***

ასე რომ, ურთიერთგადაკვეთა პოეზიაში თავისებურად აღიბეჭდება. ამერიკელი რომანტიკოსის ედგარ პოს „ყორანი“ ფრანგმა შარლ ბოდლერმა თარგმნა და ეს თარგმანი იქცა პოეზიაში სიმბოლიზმის ერთ-ერთი პირველსათავედ. ეს ფაქტი პოეზიის თარგმნას და, ზოგადად, თარგმანის ხელოვნებას თავისებურ აზრს სძენს. აქ არა მხოლოდ კონკრეტული ტექსტის ერთი ენიდან მეორე ენაზე ერთჯერად გადატანასთან გვაქვს საქმე, არამედ ინდუქციური პროცესის წარმოშობასთან, რომელიც საბოლოოდ ახალ ლიტერატურულ მიმდინარეობად, ახალ კულტურულ პარადიგმად იქცევა.  აკი, როგორც ვთქვით, ფრანგულად აჟღერებული ედგარ პოს „ყორანი“ ევროპაში სიმბოლიზმის წინაპირობად იქცა.

პაკო თარგმნიდა  გერმანულ ლირიკას – რილკეს, თრაქლის და სხვათა პოეზიას და ეს მისთვის მნიშვნელოვანი იყო, რადგან ის ითვისებდა ქართული პოეტური ტრადიციისაგან განსხვავებულ სტრუქტურას, რომელიც საბოლოოდ ზოგადი განწყობის გამომხატველად იქცა. მოგვიანებით თვითონ პაკოს ლექსები ითარგმნა გერმანულად და ეს ორმხრივი მიმოქცევის პროცესი არ შეიძლებოდა საინტერესო არ ყოფილიყო.

 

***

პაკოს ლექსებში სიტყვათა მიმოხრა მართლაც კოლაჟურ და ვიტრაჟულ წყობას ქმნის. აქ უამრავი ნამსხვრევია, თითქოს საგნობრივი სამყარო ნამსხვრევებად იქცა, მაგრამ ამ ნამსხვრევებს შორის გამომკრთალი სინათლე ნათელს ჰფენს მთელ კოლაჟს და რეალობასთან, თუნდაც წარმოსახვით რეალობასთან აკავშირებს. ვთქვათ, ლექსში „სპარსული მინიატურა“ ასეთი მეტაფორაა: „და ფეხმორთხმული ღამე უდაბნოს ყვავილებით“… ანდა ვთქვათ, ლექსი „ისპაჰანი“: „მკლავზე ჩადრივით დაცურდება საღამო თალხი / და ჩათავდება დიდი ბაზრის აყალ-მაყალი“. – ასე მთავრდება ისპაჰანის დიდი ბაზრობა. ზუსტი მეტაფორული შტრიხი წარმოაჩენს კატას : „და მწვანე თვალი გაიბრჭყვიალებს/ ბილიკზე დაყრილ ოქროს ნაფშხვენში“.

პაკო ხშირად ფერმწერის გულმოდგინებით ხატავს პეიზაჟს და მთელი სტროფი განათებულია, მხოლოდ აქ მეტაფორები ერთმანეთს არის მიბჯენილი:

კალოზე უფალს შეუკრავს ძნები,
მწუხრს უკანასკნელ სამძიმარს ეტყვი
და ცხელი სუნთქვით გრძნობენ ტაძრები,
საით მიცურავს ვარსკვლავთა ეტლი.

 

***

ერთ ინტერვიუში პაკო ამბობს: „რა ვქნა, მიყვარს კლასიკა“. კლასიკა აქ მრავლისმთქმელი ცნებაა, ის ლექსის ფორმალურ მხარესაც ითავსებს და შინაარსობრივსაც. შინაარსობრივი არეალი ძალზე ფართო სივრცეს შემოწერს, თუნდაც გეოგრაფიულად ფართოდ გაშლილ კულტურულ და რელიგიურ წრეს. აქ არის ბიბლიური და ბერძნული მითოლოგია, რომელიც რეალობად აღიქმება, რადგან პერსონაჟები რეალურ ადამიანებად გვეცხადებიან. შთამბეჭდავია ასეთი სახეები: „ზრახვას გარეგანს უნაზესი უარყოფს ხვედრით/ სიძე, შარაზე აჩენილი თეთრი სახედრით“, ან კიდევ: „შენა ხარ დილა, ადამის ვაშლი,/ ჯვარცმული ხელი მზედ რომ მოისხამს“, კიდევ: „და მიხარია, მარიამი რომ შემოგვნატრის, ტყის თაიგული, მამის ხელით შემოკონილი“, კიდევ: „არ მეშინია ეშმის ეშვზე მომდგარი ცოფის,/ როს ხელისგულზე დაჭედილო, გიგრძნობ, სამსჭვალო“, კიდევ: „ქრისტეს გზასავით ძნელი არის შენი სურვილი“, ან კიდევ: „ღია თვალებში ნიავივით ცხრება გამები,/ ქრისტეს ბავშვობა, მოგონება და პასტორალი“.

