ალპური უცანა ანუ მეთოლია

 

                           ხსოვნისა

                    „ვინ იცის თეთრო ყვავილო,

                    როგორ უხდები სიკვდილს.“

                              დავით წერედიანი

 

ამ ყვავილს  ყველა სულდგმული უფრთხის,

თეთრსა და ლამაზს,

თან ახლავს მხოლოდ სიჩუმე და სიცარიელე.

იმ ქედის გავლით ხარებისთვის მიჰქონდა მამას,

ქისით მარილი. ახლა ყვავილდამჭკნარ იელებს

 

მოუწყენიათ. წაუშლია დრო-ჟამს გზა-კვალი,

არ იცის საით,  წარმოსახვით ბილიკს მიყვება,

 ის,  ვისი სულიც,  დიდებული, არა მზაკვარი,

 ამ ველურ ხმებით გაივსო და გამოიკვება.

 

ამ ყველაფერთან შეღამებას თან ახლავს როცა

მუსიკა ასე ერთდროულად უხეშიც, რბილიც,

დაუძაბავად ვინც მიენდო ხავსივით მცოცავ

დროს და ვინც ღამე ხშირ შამბნარში დაკარგულ ბილიკს

 

დაკარგულ დროს თუ დაკარგულ ხმებს დაეძებს ახლა,

ამაოდ:- მორჩა, ყოველივე კვირადღის უქმეს.

და ახლა ასე  ნება-ნება  წვალებით დავხრავ,

გამხარი პურის ძველ აბგაში ჩარჩენილ ლუკმებს.

 

 

 

დვირ

 

-„როგორ ბრწყინავს მთვარის შუქზე

ქათმის ფეხებით დახაზული თოვლის ზედაპირი!“

იტყვის,

ამ საყოველთაო სითეთრეში,

ამ საყოველთაო მდუმარებასა და უძრაობაში

მოძრავი ერთადერთი ლანდი,

შემდეგ რომ ხალათს გაიხდის და წინკარში დატოვებს  ბოსლის სუნს,

ერთ დაღრეჯილ სკამზე.

კიდევ  ნაკელით დასვრილ ფეხსაცმელს-

შავ კვალს რომ ტოვებს თოვლის ბილიკზე.

მართლა როგორ ბრწყინავს მთვარის შუქზე,

ხის ტოტებზე შეყინული თოვლი.

როგორ ირეკლავს სინათლეს

ცივს და უსიცოცხლოს.

-„შეხე, მეისარობაც გამომრჩა“

თქვა და რატომღაც მთვარეს ახედა.

და უცებ, ამ გალეული ლანდის ზურგიდან

ცის ამ პირველყოფილი სილურჯის ფონზე,

რომელიღაც  შორეული მყინვარი ამოიზრდა,

სამკუთხედად შეჭრილი,  ვარსკვლავებიან სივრცეში.

 

————————————-

დვირ (სვ.)-ხეზე შეყინული თოვლი

 

1 2 3 4