კარგი ფილმი მრავალი კომპონენტისგან შედგება, აუცილებელი წინაპირობაა საინტერესო სცენარი, ამ სცენარის დასამახსოვრებელი რეჟისოული ხედვა, მიზანსცენების დასამახსოვრებელი კადრირება, შესაბამისად, ოპერატორის მიერ გრაციოზულად მოძრავი კამერა და ესთეტური რაკურსები, დამაჯერებელი სამსახიობო შესრულება, მემონტაჟის ტემპორითმის გრძნობა და ამით გამოსახულების პულსირება, გამოსახულებასთან თანმხვედრი მუსიკა და მრავალი სხვა, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო კომპონენტი, რომელიც ხშირად მივიწყებული რჩება ხოლმე, არის ხმის დიზაინი, განსაკუთებით კი რეჟისორის მიერ ფილმში სიჩუმის გამოყენება. დღევანდელი ტოპ ხუთეული დაკომპლექტებული იქნება ისეთი ფილმებისგან, სადაც სიჩუმე ყველაზე საინტერესიდ და დასამახსოვრებლად აქვთ რეჟისორებს გამოყენებული.

მეხუთე ადგილზეა მიქელანჯელო ანტონიონის შავ-თეთრი მშვენიერება, სახელწოდებით „დაბნელება“ / L’eclisse

ანტონიონი აბსტრაქტული ნახატებივით აწყობს კადრებს. გვიჩვენებს თანამედროვე ცხოვრებას, სადაც ადამიანები სიცოცხლეში მხოლოდ ნაწილობრივ ფიქსირდებიან. მთავრი გმირები, მონიკა ვიტი და ალენ დელონი ერთად ყოფნას ცდილობენ, თუმცა რეჟისორი მხოლოდ სიცარიელეს ხედავს ურთიერთობებში. საფინალო სცენაში მონიკა ვიტი კადრიდან გადის და აღარ ბრუნდება. შემდეგ ვხედავთ იმ ადგილებს, სადაც ის და დელონი ერთად დადიოდნენ. სრულ სიჩუმეში, რომელსაც ნიავისგან დაბერილი ფოთლების შრიალი ერთვის, ქუსლიანი ფეხსაცმლის ხმა შემოაღწევს. კადრში ქალის კეფა ჩნდება, რომელიც ვიტის წააგავს. მთავარი პერსონაჟი დაბრუნდა. თუმცა ქალი ობიექტივისკენ გამოიხედავს და ვხედავთ, რომ სხვა ადამიანია. ანტონიონი დიაგნოზს უსვამს ოცდამეერთე საუკუნეს და გვიჩვენებს, როგორ კარგავენ ადამიანები სიცოცხლის ნებისმიერ გამოვლინებაში მონაწილეობის სურვილს.

მეოთხე ადგილზეა ჟან ლუკ გოდარის „აუთსაიდერების ბანდა“ / Bande a part

გოდარის მთავარი პერსონაჟები, ამერიკულ ფილმებზე შეყვარებული ახალგაზრდები კაფეში სხედან და კოკა კოლას სვამენ. არ იციან თავი რითი შეიქციონ. ანა კარინა გასართობს ეძებს. საბოლოოდ, გადაწყვეტენ რადგან უკეთესი იდეები არ აქვთ, ერთი წუთით გაჩუმდნენ. კაფეში გაუჩერებელი ყაყანია. კარინა სამამდე ითვლის, მთავარი გმირები ჩუმდებიან და მათთან ერთად კაფის ხმაურიც ჩუმდება. გოდარი წუთიერ დუმილს გვაყურებინებს. მოულოდნელი, ძალდაუტანებელი და ამასთან ორგანული სცენა კინოს ნარატიული სტანდარტების რღვევასთან ერთად, ძალიან დასამახსოვრებელი და სასაცილოა.

 

1 2 3