როცა შვილები გაახსენდა და მათ წინაშე თავი დამნაშავედ იგრძნო, ანა წამოდგა და ტკივილისგან შეჰყვირა. მან ხელი დაავლო თავის ჩანთას, ბილიკს გაჰყვა და გასასვლელისკენ წავიდა. ის თითქმის მირბოდა და გარშემო მხოლოდ ბაღს ხედავდა. ანა ჩაკეტილ ჭიშკარს მიადგა და ძლიერად შეარხია. ხმაურზე შეშინებული დარაჯი გამოჩნდა და ძალიან შეწუხდა, რომ ჭიშკრის ჩაკეტვამდე ქალიბაღში ვერ შენიშნა.

ვიდრე ანა სახლის კარამდე მიაღწევდა, ლამის სასოწარკვეთილებამ შეიპყრო. დათხვრილი ნაქსოვი ჩანთით ხელში მან ლიფტამდე მიირბინა, მკერდში სული უცემდა – მაინც, რა ხდებოდა? უსინათლო კაცის მიმართ თანაგრძნობა აგონიას დაემსგავსა და მას უსინათლო კაცის სამყარო ახლა თავისად ეჩვენებოდა – თავის საკუთარ ჭუჭყიან, ხრწნად სამყაროდ.  სასტუმრო ოთახს ფართო, კვადრატული ფორმა ჰქონდა, გაპრიალებული კარის სახელურები ბზინავდა, ფანჯრის რაფებიც ბზინავდა, ჭაღიც ბზინავდა –  რომელ ახალ ქვეყანაზე იყო ლაპარაკი? სულ ერთი წამით მას ის მოწესრიგებული ცხოვრება, რომლითაც ის აქამდე ცხოვრობდა, მორალური თვალსაზრისით,  აბსურდულად ეჩვენებოდა.

ბიჭუნას, რომელიც მისკენ გამოიქცა და გულში ჩაეკრა, მასავით გრძელი კიდურები და ზუსტად მისი მსგავსი სახის ნაკვთები ჰქონდა.ანა ბავშვს ეხუტებოდა დაცდილობდა, კანკალი შეეკავებინა. სიცოცხლე საფრთხეში იყო. მას უყვარდა მისი უკვე არსებული სამყარო, უყვარდა ყველაფერი, რაც შექმნა, გულისრევამდე უყვარდა. ის ზუსტად ისე ხიბლავდა მას, როგორც ხამაწკები- იმ ოდნავი გულისრევის შეგრძნებით.  ანამ შვილი ისეთი ძალით მიიზიდა, რომ რომ ლამის ატკინა. მოულოდნელად,  მას დაეუფლა გრძნობა, რომ ბოროტი შეიცნო. უსინათლო კაცი თუ ბოტანიკური ბაღი? – ქალი ბიჭს ჩაებღაუჭა, მას, ვინც ყველაზე მეტად უყვარდა. ანას რწმენას დემონი შეეხო. „ცხოვრება საშინელია“ – უთხრა ბავშვს ჩუმად და მშვიდად.

რას გააკეთებდა, უსინათლო კაცს უკან რომ გაჰყოლოდა? ის მარტო ივლიდა. არსებობდა მდიდრული და ღარიბული ადგილები, რომლებიც მას ელოდნენ…  „მეშინია“. – დაიჩურჩულა ანამ და ხელებით ბიჭის სუსტი ნეკნები იგრძნო, შემდეგ ბავშვის კვნესამოესმა. „დედა“ დაუძახა ბიჭმა. ანამ შვილი ოდნავ გაწია და სახეზე შეხედა. გული მოეწურა. „არასოდეს დაავიწყო დედას შენი თავი.“ ხმადაბლა უთხრა ქალმა.როგორც კი ბიჭი მიხვდა, რომ დედამ მკლავები მოუშვა, თავი გაითავისუფლა და საძინებელი ოთახისკენ გაიქცა, კართან რომ მივიდა, შეჩერდა და  დედას დიდი სიფრთხილით გამოხედა. ეს იყო ყველაზე საშინელი მზერა, რითიც ანასთვის ვინმეს შეუხედავს.  ქალს სახეზე სისხლმა აასხა.

ანა სკამზე მოწყვეტით ჩაეშვა, ხელში ისევ ის ჩანთა ჩაებღუჯა. რა იყო სასირცხვილო?

ხსნა არსად ჩანდა. დღეებს, რომელსაც ის ამდენი ხანი ჭედავდა, ზედაპირზე ბზარი გაუჩნდა და წყალმა გამოჟონა. მის წინ ხამანწკები ეწყო და შანსი არ რჩებოდა, რომ მას მათთვის თვალი აერიდებინა. რისი რცხვენოდა? იმის, რომ ეს აღარ იყო თანაგრძნობა, ეს აღარ იყო მხოლოდ თანაგრძნობა: მისი გული სავსე იყო სიცოცხლის სასოწარკვეთილი სურვილით.

