ალდი ემზადება სიკვდილისათვის და ის ასრულებს სიკვდილისწინა რიტუალს. ეს რიტუალი მას ძალას აძლევს, გონებისმიერ ძალას, რომლის გამოისობითაც მან თავისი სიკვდილი და, ზოგადად, სიკვდილის ფენომენი უნდა გააცნობიეროს:

უკანასკნელად გაჰკრა კვესს,
უკანასკნელად დაიფარა გამხმარი ქუდი და
აუყვა საფლავთგორს,
თან წაიბურტყუნა:
ღმერთი მაღალი,
კაცი დაბალი.

ალდი სიკვდილისათვის ემზადება, სიკვდილთან შეხვედრა და სიკვდილისთვის მზადება კი მისთვის მორალური სახის შენარჩუნებაა, ეთიკური სამზადისია. „სირცხვილი რომ მოგადგება – სიკვდილი ეგ არი“ – ამბობს ალდი.  „სტუმრად მოსულ მტერს რომ ხელცარიელი ან მწოლიარე ავადმყოფი დახვდები – სიკვდილი ეგ არი“, – ამბობს ალდი. ამ კაცის აზრით, სიცოცხლეში არავითარ უზნეობას არ უნდა შეეგუო, თუ შეეგუები, უკვე მკვდარი ხარ. ამიტომ საბოლოოდ მას ასეთი დასკვნა გამოაქვს: „ცოცხალი რომ ხარ, სიკვდილი ეგ არი“.

ჩამოჯდა ალდი ქვაზე,
გადააფურთხა თამბაქო  და თქვა:
სიკვდილო, არცრა შენ ყოფილხარ სირცხვილზე მეტი.

ამის შემდეგ სიკვდილის აპოლოგია იწყება. ამას პოეტს ფოლკლორული ტრადიცია ჰკარნახობს. პოემაში საუბარია სიკვდილის აუცილებლობაზე. ნათქვამია, რომ საბოლოოდ ყველაფერს ხავსი ედება: სახლსაც, იარაღსაც, საფლავსაც, სახელსაც. და ყოველივე ეს ღვთის ნებით ხდება. ჩემი აზრით, მხატვრული თვალსაზრისით განსაკუთრებით ძლიერია პოემის ის მონაკვეთი, სადაც საუბარია სიკვდილის ნაირგვაროვან გამოვლინებაზე. ვთქვათ, პოეტი წარმოიდგენს, რომ სიკვდილმა სტუმრის სახე მიიღო და მას სახლში პატიჟებენ.

ნეტავ შეიძლებოდეს სიკვდილი მოდიოდეს
და სახლში პატიჟებდე…
ნეტავ შეიძლებოდეს –
სიკვდილი წინ გეჯდეს,
არაყს ასმევდე და
ბალღის სიცილს ასმენინებდე,
ნეტავ შეიძლებოდეს
სიკვდილს შენ საბანს აფარებდე და
თვითონ მიწას არ გაყრიდეს.

ალდი უნდა მოკვდეს, მაგრამ ის არ კვდება, ვინაიდან იწყებს განსჯას სიკვდილ-სიცოცხლის თაობაზე. ეს თემა მარადიულია და ყოვლისმომცველი, ამიტომ გიორგი არაბულს საშუალება ეძლევა, სხვადასხვანაირი მხატვრული ვარიაციები გაშალოს, მაგრამ პოეტი თავშეკავებულია, მისი ყოველი ფრაზა გამოზომილია. „უნდა მოკვდეს ალდი. მიწას პირი აქვს გაღებული, უნდა დაიტანოს შავმა მიწამ, უნდა მოკვდეს ალდი“. ალდი არ კვდება, რადგან ფიქრობს იმაზე, რომ თუ სიკვდილი ადვილია, ის თვითონ რატომ არ კვდება? ამაზე რომ არ იფიქროს თვითონ პოემის გმირმა, მის მაგივრად სხვა არავინ იფიქრებს. ეს მისი მაღალი პასუხისმგებლობაა, საკუთარ სიკვდილს მომზადებული დახვდეს. მზადყოფნა კი იმით გამოიხატება, იცოდეს, თუ რა არის სიკვდილი. გიორგი არაბული ამ სიბრძნეს ანიჭებს თავის პერსონაჟს, მაგრამ სასიკვდილოდ კი ვეღარ იმეტებს. სხვა პოემებიც („ქადაგი“, „ანატორი – მკვდართა სოფელი“) ამგვარივე დრამატიზმით, ფოლკლორული მასალის მხატვრული განფენით და კონკრეტულად სიკვდილ-სიცოცხლის პრობლემის სიმწვავით არის გამორჩეული.
სოსო მეშველიანი, ბექა ახალაია და გიორგი არაბული ინდივიდუალური ძიების ხარჯზე ცდილობენ ფორმისა და შინაარსის ფოკუსში მოქცევას, საკუთარი ხელწერის მკაფიოდ გამოკვეთას. პოლ ვალერი ამბობს: „გაცილებით უფრო მეტად მაინტერესებს ქმნილებათა ფორმირებისა და ჩამოყალიბების პროცესი, ვიდრე საკუთრივ ქმნილებანი.“
ვფიქრობ, ამ პოეტებსაც აქვთ ამგვარი ინტერესი.

 

1 2 3 4 5