მესამე ადგილზეა სულეიმან სისეს ჯადოსნური ფილმი იელინ ( სიკაშკაშე) / Yeelen

მალის იმპერიაში, ახალგაზრდა ნიანკორო, რომელსაც ზებუნებრივი ძალები აქვს, თავის გრძნეულ მამას ხვდება, რომელიც უნდა გაანადგუროს. რეჟისორი სპაგეტი ვესტერნის სტილში, სერჟიო ლეონეს დუელის მსგავსად აწყობს სცენას. სრულ სიჩუმეში მამა-შვილი ერთმანეთს უყურებს. სამონტაჟო გადასვლის შედეგად ნიანკორო მითიური ლომი ხდება, მისი მამა სპილო. დაძაბულობა სულ უფრო მატულობს, უცებ სიჩუმეს მისტიკური ხმები არღვევს და ვესტერნებისგან განსხვავებით, რევოლვერს აქ კოსმოსური სხივები ცვლის, რაც საბოლოოდ მაგიური რეალიზმის სანიმუშო ეპიზოდად გადაიქცევა. იელენი აფრიკული კინოს ერთ-ერთი ყველაზე დიდებული წარმომადგენელია.

მეორე ადგილზეა კარლოს რეიგადასის სტილის მანიფესტი “სინათლე წყვდიადის შემდეგ” / Post tenebras lux

რეიგადასის ფილმი ხანგრძლივი სცენით იწყება, რომელშიც ფართო მწვანე მდელოზე მცირეწლოვანი ბავშვი ცხოველებთან თამაშობს. ირგვლივ მხოლოდ ძაღლების ყეფის, ძროხების კისერზე შებმული ზარების და ჭრიჭინების ხმა ისმის. მალევე ღამდება და კლიმატი იცვლება. ბავშვი ნაივურად აკვირდება მიმდინარე მოვლენებს, სამყაროს ფლუიდურობას, ეგზისტენციის სიდიადეს პირველად აღიქვამს, შეუცნობელის წინაშე დგება და შიშის ნაცვლდ, მხოლოდ ინტერესს გამოხატავს. ფილმის მანძილზე უხვადაა დასამახსოვრებელი კადრები სიჩუმის და მხლოდ ბუნებრივი ხმაურების გამოყენებით, თუმცა დასაწყისის სცენა ყველაზე შთამბეჭდავი და ლამაზია.

 

 

1 2 3