ანა ვერ გარკვეულიყო, უსინათლო კაცის მხარეს იყო თუ მასიური მცენარეების. კაცი ნელ-ნელა შორს, წარსულში რჩებოდა.  დიდი ტანჯვის ფასად, როგორც ჩანს, ანა იმ მხარეს გადავიდა, რომელმაც თვალი მოჭრა. მან უდრტვინელი, ცამდე აზიდული ბოტანიკური ბაღი აირჩია. ანასთვის საშინელება იყო იმის აღმოჩენა, რომ ის თავად ძლიერ სამყაროს მიეკუთვნებოდა. რა სახელი უნდა დაერქმია თავისი სასტიკი გულმოწყალებისთვის? მას ალბათ კეთროვანის კოცნა მოუწევს, რადგან არასოდეს იქნება მისთვის მხოლოდ და. „თუ რამე ცუდი იყო ჩემში, იმ უსინათლო კაცმა ამოატივტივა“. – შეშფოთებით გაიფიქრა მან. ანა თავს გარიყულად გრძნობდა, რადგან არცერთი ღატაკი მისი ცხელი პეშვიდან წყალს არ დალევდა. „ოჰ! ალბათ წმინდანობა უფრო მარტივია, ვიდრე უბრალოდ ადამიანად ყოფნა!“ – ამოიოხრა. ღვთის გულისათვის, ნუთუ ის, რამაც მისი გულის ყველაზე ღრმა წყლებამდე ჩააღწია, ჭეშმარიტი თანაგრძნობა არ იყო? თუმცა, ამას ალბათ ლომის თანაგრძნობა თუ ეთქმოდა.

ანამ თავი  დამცირებულად იგრძნო. იცოდა, რომ უსინათლო კაცი უფრო თავშეკავებულ სიყვარულს არჩევდა, კარგად იცოდა, რატომაც. ბოტანიკური ბაღის ცხოვრებათავისკენ ეძახდა, როგორც მაქციას იხმობს თავისკენ მთვარის შუქი. ოჰ! მაგრამ მას ხომ უსინათლო კაცი უყვარს! – ანას თვალები დაენამა. თუმცა, კარგად იცოდა, რომ ეს არ იყო ისეთი ტიპის სიყვარული, რომელიც ეკლესიაში ჯვრისწერით სრულდება. „მეშინია“ – თქვა ოთახში მარტო დარჩენილმა ანამ. ის წამოდგა და სამზარეულოში გავიდა, რომ დამხმარე ქალს სადილის მომზადებაში დახმარებოდა.

ანას ცხოვრება აშინებდა და ამ შიშისგან ისე აკანკალებდა, თითქოს შესცივდაო. მას მოესმა სკოლის ზარის ხმა, შორეული და უწყვეტი, შეკრთა, როცა  ქურის ქვედა დამტვერილ ნაწილში პატარა ობობა აღმოაჩინა, გული გაუსკდა, როცა ლარნაკით ყვავილი წყლის შესაცვლელად გაიტანა და ხელში უსიცოცხლო გულისამრევი ყვავილი შერჩა. მისტიური ამბები სამზარეულოშიც გაგრძელდა: ნაგვის ურნის გვერდით, ანამ ფეხით ჭიანჭველა გაჭყლიტა. მცირე მასშტაბის მკვლელობა. პაწაწა სხეულის ფართხალი. წყლის წვეთები წლის ნიჟარაში დაგუბებულ წყალში ეწვეთებოდა. ზაფხულის ხოჭოები. არაფერისმთქმელი ხოჭოების შიში. ანას ირგვლივ მდუმარე, მდორე, უწყვეტი ცხოვრება მიედინებოდა. შიში, შიში. ანა სამზარეულოში წინ და უკან დადიოდა, ხორცს ჭრიდა, კერძს ამზადებდა, თავს კი ჩახუთული ღამიდან სინათლის შუქზე შემოფრენილი კოღოები დასტრიალებდა. ჩამოწვაღამე, რომელშიც თანაგრძნობაც ისეთივე უმწიფარი იყო, როგორც ყალბი სიყვარული. ანას მკერდზე ოფლი ჩამოსდიოდა, სიცოცხლისმიმართ შერყეული რწმენა ანადგურებდა, ქურიდან წამოსული სიცხე თვალებს უწვავდა.

