Another Round / ერთი ჭიქაც

მადს მიკელსენის საოცრად ქარიზმატული და ბუნებრივი პერფორმანსი და 2020 წლის საუკეთესო ფინალური სცენა დაგხვდებათ ტომას ვიტენბერგის ფილმში, სადაც აგრეთვე იხილავთ დანიიის ლიბერალური საზოგადოების კრიტიკას, რომლის წიაღშიც ყველაფერი მეგობრულად და მოწესრიგებულად ჩანს, მაგრამ პირადი ტრაგედიებით, ემოციური ტრავმებით  და ირგვლივ არსებული ინდიფერენტულობით დამძიმებული დახმარების, ნუგეშისცემის და მზრუნველობის გარეშე დარჩენილი ინდივიდები ცდილობენ ალკოჰოლური ექსტაზის საშუალებით დაიბრუნონ სიცოცხლეში ყოფნის მღელვარება. დასამახსოვრებელი პერსონაჟები, ინტერაქციები და ალკოჰოლით გაჯერებული დიდი ემოციური კალეიდოსკოპი გელით წინ.

ნადირობა / The Hunt

ნეოლიბერალური ფაშიზმის აღმწერი იდეალური ნაწარმოები, რომელიც ყოველგვარი დიდაქტიკის თუ ფილოსოფიური მსჯელობის გარეშე, მარტივი, ექშენ ჟანრის ხერხებით, სატირის და სასპენსის ელემენტების გამოყენებით, ქმნის იდეოლოგიური და ეკონომიკური პოლარიზაციის ილუსტრაციას, თავის მიზეზშედეგობრივი კავშირებით. ნეოლიბერალური ელიტის აროგანტულობა, ზედაპირული აზროვნება, აბსურდული ღირებულებათა სისტემა, ყველაფერი იმდენად ორგანულად და სასაცილოდაა ნაჩვენები, შეუძლებელია პარალელები არ გაავლოთ ფეისბუქში განხორციელებულ ქართულ ნეოლიბერალიზმთან, მის წარმომადგენელ ჯგუფებთან და ინდივიდებთან.

 

1 2 3 4 5