ნ.გ.: როგორ ახერხებთ მუსიკაში ანალიზისა და პიანისტურ მგრძნობელობას შორის ბალანსის დაცვას? და რას ნიშნავს თქვენთვის თავისუფლება მუსიკაში? სად გადის ზღვარი თავისუფლებასა და თავაშვებულებას შორის?

ანა გურარი: პროფესიონალ მუსიკოსს უნდა ჰქონდეს განათლება, იყოს ინფორმირებული და შეეძლოს მუსიკის ანალიტიკური გაგება, მისი სტრუქტურის გააზრება, ფილოსოფიის ცოდნა. როგორც კი ის სცენაზე გადის, ყველაფერი, რაც ჩამოვთვალეთ, გადაინაცვლებს უკანა პლანზე. რაც მას განუცდია, უსწავლია და შეუთვისებია, იქ უკვე ერთგვარ თეთრ ტილოდ ყალიბდება, რომელზეც მუსიკალური ბგერები თავიანთ ნახატს ქმნიან. უმეტეს შემთხვევაში ძალიან ვიწროა კონსტრუქციასა და ემოციას შორის ბალანსის ბილიკი, რომელზეც შემსრულებელმა უნდა გაიაროს.

ნ.გ.: ზოგი კომპოზიტორი თავსუფლებასთან მიმართებაში კიდევ სულგრძელია. მაგალითად, სკრიაბინი. საინტერსოა, როგორ ხედავთ თავისუფლებას ბაროკოსა და კლასიკის ეპოქის მუსიკაში?

ანა გურარი: მუსიკოსებს აქვთ ისტორიული ცოდნა გასულ ეპოქებზე. შესაბამისად, წარმოდგენა სხვადასხვა მუსიკალურ სტილსა და მიმართულებებზე, მათი შესრულების ტრადიციებზე. და სწორედ ეს არის ის კონტური, რომელიც გვაძლევს თავისუფლებას. მხოლოდ ის არის თავისუფალი, ვისაც ზღვარი გაცნობიერებული აქვს. დიდ მუშაობას მოითხოვს, სწორად შეიგრძნო თავისუფლება მთელი ცხოვრების მანძილზე, არ დაუშვა შეცდომები და არ გქონდეს სრული თავისუფლების მოლოდინი, რადგან ერთი მეორეს ეწინააღმდეგება.

ამის შემდეგ ისევ მიუბრუნდა თავის ძვირფას როიალს და ბეთჰოვენის პათეტიკური სონატის ტაქტები გააჟღერა…და მართლაც, მისი ინტერპრეტაციით, სონატის მგზნებარე შესავალი თითქოს თავშეკავებულიც კი მეჩვენა, ეს სწორედ იმ საზღვრების დაცვის გამო იყო, რომელზეც ისაუბრა. ამ საზღვრებს არ შეუშლიათ ხელი სონატის პათოსისთვის, პირიქით, მუსიკამ მეტი სიღრმე, კეთილშობილება და დამაჯერებლობა შეიძინა. ეს იყო ყოველგვარ ექსცენტრულობას მოკლებული თავისუფლება.

ნ.გ.: სიმბოლურია, ალბათ, ის, რომ თქვენი დაბადების დროს სამშობიარო ოთახში შოპენის მუსიკა ისმოდა. გავიდა 17 წელი და შოპენის საფორტეპიანო კონკურსზედიდი აღიარება მიიღეთ. დღეს პრესა და საზოგადოება აღტაცებულია შოპენის თქვენეული ინტერპრეტაციით. როგორც ჩანს, შოპენიც განსაკუთრებულად „თქვენი“ კომპოზიტორია. თუ გიჩნდებათ მის რომელიმე ნაწარმოებზე ისეთი შეგრძნება, რომ თითქოს თქვენთვის დაეწეროს?

ანა გურარი: (იცინის), ეს ძალიან სუბიექტური განცდაა და მორიდებული ნათქვამი არ იქნება, თუ მათ დავასახელებდი. მაგრამ, ნამდვილად მიჩნდება მსგავსი განცდა, თითქოს, მისი კონცერტები ჩემთვის ყოფილიყოს დაწერილი.

რეალურად არის ნაწარმოებები, რომლებიც მართლა ჩემთვის დაიწერა, მაგალითად, როდიონ შჩედრინისა და იორგ ვიდმანისგან. ისე კი,ასეთი გრძნობა ბრამსთანაც მაქვს, სკრიაბინთან, შუმანთან, ბეთჰოვენთან, ბახის ყველა ნაწარმოები ჩემთვსი დაწერილი მგონია.

ნ.გ.: თქვენ შეგადარეს ისეთ დიდ საკულტო პიანისტებს, როგორებიცაა მარტა არგერიხი და კლარა ჰასკილი. როგორც განსაკუთრებულ პიანისტს 2003 წელს მოგენიჭათ ჯილდო „21-ე საუკუნის ინდივიდუალისტი“, Süddeutsche Zeitung-ი თქვენზე წერდა, რომ თქვენ ხართ ვარსკვლავი, არა მხოლოდ საფორტეპიანო, არამედ მთელი მუსიკალური ჰორიზონტის მასშტაბით… ეს უმაღლესი აღიარებაა. პირადად თქვენთვის ეს რას ნიშნავს?

ანა გურარი: ინდივიდუალისტი, იმედი მაქვს, რომ ვარ. ყველა ადამიანშია რაღაც განსაკუთრებული. შედარებებისგან კი თავს შევიკავებდი, რადგან ყველას მაინც შესრულების საკუთარი სტილი გააჩნია. მიუხედავად იმისა, რომ აღიარება თავისთავად ბევრს ნიშნავს, ყოველთვის, ყოველ კონცერტზე ყევლაფერს მაინც თავიდან იწყებ. პუბლიკისთვისაც არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, რა იყო მანამდე, ვის შეგადარეს ან რა მოგენიჭა. შენ უნდა გაამართლო აქ და ამჟამად.

ნ.გ: ისევ თანამედროვე მუსიკას რომ მივუბრუნდეთ, რაში მდგომარეობს, თქვენი აზრით, გია ყანჩელის მუსიკის ფუნდამენტი მისი ფილოსოფია, რაზეც შემდეგ ემყარება მთელი მისი კომპოზიცია? და რას ნიშნავს ის თქვენთვის?

ანა გურარი: ამ შეკითხვებზე პასუხს მხოლოდ გია ყანჩელი გაგცემდათ. შემსრულებელს კი, რომელსაც იმედი აქვს, რომ კომპოზიტორის ჩანაფიქრს მიუახლოვდა, მხოლოდ საკუთარ შეხედულებებზე საუბარი შეუძლია- გამომდინარე მის მიერ შესრულებული სანოტო ტექსტიდან. ერთში კი დარწმუნებული ვარ, რომ გია წერს ერთ-ერთ ყევლაზე ადამიანურ მუსიკას, რაც კი ოდესმე კომპოზიტორის მიერ დაწერილა. ეს არის ნაწარმოებები, რომლებიც თავიანთი სიკეთით, წრფელი და ღია გულით – იქნება ეს მინიატურა თუ დიდი სიმფონიური ტილო – უკიდურესად, უაღრესად შთამბეჭდავია!

 

1 2 3 4