სულ მალე ანას ქმარი მოვიდა, მას მოჰყვნენ ანას ძმები, მათი ცოლები და შვილები. ყველამ ერთად მეცხრე სართულზე, ღია ფანჯარასთან ისადილა. ზეციურ პაპანაქებაში თვითმფრინავი არც თუ ისე სასიამოვნოდ გრუხუნებდა. მართალია, კვერცხი არასაკმარისი ჰქონდათ, მაგრამ სადილი მაინც გემრიელი გამოვიდა და სუფრას გვიანობამდე შემორჩნენ. არც ბავშვებს დაუძინიათ თავის დროზე და იქვე ხალიჩაზე თამაშობდნენ. ზაფხული იდგა, აზრი არ ჰქონდა მათ დასაძინებლად გაგზავნას. ანა ოდნავ ფერმკრთალი იყო და სხვებთან ერთად ნაზად იცინოდა.

სადილის შემდეგ, როგორც იქნა,  გრილმა სიომ დაუბერა. ყველანი ისევ მაგიდას უსხდნენ, მთელი ოჯახი, დამღლელი დღის ბოლოს, ერთმანეთთან შეხმატკბილებულები, ბედნიერები, გულკეთილად იცინოდნენ.  ბავშვები მათ ირგვლივ საყვარლად იზრდებოდნენ. და თითქოს პეპელააო, ანამ  წამი თითებით დაიჭირა, ვიდრე ხელიდან სამუდამოდ გაუსხლტებოდა.

მოგვიანებით, როცა სტუმრები წავიდნენ, ბავშვებმა  დაიძინეს, ხოლო თავად კი ფანჯრიდან იხედებოდა, ანა თავს უკვე ძლიერ ქალად გრძნობდა. მძინარე ქალაქში სიცხეს დაესადგურებონა. როგორ მოერგებოდა მის ცხოვრებას ის, რაც იმ დღეს უსინათლო კაცმა მასში გამოაღვიძა? რამდენი წელი დასჭირდება ისევ გასაზრდელად? ერთი მცირე მოძრაობა და რომელიმე შვილს ფეხით გაქელავს. მაგრამ შეყვარებულის თავქარიანობით, მან შეიმეცნა ის, რომ ყვავილიდან კოღო ამოფრინდება, რომ უზარმაზარი ლოტუსები წყვდიადში ტბაზე დალივლივებენ, უსინათლო კაცი ბოტანიკური ბაღის ხილს შორის კონწიალობს.

„თუ ეს ქურის აფეთქების ხმაა, მაშინ მთელ სახლს ცეცხლი მოედება!“ ანა სამზარეულოსკენ გაიქცა. სამზარეულოში მას ქმარი დახვდა, რომელიც  ქურაზე გადმოღვრილ ყავას დასცქეროდა.

“რა მოხდა?!” იკივლა შეშფოთებულმა ქალმა.

კაცი მის კივილზე შეხტა და უცებ სიცილი დაიწყო.

“არაფერი,”თქვა მან, “როგორი მოუხერხებელი ვარ.”კაცი დაღლილი იყო, თვალებს შორის ჩაშავებული რგოლები მოუჩანდა.

როცა კაცმა  ანას შეხედა, ის ცოლს დიდი ყურადღებით დააკვირდა, შემდეგ ის სწრაფად და ალერსიანად მიიზიდა. “

„ძალიან მინდა, რომ შენ არასოდეს არაფერი დაგემართოს!“ უთხრა ანამ.

“მხოლოდ ქურამ იფეთქა.“ – უპასუხა კაცმა ღიმილით.

ანა ქმრის მკლავებში გაყუჩდა. იმ დღეს ოჯახში ჩვეული რეჟიმი დაირღვა და სახლისევდანარევი იუმორით აივსო.

„ძილის დროა, უკვე გვიანია.“ თქვა ქმარმა  და ისეთი ჟესტით, რაც მას არ ახასიათებდა, მაგრამ მისთვის საოცრად ორგანული ჩანდა, ცოლს ხელი ჩაჰკიდა და ისე, რომ უკან არ მოუხედავს, თან წაიყვანა, ცხოვრების საფრთხეს გაარიდა.

გულმოწყალების თავბრუსხვევა დასრულდა.

 

შესაძლოა, ანამ სიყვარული და სიყვარულის ჯოჯოხეთი გამოიარა, მაგრამ ახლა ის სარკის წინ თმას ივარცხნიდა, და არცერთი სამყარო არ ახსოვდა. და დაწოლის წინ, როცა სანთელს სული შეუბერა, მან თითქოს იმ დღის მცირე ალი ჩააქრო.

                                                                                                               

 

 

თარგმნა

დალილა გოგიამ

 

 

 

 

1 2 3