დავსხედით. მე ჩვეულებისამებრ ჩემი ხმისჩამწერი აპარატი ჩავრთე და ქალბატონ ანას ვუთხარი, რომ მისი ხელოვნებით ძალიან მოხიბლული ვარ, რომ ბევრი წამიკითხავს და მსმენია მის შესახებ. ამის გაგონება, რა თქმა უნდა, რესპოდენტს ესიამოვნებოდა. ამ შეხვედრიდან ჩემთვის მოულოდნელი დარჩა მისი აბსოლუტური უშუალობა, ცნობისმოყვარეობა, ბავშვური გულღია სიცილი. ის აღმოჩნდა საოცრად ბუნებრივი, გულწრფელი და რეალური პიროვნება, დედა და მეუღლე, რომელსაც ადამიანებთან ურთიერთობა დიდ სიხარულს ანიჭებს.

ვიგრძენი, რომ კიდევ უფრო მეტად როიალისგან მქონდა მოსვენება წართმეული და ინტერვიუს დასაწყისიც ამან განსაზღვრა.

ნ. გ.: ქალბატონო ანა, თქვენ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ფართო მაყურებლის წინაშე უკრავთ. არის მსმენელთა სხვადასხვა კატეგორია, მათ შორის, შესანიშნავად მომზადებული მსმენელი, რომელსაც ზედმიწევნით ზუსტად ესმის მუსიკოსის და მისი აბსოლუტურად ადეკვატური შეფასება შეუძლია. ამასთან, რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, თავად არ უკრავს . თქვენი აზრით, არის თუ არა რაიმე, რისი განცდაც მხოლოდ ინსტრუმენტზე დაკვრითაა შესაძლებელი დაარა სხვა გზით? მაგალითად, მუსიკის კარგი მოსმენისა თუ გაგების უნარით?

ანა გურარი: ხელოვნების აღქმა, სულერთია, იქნება ეს სახვითი ხელოვნება თუ მუსიკა, ძალიან პირადი და სუბიექტურია. ამდენად, შეუძლებელია მისი საყოველთაო, უნივერსალური შეფასება. და კარგიცაა, რომ ეს ასეა! აქ გრძნობისა და აღქმის უამრავ ფაქტორს ენიჭება მნიშვნელობა, ასევე გარეშე ფაქტორსაც. შეიძლება, დღის განრიგი აღმოჩნდეს გადამწყვეტი. როდესაც ადამიანი მოსმენისას მუსიკით ისეა შეპყრობილი, რომ, მაგალითად, ტირის, ის მუსიკალურ არქიტექტურასა და ჰარმონიულ ანალიზზე არ ფიქრობს. ის, რომ შემზადებული ყური გაგონილში ანალიტიკურად ბევრ საინტერესოს მიაგნებს, რა თქმა უნდა, ეს მისთვის გამამდიდრებელი და მეტი ხიბლის შემძენია. მაგრამ, მუსიკის ფენომენი და მისი საიდუმლოებაც იმაში არ მდგომარეობს, რომ ის ყველანაირი ანალიზის, სიტყვისა და მეცნიერების საზღვრებს სცდება? „გულიდან წამოსული ისევ გულთან უნდა მივიდეს!“, – წერდა ბეთჰოვენი.

ახლა უკვე ამ სიტყვებმა განსაზღვრეს ჩემი შემდეგი შეკითხვაც. – ქალბატონო ანა, შეიძლება,თქვენს როიალზე დავუკრა?

ცოტა ღიმილი შევატყვე . -არა, მე პიანისტი არ ვარ, მაგრამ ვუკრავ. თუ შეიძლება, რომ…

ამ დროს ისე გემრიელად გადაიკისკისა, უეჭველად, ეს თანხმობის ნიშანი იყო. თავი დამიქნია და მეც მეტი რა მინდოდა. გავემართე როიალისკენ, რომლის თეთრი კლავიშები ოთახის შუქზე მარგალიტებივით ბზინავდნენ. როცა ინსტრუმენტს მივუჯექი, მაშინ დავფიქრდი, ვისთან უნდა დამეკრა, მაგრამ უკვე გვიანი იყო- წყალში საკუთარი ნებით გადავხტი და ახლა ცურვა ვიცოდი თუ არა, ნაპირზე თავადვე უნდა გამოვსულიყავი.

