდებით. ოჯახის არცერთი წევრი ცოცხალი აღარ დარჩა. როცა არ მუშაობს, ყოველთვის სკვერში ზის, იმ ადგილას, სადაც თავისი ოჯახი საკუთარი ხელით დამარხა.

ჩვენი ქალები ზოგჯერ ტირიან. ჰოლის გრილ დარბაზში, ყავის სმის რიტუალში გადაშვებულები უცებ ფხიზლდებიან და ქვითინებენ. ხანდახან ერთმანეთს უყვირიან, რადგან წყალი გრაფიკით მოდის და ყველას არ გვყოფნის. ბავშვები ამბობენ, რომ შენობა განათებული უნდა იყოს – ღამით საპირფარეშოში მარტო ვერ გავდივართო. მათ ყოველთვის სჭირდებათ მოდარაჯე გამყოლი, მაგრამ დღისით, როცა ისინი ომზე არ საუბრობენ და სკვერში, ახლად მორწყულ მიწაზე თამაშობენ, ჩვენ, ყველანი ვდგავართ მტვრიან ფანჯრებთან და ვიღიმით.

ზოგჯერ, როცა ძველი ფოტოების ყურება მღლის ან აღარ მინდა, ფილმებს ვრთავ და ზურგს ვენტილატორს ვუშვერ. ბევრი კარგი ფილმის ნახვა მოვასწარი. გუშინ ლეპტოპში ტაკაში მიიკეს „სამურაის სიკვდილს“ ვუყურებდი და იმ დროს, როცა სამურაი სეპუკუს იტარებდა, ოთახში მოულოდნელად შემოსულმა ვიტალიმ, ნაიარევზე ინსტიქტურად მოისვა ხელი.

 

 

 

1 2 3