***

ადრე მე ვწერდი, რომ პაკო სვიმონიშვილის პოეზია ექსპრესიონიზმის მსოფლმხედველობრივ არეალში ტრიალებს, ოღონდ იმასაც აღვნიშნავდი, მასთან ტრაგიზმი ბუნებისა და, ზოგადად, ამქვეყნიური არსებობის განუმეორებლობასთან, სიცოცხლის მძაფრ სიყვარულთან არის-მეთქი განზავებული. შეიძლება ვინმემ ეს ორი რამ (ხატვის ექსპრესიონისტული მანერა და სიცოცხლის სიყვარული) ურთიერთგამომრიცხველად მიიჩნიოს, მაგრამ არა მგონია მთლად მართალი აღმოჩნდეს. ექსპრესიონიზმისთვის მძაფრი ემოციურობაა ნიშნეული და, როგორი ტრაგიზმიც არ უნდა ახასიათებდეს მას, სიცოცხლის მგზნებარე აღქმა ამ ტრაგიზმშივე იქნება ნაგულისხმევი. ასეა  პაკოს ლექსებშიც.

 

***

პაკოსთვის წარსულის გაღვიძება იგივე მარადისობაში გასვლაა:

ცა მიტკალია, ანგელოსის მიტოვებული,
მეოხის ხელი ოფლს გადაწმენს მაცხოვრის სახეს,
ოქროს გუთანი ჩახნავს მიწას, მინდად გებული,
პურით და ღვინით გააბრწყინებს დამზრალ სანახებს.

აქ მართლაც საკრალური სამყაროს წესრიგია წარმოჩენილი, აქ არის ამქვეყნიური ტანჯვაც, ტკივილიც და ჭირთათმენაც. მაგრამ ყოველივე ამას მაღალი დღის კამკამა ნათელი ევლება თავზე. ეს რწმენის ნათელია! ისეთი შთაბეჭდილება შეიძლება დარჩეს კაცს, რომ პოეტი ნიჰილიზმის ეპოქიდან ღვთივკურთხეულ ხანაში იყურება, აქედან ჭვრეტს საუკუნეთა წიაღში გათენებულ დღეს და სიყვარულით სავსე მზერით ეხება ყოველ საგანს.

 

***

არსებობს გამოთქმა „თანამედროვე პოეტური აზროვნება“,  მაგრამ ისიც ხომ ცხადია, რომ პოეზია ერთგვარი რელიქტია, ძველის გადმონაშთი, პრეისტორიული ღაღადისი. ის, რაც ორტეგა-ი-გასეტმა მეტაფორული აზროვნების შესახებ თქვა, თანაბრად პოეზიასაც ეხება: „მეტაფორა უდიდესი ძალაა, რომელსაც კი ადამიანი ფლობს, იგი ჯადოქრობას ესაზღვრება და სამყაროს შექმნის იარაღივითაა, რომელიც ღმერთს მის მიერ შექმნილ არსებებში დავიწყებია ისევე, როგორც დაბნეულ ქირურგს ზოგჯერ, ოპერაციის დროს, პაციენტის სხეულში ავიწყდება ინსტრუმენტი“.

მე ვფიქრობ, პაკო სვიმონიშვილის პოეზიაში თანამედროვე პოეტური აზროვნებაც იგრძნობა და სიძველეც გამოსჭვივის.

 

***

როგორც უკვე ვთქვით, პაკო სვიმონიშვილს თეორიული დეკლარაციები არ დაუწერია პოეტურ ძიებათა შესახებ. ის ქმნიდა და, ბუნებრივია, აანალიზებდა ლექსის თხზვის პროცესსაც და შედეგსაც. მხატვრული თარგმანის მიმართ მკაცრი და უშეღავათო იყო, ვინაიდან მაქსიმალურ აზრობრივ სიახლოვეს მოითხოვდა. უფრო მეტიც, მისი წარმოდგენით, დედანი და თარგმანი ერთად უნდა გამომზეურებულიყო, რათა ყველა მკითხველს მისცემოდა შედარების საშუალება.

თვითონ პაკოს ორენოვანი, ქართულ-გერმანული ტექსტების წიგნი სათავეს დაუდებს ახალგაზრდა ქართველი პოეტების გერმანულ ენაზე თარგმნის ახალ ეტაპს. საქმე ის არის, რომ თომას ჰოიზერმანმა თარგმნის პროცესში დეტალურად განმარტა პაკოს ლექსები და ეს განმარტებანი დაურთო წიგნს.

 

***

მე ამ რეცენზიაში თარგმანის პრობლემას არ შევხებივარ, ვინაიდან ეს ჩემს კომპეტენციას სცილდება. აქ ალბათ გერმანისტები იტყვიან თავიანთ სიტყვას და კარგი იქნება, თუ თომას ჰოიზერმანი თვითონვე ისაუბრებს მის მიერ შესრულებულ თარგმანსა და კომენტარებზე. დარწმუებული ვარ, პაკო სვიმონიშვილის შემოქმედება თომას ჰოიზერმანის წინაშე მუშაობის პროცესში მიმზიდველი და საინტერესო კუთხით წარმოჩნდა. მე კიდევ ერთხელ მომეცა საშუალება მესაუბრა პაკოს ლექსებზე. მსურდა ჩემი შთაბეჭდილებანი გამეზიარებინა იმათთვის, ვისაც ზოგადად იზიდავს პოეზიაზე საუბარი. არ ვიცი, რამდენად შევძელი, მაგრამ ვეცადე თავისუფლად მესაუბრა, ვინაიდან ეს წიგნი სწორედ საამისოდ განმაწყობდა.

 

 

 

1 2 3 4