ჯაშუშის ცოლი / Wife of a Spy

კიოში კუროსავა ჟონგლირებს ჟანრული ტროპებით და ისე ცვლის პერსონაჟების პერსპექტივებს, როგორც ილუზიონისტი ურევს დასტას კარტით ფოკუსის ჩვენების დროს. ეს კი მაყურებლისთვის ემოციურად სეისმური მდგომარეობის გამომწვევია, რადგან ბოლო წუთამდე გიწევს სიმართლის გამორკვევა და მთავარი გმირის ძიება, ხან ერთი პერსონაჟის მიმართ გიჩნდება ემპათია, მოულოდნელად სიუჟეტური ხაზი ისეთ ტრაექტორიას იღებს, რომ მეორე პერსონაჟისადმი ხდები ემპათიური და ვინც მანამდე იყო პოზიციონირებული ისტორიის მორალურ ღერძად, მისდამი გიჩნდება ანტაგონიზმი. კუროსავა ოჯახის და სამშობლოს სიყვარულს ერთმანეთში მჭიდროდ გადაჯაჭვულ და მკაცრად სიმბიოზურ მოცემულობად წარმოგვიდგენს, ფსევდოპატრიოტიზმის ბუნებას აშიშვლებს და მოულოდნელად, ინტიმურ ისტორიას გლობალურ მასშტაბს სძენს, რაც ერთბაშად ირონიით და ტრაგიზმით სავსე გრძნობებს აჩენს.

ქალი, რომელიც გაიქცა / The Woman Who Ran

ჰონ სან სუს მთელი ფილმოგრაფია ადამიანურ მდგომარეობაზე დაკვირვებაა, მინიმალისტური ფილოსოფიური ჩანახატები ეგზისტენციურ საკითხებზე, ეთიკურ ჭიდილებსა თუ მორალურ დილემებზე. „ქალი რომელიც გაიქცა“ რეჟისორის კვინტესენციური ნამუშევარია, რომლის მთავარი სამსჯელო სივრცეც სიყვარულის გარეშე დარჩენილი ურთიერთობაა. თითოეული დიალოგი განსხვავებული პერსპექტივების და იდეების გაცვლა-გამოცვლაა, რომელის მოსმენა და რომელზე დაკვირვებაც ძალიან საინტერესო გამოცდილებას იძლევა.

 

 

1 2 3 4 5