თებერვლის ერთი დღე

 

გუშინ მთელი დღე მშრალად თოვდა,
დღეს კი გაწვიმდა
და ახლა წვიმა მწვანედ წვეთავს,

თოვლზე, ნაძვიდან.
შერჩენილ ნაყოფს შესევიან ზღმარტლზე ჩხართვები,
დამძიმდა თოვლი,

თოვლთან ერთად სულიც დამძიმდა.

 

 

მთის სათიბში

 

იმგვარად ცრიდა, ვერ იტყოდი,

მზე პირს იბანდა.

მომლოდინენი მძიმე დღისა,

იქვე იფანთან

ვიდექით უბრად,

უძინარი თვალებით ზეცას

ვუმზერდით,

სანამ ღრუბელები არ მიმოიფანტა.

 

 

მთვარეული ანუ somnambulismus

 

უცებ მოვიდა, არსაიდან, აბა რა ვიცი..

მაშინ სად მქონდა ფიქრის თავი, არაქათგაცლილ

მუშას, მთლიანად ამოგლანგლულს საწყობის მტვერში.

სადღაც კედელზე მივაწერე, გალეულ ფანქრით,

ის უცნაური სტრიქონები და მერე როცა

დავძებნე, უკვე შეღებილი დამხვდა კედლები

და  ჩარჩა შიგნით ჯადოსავით.

შემდეგ იმ სახლში

ერთი  ოჯახი შესახლდა და

იმ კედლის მხარეს,

ლუნატიზმიან ფრედოს  სძინავს,

ფრედოს, რომელსაც

 შეღამებულზე იშვიათად ტოვებენ მარტოს.

და თუ კი ფრედო მარტო რჩება,

იმ თეთრ კედლიდან

გამოჟონილი მწვანე ლაქა

სწრაფად იზრდება

და მთელ კედელზე ტყედ იშლება,

ტყის სიღრმიდან კი

რაღაც გაბმული ხმები ისმის,

იმ შორეთიდან,

იმ სიბნელიდან წამოსული ველური ხმაც კი

გზადაგზა ისე იწმენდება

როგორც მოტეტი:

 

-იძინე მშვიდად, ნუ გაკრთობს ასე

ეს მოქანავე ტოტები ხეთა.

ვარსკვლავებს შორის უჩინარ ხაზებს,

ჩვენ მხოლოდ ტბების სარკეში ვხედავთ.

შენ ეს სიზმარი გგონია, რა კი

ხმას ვერ გააწვდენ იმ საწყალ მეხრეს,

რომელიც ახლა მბჟუტავი ჭრაქით,

დაეძებს ტყეში დაკარგულ ბეხრეკს -.

……………………….

იმ სიბნელიდან წამოსული ველური ხმაც კი

გზადაგზა ისე იწმინდება როგორც მოტეტი.

 

 

1 2 3 4