***

სამშობლოს, სიცოცხლეს, ცხოველმყოფელ საკრალურ საწყისს, „ყოფიერების სახლს“, ენას, მიწას, სადაც ნახნავს „მზენასუნთქი“, „გაშლილი ნისლი“ სდიოდა, მოწყდება „ლირიკული გმირი“ და მაშინვე სინანული იპყრობს, მერე კი უბრუნდება ყოველივეს და ივსება იმ მადლით, რომლის წიაღშიც სიცოცხლე აზრს იძენს:

მომყვება კვამლის და გამშრალი სიმინდის სუნი,
მიწა მიმზადებს ოქროს ლოგინს, კალთაგრძნეული,
დაგიბრუნდები, არ ვარ შენი ავისმოსურნე
და ზღაპარივით გასრულდება ათასწლეული.

ეს ღვთისმაძიებელი ადამიანია, შეიძლება უძღები შვილიცაა. მან ქვეყნიერების ზურგზე იხეტიალა, მერე კი დაბრუნდა შინ და იგრძნო საკუთარი კერიის სითბო და კვამლის სუნი.

 

***

პაკო სვიმონიშვილის პოეზიის ქართულ-გერმანული გამოცემა, ჩემი აზრით, კიდევ უფრო გვაახლოვებს მის სამყაროსთან. მეც ხელახლა ვკითხულობ და ვიაზრებ ამ პოეზიას. ინდივიდუალობის ნიშნით აღბეჭდილი  ყოველი პოეზია სივრცეში შეჭრილი ახალი ნათებაა. ყოველი პოეზია ცდაა ახალი რეალობის შექმნისა. ზოგადად, XX  საუკუნის და მისი მეორე ნახევრის ლირიკის მკვლევარები საუბრობენ ინტელექტის პრიმატზე პოეზიაში, ზოგჯერ ინსპირაციასაც გამორიცხავენ. ძნელი სათქმელია, რას უნდა ნიშნავდეს ეს. ლირიკა სულიერების უაღრესად ფაქიზი და სუფთა სფეროა, ინსპირაციის, ფეთქებადობის, სპონტანური ამოფრქვევის თუ ემოციური გაშლის გარეშე მისი წარმოდგენა პირადად ჩემთვის შეუძლებელია. ამავე დროს ისიც გასათვალისწინებელია, რომ ინტელექტის პრიმატი თანამედროვე ლექსში მის აზრისმიერობას სულაც არ აღნიშნავს. აზრისმიერი ლექსი კლასიციზმის პერიოდში იყო. რომანტიზმის ხანიდან აზრი თანამონაწილეობს და ქმნის მთლიან სტრუქტურას, მაგრამ ხშირად უტრირებულია, კონტურებმოშლილია, გაბუნდოვანებულია და ტრადიციული გაგებით აზრობრივი ნიშანი კი არ არის, უფრო მუსიკალურ-ინტონაციური კომპონენტია. შემდეგ, უკვე სიმბოლიზმის პერიოდში ეს ტენდენცია უფრო ღრმავდება. მომდევნო წლებშიც, ფრანგული სიურეალიზმის, იტალიური ჰერმეტიზმის, გერმანულ-ავსტრიული ექსპრესიონიზმის წარმომადგენლებთან თვალსაჩინოა თანამედროვე ლირიკის ყველა ის თვისება, რომელსაც ძალზე საინტერესო მკვლევარი ჰუგო ფრიდრიხი აღნუსხავს და ამზეურებს. ვნახოთ, რას ამბობს იგი იტალიელი პოეტის უნგარეტის შესახებ: „ უნგარეტის ყველა ლექსი ატარებს ფრაგმენტულობის ნიშანს, ყველაზე ძლიერ მისი ხელწერა მოკლე ლექსებშია გამოხატული. ამ ლექსების წაკითხვა შინაარსის თვალსაზრისით შეუძლებელია, ზოგჯერ საოცრად უმნიშვნელოა, სრულიად აუხსნელი. მისი სიტყვები, რასაც ვერავითარი თარგმანი ვერ გადმოგვცემს, ტონალობის ფორმულებად უნდა აღვიქვათ, რომლებიც მომნუსხველ ჟღერადობას ქმნიან.“

უნგარეტის მცირე მოცულობის ლექსებში შინაარსი არამცთუ მინიმუმამდეა დაყვანილი, არამედ მთლიანადაა ფორმად ქცეული. აქ შინაარსობრივი პლასტი მომაჯადოვებელ ჟღერადობად გარდაისახება. ჰუგო ფრიდრიხი წერს, რომ ამგვარი პოეზიის თარგმნა შეუძლებელია.

პაკო სვიმონიშვილის ლექსები ითარგმნა, მაშასადამე, აქ შინაარსობრივი პლასტი არსებობს, განაწილებულია აზრობრივი აქცენტები, რომლებიც მთელ ლექსს შემოწერენ. მახსენდება მარინა ცვეტაევას ნათქვამი, როცა ლექსის თარგმნას ვიწყებ, ჯერ მთავარ სტრიქონს ვთარგმნიო. „მთავარი“ შეიძლება წმინდა აზრობრივ მომენტს კი არ ნიშნავდეს, არამედ განწყობისმიერს.

 

***

პრუსტი წერს: ხელოვანი ისევე მოქმედებს, როგორც მაღალი ტემპერატურა, რომლის ზემოქმედებითაც ატომთა კავშირი იშლება და სრულიად სხვა ჯგუფად იკვრება“.  ასეა პოეტიც.

ის მუდმივად მაღალ ტემპერატურაზე ცხოვრობს. ზეაწეული ტემპერატურა აჩქარებს შემოქმედებით პროცესს. ეს ინსპირაციის მოკლე დროითი მონაკვეთია, როდესაც „ატომთა კავშირი იშლება და სრულიად სხვა ჯგუფად იკვრება“.

ვფიქრობ, პაკოს პოეზიაშიც ეს ინსპირაცია მოქმედებს, ვინაიდან ის „მხატვრული წესრიგი“, ის სტილი, რომელიც თვალშისაცემია მის ლექსებში, სწორედ ამ ზეაწეული ტემპერატურის დროს იქმნება.

პაკოს საუბრები პოეზიაზე, მისი ინტერვიუები სადაა და უბრალო. პაკოსთვის უცხო იყო პოეტის პოზა და მანერულობა. როგორც უკვე ვთქვი, ის ერთგან ამბობს, რომ პოეზიაზე საუბარი საჩოთირო რამეა, ვინაიდან ძნელია თვითონ პოეზიის გაგება. ამიტომაც ის არ განსჯიდა, ის ქმნიდა.

პაკოს ლირიკული პანორამა დროსა და სივრცეშია გაშლილი. მის მიერ დახატული წარსულის სურათები და რეალიები მუდმივად მარადისობის შუქზეა არეკლილი. მართალია XX საუკუნის პოეზია ხშირად ტრანსცენდენტურში გასასვლელ გზას ეძებს და ვერ პოულობს, მაგრამ პაკო წარსულის იმ რელიკვიებს ეხება, რომელთა ზედაპირზეც მარადისობაა აღბეჭდილი.

 

 

1 2 3 4