კლარის  ლისპექტორი (1920-1977) – ბრაზილიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავლენიანი ებრაული წარმოშობის მწერალი, 1920 წელს უკრაინაში დაიბადა. როცა კლარისი ხუთი წლის იყო, მისი ოჯახი უკრაინაში გავრცელებული ანტისემიტური განწყობის გამო საცხოვრებლად ბრაზილიაში გადავიდა. მან რიო-დე ჟანეიროში სამართალი და ჟურნალისტიკა შეისწავლა. 23 წლის ასაკში გამოქვეყნებულმა პირველმა რომანმა „ველურ გულთან ახლოს“, რომელიც ცნობიერების ნაკადის ტექნიკითაა დაწერილი, კლარის ლისპექტორს დიდი აღიარება მოუტანა. 1944-1959  წლებში ის თავის დიპლომატ ქმართან ერთად ევროპასა და ამერიკაში ცხოვრობდა. მას გამოქვეყნებული აქვს ათზე მეტი რომანი, მოთხრობების კრებულები და საბავშვო  ნაწარმოებები. მისი ყველა წიგნი დიდი პოპულარობით სარგებლობდა ბრაზილიელ მკითხველს შორის. კლარის ლისპექტორის შემოქმედებისერთ-ერთ ძირითად თემას ტრანსჰუმანიზმი წარმოადგენს. ეს არის ფილოსოფიური კონცეფცია, რომელიც ითვალისწინებს მეცნიერული და ტექნოლოგიური მიღწევების ეფექტურ გამოყენებას ადამიანის ფიზიკური თუ ინტელექტუალური შესაძლებლობის გაუმჯობესების მიზნით.კლარის ლისპექტორის შემოქმედებაში ასევე დიდი ადგილი უჭირავს ადამიანის შინაგან ტრანსფორმაციას, ქალთა საკითხებს, და ა.შ.

კლარის ლისპექტორის ნაწარმოებები თარგმნილია მსოფლიოს სხვადასხვა ენაზე, მისი რომანების მიხედვით გადაღებულია ფილმები. თავად კლარის ლისპექტორი არაერთი შემოქმედის მუზა გამხდარა. მას მიღებული აქვს უამრავი ლიტერატურული პრემია.

                                                                                                                          მთარგმნელისაგან

 

 

ანა ტრამვაიში ცოტათი დაღლილი, სურსათის სიმძიმისგან ჩამოწელილი ახალი ნაქსოვი ჩანთით ხელში ავიდა. სკამზე დაჯდა თუ არა და ჩანთა კალთაში ჩაიდო, ტრამვაი დაიძრა. სკამის ზურგზე მოხერხებულად გადაწვა და თითქმის ბოლომდე კმაყოფილმა შვებით ამოისუნთქა.

ანას შვილებზე საყვედური არ ეთქმოდა, კარგი ბავშვები იყვნენ, ხალასები და სრულყოფილები. ისინი თვალდათვალ იზრდებოდნენ, ბანაობდნენ, ცელქობდნენ და რაც დრო გადიოდა, უფრო და უფრო მეტ ყურადღებას ითხოვდნენ. მათ ბინას სამზარეულო ვრცელი ჰქონდა, თუმცა, გაუმართავი ღუმელი ზოგჯერ მწყობრიდან გამოდიოდა და ნაპერწკლებს გრუხუნით ყრიდა. ზაფხულობით მთელ სახლში სიცხე იწვა, მაგრამ ნიავი, რომელიც ღია ფანჯრიდან აღწევდა და ფარდებს აფრიალებდა, ახსენებდა მას, რომ, თუ მოისურვებდა, შეეძლო გარინდებულიყო და უცვლელი ჰორიზონტისთვის ეცქირა, როგორც ვინმე მიწათმოქმედს. ანას თუ რამე მარცვალი მოხვდა ხელში, ყველა ნიადაგში ჩაყარა, იქიდან კი  ხეები ამოიზარდა. მხოლოდ ხეები კი არა, იმ მარცვლებისგან ამოიზარდა ელექტროენერგიაზე გადასახადების ამკრეფთან მოკლე საუბარიც,  ამოვიდა წყალი აბაზანაში, შვილებიც ამოიზარდნენ, მაგიდაზე საჭმელიც გაჩნდა, მშიერი ქმარიც, ხელში გაზეთითა და სახეზე ღიმილით, მოსამსახურეთა მომაბეზრებელი სიმღერაც. ქალი ყველაფერს ასწრებდა, თავისი პატარა, მტკიცე ხელით, ცხოვრების რიტმით, ყველა საქმეს დინჯად და აუჩქარებლად აუდიოდა.

თუმცა, იყო დღის მონაკვეთი, რომელიც  ანას განსაკუთრებით აშინებდა – ეს იყო ნაშუადღევი. ნაშუადღევს, ხეები, რომელიც საკუთარი ხელით დარგო, მას თითქოსაბუჩად იგდებდნენ.ამ დროს ანას ძალისხმევა არავის სჭირდებოდა და მას ეჭვები და მღელვარება იპყრობდა. ალბათ ამის გამოც იყო, რომ ყველაზე დიდ ძალას სწორედ ნაშუადღევს გრძნობდა და უნდა გენახათ, მოზღვავებული ენერგიით როგორ ხაზავდა თარგებს ბიჭების პერანგებისთვის და დიდი მაკრატლით ჭრიდაქსოვილს. მისი ღრმად ჩამალური შემოქმედებითი სურვილები უკვე კარგა ხანია, თავისი ვაჟების სრულქმნისა და გალამაზებისკენ მიმართა. დროთა განმავლობაში მას დეკორატიული გემოვნება ისე განუვითარდა, რომ დაუდევრობისთვის ადგილი არ დაუტოვა. ანამ აღმოაჩინა, რომ ყველაფრის სრულყოფილობამდე მიყვანა და დახვეწა შესაძლებელი იყო და თუ მოინდომებდა, მის ირგვლივ ყველაფერი ერთმანეთთან ჰარმონიაში მოვიდოდა. ზოგჯერ ანას ეჩვენებოდა, რომ სასურველი ცხოვრების შექმნა ადამიანის ხელითაც შეიძლებოდა.

