ვფიქრობ ყველაფრის დასრულებას / I’m Thinking of Ending Things

ჩარლი კაუფმანის ფილმი გასული წლის ყველაზე შთამბეჭდავი თავსატეხი და მედიტაციაა ადამიანის ცნობიერების და მეხსიერების სტრუქტურის შესახებ. მუდმივად მანევრირებადი სიუჟეტი, სადაც ყველაფერი ლიკვიდურია და გარდაქმნას ექვემდებარება, სავსეა შემაძრწუნებელი, მომხიბვლელი, მელანქოლური, რომანტიკული, იუმორისტული, დაძაბულობით და ერთი შეხედვით, გაურკვევლობით სავსე სცენებით, თუმცა ფილმის დასასრულს, როდესაც აუცილებლად დაიწყებთ ნანახის გაანალიზებას, რუბიკის კუბივით მოგიწევთ სიუჟეტური დეტალების აწყობა და როდესაც ყველაფერს თავის ადგილას დაალაგებთ, ეს უკვე ფილმის ყურებისგან მიღებულ სიამოვნებაზე გაცილებით დიდ ემოციურ რეზონანსს გამოიწვევს და განსაკუთრებულ სინეფილურ სიამოვნებას მოგანიჭებთ.

ახალი წესრიგი / New Order

ჰიპერბლიზებული დრამატიზაცია იმისა თუ რა შედეგები შეიძლება გამოიწვიოს მუდმივად მზარდმა ეკონომიკურმა უთანასწორობამ. მთელი ქრონომეტრაჟის მანძილზე, ფილმი მხოლოდ დისკომფორტის და უსამართლობის განცდით გამყოფებს და პრინციპში სწორედ ესაა მისი დანიშნულებაც, მიუღებლობა გაგიჩინოს ეკრანზე მიმდინარე მოვლენებისადმი და შესაბამისად, კრიტიკული თვალით შეგახედოს მისი გამომწვევი ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ. თუმცა მთავარი აპერკოტი ფილმის სასრულ სცენაში ხვდება მაყურებელს, რომელიც ირონით, სევდით და უსამართლობის გრძნობით სავსე ხულიგნური აღწერაა ველური კაპიტალიზმის ლოგიკის და მის წიაღში აღმოცენებული „ცივილური საზოგადოების“ მნიშვნელობის შესახებ.

 

1 2 3 4 5