შეიძლება გაგვახსენდეს ნიკო სამადაშვილის ფრაზა: „ქრისტემ ბავშვობა აქ გაატარა და ღვთისმშობელი უგვიდა ეზოს“. კიდევ: „მწვერვალებისკენ დაიძვრება მწყემსი კეთილი/ და ღრუბლის ფთილას გაუფენენ უამინდონი“. კიდევ: „ შუქით მოუხმობს იოანე ნათლისმცემელი/ ის, ვინც მზის სულთან შეარიგა წყალთა უკუნი.“/

ეს, უმთავრესად ბიბლიური მითოლოგიაა და ამავე თემატურ რკალში შეიძლება ბერძნულმა მითოლოგიამაც გაიელვოს. მაგრამ ამ თემატურ რკალს კვეთს აღმოსავლური თემატური რკალი (გავიხსენოთ ლექსი „ისპაჰანი“,  ან „სპარსული მინიატურა“, ან ასეთი სტრიქონები: „ინდოთა ფირუზს მოსტაცებს ივლისს“, ან „დაიხვევს ფაფარს ცხელი არაბის“ და სხვ.).

რომელიმე თემატური ნიშანი ცალკეულ ლექსებში ლაიტმოტივად არის წარმოჩენილი, მეტწილად კი შერეულია და შერწყმული მთლიან პოეტურ სუბსტანციაში. სხვაგვარად რომ ვთქვათ, კულტურულ რეგიონთა ხსენება, ლექსებში მათი მონაცვლეობა თუ თანაარსებობა პაკო სვიმონიშვილის პოეტიკის მთავარი ნიშანია. რა თქმა უნდა, ყოვლისმომცველი თემატური ნიშანი საქართველოს ყოფა და მისი სიძველენია, მაგრამ ყოველივე ეს უხილავად, უაქცენტოდ ერწყმის სხვა თემატურ მოტივებს და მათთან ერთად განუყოფელ მთლიანობად წარმოდგება.

პაკო სვიმონიშვილის პოეზია საკრალურ სიწმინდეთა პოეზიაა, ოღონდ ეს სიწმინდეები დღევანდელი, თანამედროვე კაცის თვალით არის დანახული. დღევანდელი გლობალური ნიჰილიზმისა და ტრაგიკული ღვთისმაძიებლობის (ასე იყო XX საუკუნის დასაწყისიდანვე) ხანაში “ძველი სამყაროს ნაწილები“ უფრო მეტ დრამატიზმს და სიკაშკაშეს იძენენ. საქართველო ხომ ძველი ქრისტიანული კულტურის რელიკვიაა და სწორედ ამ რელიკვიას მიელტვის პოეტიც. მას თითქოს სურს თვალი შეავლოს და ხელი შეახოს ყველა ნივთსა და საგანს, რომელიც იმ სამყაროსეულია. ხელის ყოველი შეხება დრამატიზმით აღბეჭდილი მომენტია, საკუთარ სულიერ სამყაროში წარსულის გაღვიძებაა. როგორც ერთმა სიცოცხლის ფილოსოფოსმა თქვა, ყოველი ინდივიდი ერთგვარი მიკროკოსმოსია, რომელშიც უკუფენილია ისტორია, ისტორიული პროცესი. ყოველ ისტორიულ პროცესში, ყოველ ადამიანში არის ისტორიის გარკვეული ნაწილი და ეს ანიჭებს მას შესაძლებლობას ჩაწვდეს წარსულს. პაკოს ლირიკული გმირიც ის ადამიანია, ვინც საკუთარ თავში შემონახულ წარსულს აღვიძებს და აღბეჭდავს კიდეც.

გაწყვეტილ დროთა კავშირის აღდგენა 20-იანი წლების პოეტებს ჰქონდათ მიზნად: გიორგი ლეონიძეს და ტიციან ტაბიძეს. მოგვიანებით ამგვარი სწრაფვა აღიბეჭდა ნიკო სამადაშვილის ლექსებში.

პაკო სვიმონიშვილის პოეზიაში ქვეყნის წარსული დღევანდელი გადასახედიდან არის განჭვრეტილი. აქ ვგულისხმობ იმას, რომ ეს შინაარსობრივი მოდუსი იმ ფორმით არის გადმოცემული, რომელშიც XX საუკუნის თავისებური ლირიკული გამოცდილება იჩენს თავს.

დასაწყისში ხატვის ექსპრესიულ მანერასთან არსებულ შეხების წერტილებს ვახსენებდით. შეიძლება რამდენადმე ასეც არის, შეიძლება არა, მაგრამ იმას ვერავინ უარყოფს, რომ მოდერნისტულ ლირიკასთან ზიარებამ პაკოს ხელწერას თავისი კვალი დაატყო. ეს შეიძლება პარადოქსია, თუმცა მეტად საინტერესო პარადოქსი, ვინაიდან ძველი საქართველოს სახეს პოეტი თანამედროვე ხერხებით აღადგენს. ამას რომ ვამბობთ, ფორმას და შინაარსს ვმიჯნავთ ერთმანეთისგან, რაც არასწორია, რადგან თანამედროვე ლირიკის მკვლევარი ჰუგო ფრიდრიხი წერს: „პოეტიკა თავის საბოლოო საფუძველში „ონტოლოგიაა“. ეს იმას ნიშნავს, რომ ფორმაში შინაარსი ამოიკითხება.

 

 

1 2 3 4