შემოდგომა 2016

 

რა კარგი დღეა!
ზის პოეტი და გაჰყურებს ორღობეს,
სადაც გაყვითლებულ ხეებქვეშ
უხვად ყრია წაბლი და კაკალი
უკვე დათრთვილულ ფოთლებში.

(ჯერაც მწვანედ ხასხასებს ძაღლყურძენას ტევრი
ამ საყოველთაო სიყვითლეში)
მართლა რა კარგი დღეა,
პოეტური-
პოეტი კი ზის და არა ლექსზე-
ვირუსით გაჟლეტილ ღორებზე ფიქრობს.

 

 

 

წვიმის ერთი წვეთი (აბსურდული ამბავი)

 

მთელი დღეა წვიმს,

წვიმებით განთქმულ ზღვისპირა ქალაქში.

დღის ბოლოს  კი როგორც იქნა გადაიღო.
ამჯერად ნაწვიმარი ცაცხვის ქვეშ ვდგავარ,
იქ  სადაც ძაღლების საპარიკმახეროს Wi-Fi  იჭერს
და ფეისკუკზე ახლად დამატებული “მეგობარის” წერილებს ვპასუხობ.
აყვავებული ცაცხვის სურნელი მშველის-
ამ უსაშველოდ მოსაწყენ და უთავბოლო ტექსტების კითხვაში,
რასაც მინდა ღიმილის სმაილით ვუპასუხო,
მაგრამ რატომღაც გულების მთელი ფრეიერვეკი იგზავნება,
რასაც გრძელი, უხერხული პაუზა მოყვა,
რომელიც დღემდე გრძელდება-
ასე გამიმეტა წვიმის ერთმა წვეთმა.

1 2 3 4