ჯერ კონკრეტული ნაწარმოები ვერ გავბედე, ქრომატიული გამით ჩამოვუარე კლავიატურას… ამავე მარკის როიალზე დაკვრის არაერთი ბედნიერი შემთხვევა მქონია, მაგრამ ასეთი გამაოგნებელი არცერთი არ ყოფილა – ინსტრუმენტი ადამიანივით იმდენად სენსიტიური იყო, რომ ჩემს სუნთქვასაც კი გრძნობდა. ანას ამაზე გაეცინა, ეს როიალი უკვე ჩემზეა მორგებულიო და იქვე მკითხა, თუ შევასრულებდი რაიმეს. მეც სკრიაბინის ერთი-ერთი პრელუდი დავუკარი, რომელიც რამდენიმე ხნის წინ მისი შესრულებით მოსმენის შემდეგ შევარჩიე. ანა  ამ კომპოზიტორის ერთ-ერთი საუკეთესო ინტერპრეტია.მასპინძელიც მომიახლოვდა და საუბარი როიალთან განვაგრძეთ.

ალბათ უფრო ღელვისაგან, ჩემს მიერ დაკრულ პრელუდში ვერ ვიგრძენი ის სიმშვიდე, რაც სკრიაბინს ჭირდებოდა. ავდექი ფეხზე, მადლობის ნიშნად თავი დავუკარი მოსმენისთვის და ვთხოვე, თავის საყვარელ კომპოზიტორზე ესაუბრა.

ანა გურარი: დიახ, სკრიაბინმა იცოდა, რომ ერთი და იგივე პიანო ასნაირად შეიძლება დაუკრა. მე მიყვარს მისი მუსიკა, მასში საკუთარ თავს ვპოულობ. მისი მუსიკის ჰარმონიული ფერადოვნება, ემოციური სიღრმე და განცდების სიმრავლე მართლაც რომ დაუჯერებელია. პიანისტისგან ის მოითხოვს მაღალ სენსიტიურობასა და ბგერითი გამომსახველობის მრავალფეროვნებას. ძალიან კარგად უნდა იგრძნო მის მუსიკაში არსებული შუქ-ჩრდილები. მასთან ფორტე ყოველთვის ფორტე არ არის, ის ძალიან რომანტიული და ვნებიანია. ყველაზე მეტად სკრიაბინში მომწონს მისი სულიერი და ემოციური უსაზღვროება, რადგან მასთან არც სიხარულს და არც მწუხარებას საზღვარი არ აქვს. მისი მუსიკა ძალიან რუსულია. ვფიქრობ, რომ ის იყო ადამიანი, რომელმაც საკუთარ თავთან ძალიან ბევრი იბრძოლა, იყო წინააღმდეგობებით სავსე, რომელიც შეპყრობილი იყო საკუთარი ვნებებითა და მისტიური იდეებით. მისი თვითმყოფადი ჰარმონია და ბგერათა ფერების ჯადოსნური სიმრავლე ენით აღუწერელია. მიუხედავად ამისა, მისი მუსიკის შესწავლისას სანოტო ტექსტზე ინტენსიური მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია. თან, როგორი ამაღელვებელია კომპოზიტორის ჩანაფიქრის ძიება და მასში „მოგზაურობა“… ძალიან მიყვარსსკრიაბინი…უპირობოდ…(მცირე პაუზის შემდეგ), სიყვარულისთვის არ არსებობს რაიმე პირობა! …

მიუჯდა როიალს და მის ნათქვამს სკრიაბინის სხვადასხვა პრელუდების მაგალითებზე მასმენინებდა. მართლაც, გასაოცარი იყო, როგორ შეეძლო პიანისტს ცეცხლოვანი ენერგიულობა ერთ წუთში, უცებ მელანქოლიით ან პოეტური იდილიით შეეცვალა, თავისი ძლიერი ტემპერამენტით ჯერ ქარბუქი აეტეხა და უცებ, სრულიად საპირისპირო აუღელვებელი განწყობა შეექმნა.

 

1 2 3 4