ლირიკულ პოეზიაში მოულოდნელად უნდა დაიბადოს სათქმელი, ეს ბუნებრივია, ლირიკა ხომ, როგორც ერთმა პოეტმა თქვა, წინასწარგანუჭვრეტელია, მაგრამ სოსო მეშველიანთან არა მხოლოდ მოულოდნელად, იმპულსურად იბადება ლექსი. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ პოეტი ფიქრობს და გაბმული ფიქრის რომელიღაც წერტილიდან იწყებს ლექსის წერას. ეს ლექსი მისი ფიქრის, ან ასოციაციური დინების ფრაგმენტია. კარტახენაში ღამით ვიღაც ზურგსუკან მდგარი უყურებს პოეტს, თვითონ კი სიბნელეში არ ჩანს. პოეტი ზურგშექცევით დგას უცნობისაგან, მაგრამ მაინც „ხედავს“ და აღწერს კიდეც მას:

ხოლო ის იჯდა, მსხვილკისერა და კურდღლისტუჩა,
ლუდს სვამდა, ხანაც ფერფლს აცლიდა სიგარას თითით,
შორს ძალიან ყრუდ ხმაურობდა ელ პატოს ქუჩა,
მე კი მისტიკურ ნისლში მხვევდა ნებურუს მითი.

ეს ამონარიდი სოსო მეშველიანის ცხოვრებიდან ერთი შეხედვით უმნიშვნელოა, მაგრამ არა! მაინც მნიშვნელოვანია და აი, რატომ: ავტორს სურს, ხანგამოშვებით საკუთარი თავი აღბეჭდოს დროსა და სივრცეში, საამისოდ კი მრავალი რაკურსი შეუძლია შეარჩიოს და არჩევს კიდეც. ყოველი ეს თვითხილვა ავტოპორტრეტია, ოღონდ სხვადასხვა რაკურსით შესრულებული. ეს არის არა თვითრეფლექსია, საკუთარ არსებაში ჩაღრმავება, არამედ საკუთარი ფიზიკური პერსონის ხედვა სხვადასხვა სივრცეში, სხვადასხვა ადამიანებისა და ნივთების გარემოცვაში. სოსო მეშველიანის აღბეჭდილ ცხოვრებისეულ მონაკვეთებში ტექსტთან ერთად იმპულსური და დინამიურია რითმაც. პოეტი თითქოს თამაშობს რითმით, რითმის პაროდირებას ახდენს. სარითმო წყვილები ასეთია: „ჩამოლეწილ და – ბეწვიდან“,  „ნახარში – რახან შინ“,  „გაბერო – კაფე რომ“ და სხვა მისთანანი. სარითმო სიტყვის და სიტყვათშეერთების მეშვეობით ანჟანბემანი პოეტურ ფრაზაში გაიშლება.
სწორედ ამგვარი იმპულსური ლირიკული აღტკინება, ფიქრის ფრაგმენტული დინება და ანჟანბემანში ჩართული რითმა ერწყმის ერთმანეთს ლექსში „ხსოვნა“.  ეს ლექსი წასულების გახსენებაა, ოღონდ ძალიან უცნაური და მტკივნეული გახსენება. ეპიგრაფი გვამცნობს, რომ „ხის მორების დასიზმრება ახლობლის სიკვდილის მაუწყებელია“. პოეტი იხსენებს ხის მორების დაცურების ეპიზოდს, როცა ყველაზე უფრო მძაფრად გრძნობდა სიცოცხლეს და ამას მოჰყვება წასულების გახსენებაც, რომელიც ორი სტრიქონით ძალზე მძაფრად არის გამოხატული:

თითქოს მთრგუნავდა შორი სახე უდაბნოს ფრესკის
და სევდა თოვლქვეშ დარჩენილი საფლავის ქვების.

ჩემ მიერ უკვე ნათქვამიდან ჩანს, რომ სოსო მეშველიანმა ლექსწერის თავისი კანონიკა შექმნა. ის ხატავს სრულიად მოულოდნელ, იმპულსურ ნახატებს, სადაც საკუთარი სახეც არის წარმოჩენილი ან მინიშნებული. ვფიქრობ, რომ საკუთარი მარტოობის გამოთქმის წარმატებული ცდაა ეს ლექსი:

ქალაქი.
ქუჩა.
შუქნიშანი.
ფოსტა.
მარკეტი
და ეს კაჭკაჭი,მარტოსული
(კაჭკაჭიც მე მგავს)
ამ სისხამ დილით, ნაწვიმარზე
ჯერაც დაკეტილ
ბართან
პლასტმასის მაგიდაზე შავ თუთას კენკავს.

 

1 2 3 4 5