ნ.გ.: რის გამო არის გია ყანჩელის მუსიკა პირადად თქვენთვის ძვირფასი და რა ადგილი უჭირავს მის საფორტეპიანო მუსიკას თქვენს რეპერტუარში?

ანა გურარი: გია ყანჩელის არაჩვეულებრივ კინომუსიკაზე თაობები გავიზარდეთ. ბევრი რამ მისი კამერული და სიმფონიური მუსიკიდან მხოლოდ ბოლო წლებში აღმოვაჩინე. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემ ბოლო CD-ზე, Eluyive Affinity (ECM), გია ყანჩელისგან ორი მინიატურა ჩავწერე. ეს არის შუქით განათებული ორი ეპიზოდი ძალიან წყვდიადით მოცულ ნაწარმოებებს შორის. ბედნიერი ვიყავი, როცა გია ყანჩელმა დამირეკა, რათა ჩემთვის ეთქვა, როგორ ძალიან მოეწონა მას ჩემი ეს ჩანაწერი!

ნ.გ.: თქვენ პრიორიტეტს ფორტეპიანოზე ბგერის ფერადოვნებას ანიჭებთ. როგორ აღწერდით გია ყანჩელის მუსიკისთვის დამახასიათებელ ბგერას?

ანა გურარი: ეს მაღალი ხელოვნებაა, დაწერო მელოდია, რომელიც სახელს იმსახურებს. გია ყანჩელისთვის კი, ცნობილია მომაჯადოვებელი მელოდიის საიდუმლოება! პირდაპირ გასაოცარია, როგორი უბრალოებით ერთიანდებიან მის მელოდიაში სრულიად განხვავებული, საოცარი სამყაროები, ღვთაებრივი, ლაღი მხიარულებიდან დაწყებული, გამანადგურებელ ტკივილამდე დამთავრებული. და მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ძალიან ღიად და გულწრფელად ხდება, იქმნება ავთენტურობის განუმეორებელი შთაბეჭდილება, რასაც მხოლოდ ყველაზე დიდ შემოქმედთან თუ შევხვდებით. გია ყანჩელი არის დიდი ოსტატი!

ნ.გ.: თქვენ სკრიაბინი შეადარეთ Beckmann-ისა და Grosz-ის ექსპრესიონისტულ ტილოებს. როგორ შედარებას მოახდენდით გია ყანჩელის მუსიკის შემთხვევაში?

ანა გურარი: გია ყანჩელის მუსიკა იმდენად მრავალფეროვანია, რომ შეუძლებელია, რომელიმე ნახატმა მოიცვას. მიუხედავად იმისა, რომ მის მუსიკაში მუქი ფერები ჭარბობენ, მე მაინც ვიტყოდი, რომ სინათლე სადღაც მაინც შეიმჩნევა. მასში არის იმედის ნათება და ბედნიერების ციალი, სიცოცხლის შუქი!

 

 

1 2 3 4