პოეზიაში ყოველი მიღწევა ინდივიდუალურია. ინდივიდი ქმნის პოეზიას, მაგრამ სად ქმნის, ცარიელ სივრცეში ხომ არ ქმნის?  არა, რა თქმა უნდა.  შემოქმედებითი პროცესი განსაზღვრულ კულტურულ რეგიონში ხორციელდება.

ხელთ მაქვს პაკო სვიმონიშვილის გერმანიაში (ლუდვიგსბურგი) გამოცემული ლექსების წიგნი. წიგნი ორენოვანია – ქართულ-გერმანული. პაკოს ლექსები თარგმნა თომას ჰოიზერმანმა. მანვე დაურთო კრებულს კომენტარები. ყდაზე პაკოს ფოტოა და გერმანულად აწერია – „ამირან სვიმონიშვილი“, ასევე გერმანულ ენაზე – „პოეზია“ და შემდეგ უბრალოდ, ქართულად – გაკრული ხელით – „პაკო“. შავ-თეთრი ფოტო, მუქი შინდისფერი ყდა და ზედ თეთრი წარწერა დიდ სისადავეს და უბრალოებას ამჟღავნებს. ფოტოზე თბილისის ძველი უბნის რომელიღაც ჩიხია, ვიწრო, რკინისმოაჯირებიანი კიბე, კიბეზე პაკო დგას კორპუსით ფოტოკამერისკენ  მობრუნებული  და ხელგამოწვდილი რაღაცას წარმოთქვამს. ვგრძნობ, რომ მხატვრის ინტუიცია ზედმიწევნით ზუსტი გამოდგა. აშკარად შეიკრა წრე. ვიზუალი და პოეტური განწყობა მიესადაგა ერთმანეთს. ექსტერიერი ინტერიერის განუყოფელ ნაწილად იქცა. თითქოს ორენოვნებაც შეერწყა მთლიან ვიზუალს.

დასაწყისში კულტურულ რეგიონზე ვსაუბრობდი. პაკო გერმანულ ენას ფლობდა და გერმანულ პოეზიას თარგმნიდა. ბუნებრივია, პოეტი რასაც თარგმნის, იმის მიმართ გულგრილი ვერ იქნება. ახლა თვითონ მისი ლექსები ითარგმნა გერმანულად და თითქოს ტექსტებს შორის რაღაც საიდუმლო კავშირი გამჟღავნდა. აქაც თავისებური შეხების წერტილები გამოაშკარავდა. ინტუიტურად გრძნობ, რომ პაკოს პოეზია, ეს მთლიანი სუბსტრატი, მხოლოდ ქართული რეალიებისაგან არ შედგება. არის რაღაც უცხოური, იქნებ გერმანული? დიახ, გერმანული, ექსპრესიონისტული, – თხრობის განფენა, პეიზაჟებში და ნატურმორტებში ფერების სიმკვეთრე, საგნების, ემპირიული სამყაროს დეფორმაცია. ამ ლექსებს ადრე დაწერილ წერილში კოლაჟები და ვიტრაჟები ვუწოდე. მართლაც ასეა, აქ მსგავსი ტექნიკა შეინიშნება. სახეების, მეტაფორების ტეხილებში სინათლე გამოსჭვივის, ზოგჯერ მკვეთრი სინათლე.

 

***

ყოველი პოეტური თარგმანი ორი ენის, ორი აუხსნელი სტიქიის შეხვედრაა. ერთი „ყოფიერების სახლი“ ხვდება მეორე „ყოფიერების სახლს“. ყოველ „ყოფიერების სახლში“ უამრავი რამ არის თავმოყრილი, სულ სხვადასხვანაირი კულტურული დანალექია და დანაშრევი.  პოეტურ ენაში პოლ ვალერი ორ მცირე ერთეულს გამოყოფს – ბგერას და აზრს, მაგრამ ამათ გარდა და ამათ შიგნით თუ გარეთ კიდევ მრავალი რამ არსებობს. არიან სკეპტიკოსები, რომლებიც უარყოფენ პოეზიის თარგმნის შესაძლებლობას. იქნებ ეს რამდენადმე მართალიცაა, მაგრამ ადამიანს ხომ შეუძლია შეისწავლოს სხვა ენა და შევიდეს იმ სხვა ენის სამყაროში. ეს იმას ნიშნავს, რომ პოეზიის მთარგმნელის პიროვნებაში ორი ენა, ორი სტიქია უნდა შეხვდეს ერთმანეთს. რაკი ერთ პიროვნებაშია მოქცეული ორი ენობრივი სამყარო, ეს სამყაროები თავისებური წესით თანაარსებობენ. მათი შეხების წერტილი ეს ერთი პიროვნებაა და მის შიგნით მიმდინარე პროცესები. ორი ენის მფლობელს შეუძლია ორ ენაზე გადმოსცეს პოეტური განწყობა. ამისდაკვალად მას ხელეწიფება ერთი ლექსის განწყობა ლექსად მეორე ენაზე „გადააწყოს“. აზრი უფრო იოლი გადმოსაცემია, განწყობა – უფრო რთული. განწყობა აზრსაც შეიცავს და ლექსის შემადგენელ სხვა რეალიებსაც.

თომას ჰოიზერმანი შესანიშნავად ფლობს ქართულ ენას, ამიტომ  მან კარგად, საინტერესოდ თარგმნა პაკოს ლექსები. მის ცნობიერებაში უკვე თანაარსებობდა ორი ენა და თარგმნის პროცესში მოხდა ამ ენების „შეხვედრა“.  ასეთი „შეხვედრის“ დროს ენათა შორის პიროვნებისეული ნიშნით აღბეჭდილი ალქიმიური განზავების პროცესი მიმდინარეობს. თითქოს ამ ენებით აღძრული განწყობები სადღაც გადაკვეთენ ერთმანეთს: ამიტომაც არის პოეზიის თარგმნა ხელოვნება და არა ხელოსნობა. თომას ჰოიზერმანმა თავისებურად წაიკითხა პაკო სვიმონიშვილის პოეზია და ისეთი პლასტები ამოზიდა მისი სიღრმიდან, რაც სხვათა თვალისთვის შეუმჩნეველი იქნებოდა. ამ „ამოზიდვის“ ანუ გაგების საფუძველზე შექმნა მან ხსენებული თარგმანი. ერთ-ერთ ინტერვიუში პაკო ლაპარაკობს იმის შესახებ, რომ პოეზიაზე ანალიტიკური საუბარი მეტწილად ფიქციაა, რადგან ძნელია თეორიული განსჯით გადმოსცე პოეზიის სიღრმისეული არსი. ასეთ დროს, მისი აზრით, შეიძლება მოიშველიო ჰაიდეგერის და გადამერის ჰერმენევტიკა.

პაკო თვითონაც თარგმნიდა პოეზიას და ეს ალქიმიური პროცესი მის ცნობიერებაშიც მიმდინარეობდა. მის მიერ თარგმნილი რილკეს ცნობილი ლექსი „შემოდგომა“ ასე ჟღერს:

ყველა ეცემა, აღმართული ეცემა მკლავი,
ნახე, ამქვეყნად ყოველივემ დაცემა იცის,
და მაინც, არის ერთადერთი, ვისთვის დაცემა
დაცემაა და უსასრულო სინაზით იცდის.

 

 

1 2 3 4