გაუცნობიერებლად, ანას მუდამ სურდა, რომ ყველგან მყარი ფესვები ეგრძნო. სწორედ ეს სიმყარე მისცა მას საკუთარმა ოჯახმა. მან ქალურ ბედნიერებამდე საკმაოდ რთული გზის გავლა მოუხდა და თან გაოცებას ვერ იშორებდა. დროდადრო ისეთი შეგრძნება ჰქონდა, რომ თავისი ბედნიერება თავად გამოიგონა. კაცს, რომელსაც ცოლად გაჰყვა, რეალური მამაკაცი იყო, ხოლო ბავშვები, რომლებიც შეეძინათ, რეალური ბავშვები იყვნენ. ამ გადმოსახედიდან, წარსულში დარჩენილი ყმაწვილქალობა გადატანილი ავადმყოფობასავით ესახებოდა, რომელიც მან სახადივით მოიხადა და აღმოაჩინა, რომ ცხოვრება ბედნიერების გარეშეც შესაძლებელია, უბრალოდ, მისკენ არ უნდა ისწრაფოდე. ანამასევე აღმოაჩინა მანამდე უჩინარი ადამიანების მთელი ლეგიონები, რომლებიც ისე ცხოვრობდნენ, თითქოს სიცოცხლე სამსახური ყოფილიყოს:  შეუპოვრად, რეგულარულად, ხალისით. ქორწინებამდე ცხოვრება ანასთვის სამუდამოდ გაქრა, გაქრა შფოთნარევი აღტაცება, რომელიც ბევრჯერ შეცდომით ჭეშმარიტ ბედნიერებად მიუღია. საბოლოოდ, მან, როგორც იქნა, შექმნა რაღაც კონკრეტული და მარტივად გასაგები – ზრდასრული ადამიანის ცხოვრება. სწორედ ეს იყო მისი მთელი ცხოვრების მიზანი და არჩევანი.

ერთადერთი, რაცანას აწუხებდა, დღის ის, ცოტა არ იყოს, საშიში მონაკვეთი იყო, როცა სახლი ცარიელდებოდა და მისგან არავინ არაფერს ითხოვდა. ამ დროს მზე მწვერვალზე იდგა, ოჯახის წევრები კი თავის საქმეებზე იყვნენ გაფანტულები. ის, როგორც წესი,  გაკრიალებულ ავეჯს გადახედავდა ხოლმე და გული გაოცებისგან უფართხალებდა. თუმცა, მის ცხოვრებაში არ იყო თავისუფალი დრო იმისთვის, რომ გაოცებისთვის ყურადღება მიექცია. ის ამ გაოცებასაც მერჯვედ უმკლავდებოდა, ისე, როგორც სახლის საქმეებს. სახლში მარტო დარჩენილი ანა ოჯახზე ზრუნავდა – ან სანოვაგის საყიდლად წავიდოდა, ან რომელიმე ნივთს სახელოსნოში წაიღებდა შესაკეთებლად.  შინ საღამოსპირს ბრუნდებოდა და ბავშვები უკვე სკოლიდან მოსულები ხვდებოდნენ. შეუმჩნევლად  ჩამოწოლილი ღამე ამშვიდებდა, ხოლო ყოველი ამომდევნო დილა კი ყოველდღიურ საქმეებს თავზე გვირგვინივით ადგამდა: ავეჯი ისევ გასაწმენდი ხვდებოდა – მტვერი მონანიების სურვილით შეპყრობილი  ცოდვილივით ყოველდღე უკან ბრუნდებოდა. ანას ჰქონდა ისეთი ცხოვრება,  როგორიც თავად მოისურვა და აირჩია.

ტრამვაი რწევა-რწევით მიუყვებოდა რელსებს და ფართო ავენიუებისკენ მიიწევდა. მალე ნოტიო სიომ დაუბერა და ქალს საღამოს მოახლოება ამცნო, რაც დღის აუტანელი მონაკვეთის დასრულებას ნიშნავდა. ანამ ღრმად ჩაისუნთქა დასახეზე ნაზი ქალური ღიმილი გადაეშალა.

ტრამვაიმ თანდათან სვლა შეანელა და გაჩერებაზე გაჩერდა. ანამ იფიქრა, ჰუმაიტამდე დასვენებასაც მოვასწრებო და აი, სწორედ მაშინ იყო, როცა გაჩერებაზე მდგომ კაცს შეავლო თვალი. განსხვავება კაცსა და დანარჩენებს შორის ის იყო, რომ მას ხელები წინ გაეწვდინა და აბსოლუტურად  უძრავად იდგა. კაცი უსინათლო იყო.

 

 

 

1 2 3