სოსო მეშველიანი – „ ARBOLES  ALTOS“,  გამომცემლობა ინტელექტი“, თბილისი 2017

ბექა ახალაია – „ამ ვალმოხდილი ფოთლებისთვის“, გამომცემლობა „ინტელექტი“, თბილისი 2017

გიორგი არაბული – „გვრინი“, გამომცემლობა„ინტელექტი“, თბილისი 2017

მინდა ვისაუბრო სამ პოეტზე. ეს პოეტები არიან: სოსო მეშველიანი, ბექა ახალაია და გიორგი არაბული. შედარებით ვრცლად ვისაუბრებ სოსო მეშველიანზე, ვინაიდან მისი წიგნი განსხვავებული ციკლებისგან შედგება და მოცულობითაც უფრო დიდია. ამ პოეტური კრებულების გამოცემა მნიშვნელოვან მოვლენად მიმაჩნია.
ერთმა მოაზროვნემ თქვა, რომ თანამედროვე პოეტები უჩვეულო მოვლენებზე უჩვეულო მხატვრული ენით საუბრობენო. სოსო მეშველიანის მხატვრული ენაც უჩვეულოა და ეს უჩვეულობა სხვათა უჩვეულობას არ ჰგავს. მისი ეპიგრაფები ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ ავტორთა წრეს შემოწერენ. აქ არის მიგელ დე უნამუნო, ვარლამ შალამოვი, ბესიკ ხარანაული, ლეონტი მროველი, აკაკი წერეთელი, ლუკას სახარება, გალაკტიონი, ტომას მური, ეკლესიასტე, რობერტ ბერნსი, ჰერმან ჰესე, შარლოტა ბრონტე და სხვ.
აქ არაფერია უჩვეულო, ეპიგრაფი ეპიგრაფია და რაღაც ნიშნით, აშკარად თუ მოიარებით უკავშირდება ტექსტს, ვთქვათ, ვარლამ შალამოვის ეპიგრაფად გამოყენებული ამონარიდი ასეთია: „მე იმდენად ვწერ ლაგერზე, რამდენადაც ეგზიუპერი – ცაზე, მელვილი – ზღვაზე“.
ყველა მწერალი წერს იმაზე, რაც იცის.  შალამოვი თავის მცირე ნოველებს თუ მოთხრობებს „ლაგერზე“ და იქ გამეფებულ შიმშილზე წერს. ერთად თავმოყრილი ეს მოთხრობები ვრცელი ეპოსის შთაბეჭდილებას ტოვებს. როგორც ჩანს, სოსო მეშველიანს ერთგვარი სტიმული მისცა ამ ნაწერებმა და თავისი ცხოვრების ადრეული ფრაგმენტი წარმოუდგა თვალწინ: მკაცრი ზამთარი, „ყინვით შეჭირხლული სარკმელი“, ქარი, სოფელი, მგლები, რომლებიც „გაიტყუებდნენ მოზრდილ ქოფაკებს ხევის გადაღმა“ და „აღარაფერს ტოვებდნენ მათგან“.  ეს ლექსი უაღრესად ექსპრესიულად არის დაწერილი და შთაბეჭდილების ზოგიერთი მკაფიო კონტური რელიეფურობას სძენს სურათს: მგლები „ძვლებსაც ხრავდნენ და სისხლით დასვრილ თოვლსაც ღეჭავდნენ“.
ფინალში ავტორი ღამის შემზარაობას ერთი უაღრესად ზუსტი შტრიხით შემოწერს: „და ტანში მცრიდა მთვარის შუქზე, როცა ვერცხლისფრად ბზინავდნენ ხევში გაყინული ნაკადულები“.
უჩვეულო, ჩემი აზრით, სოსო მეშველიანის ამა თუ იმ ლექსის დაწერის საბაბია, რომელიც სათაურშივეა აღბეჭდილი და უჩვეულოდვე გრძელდება. თემა თითქოს იმპულსურად იბადება, სათაურიდან იწყება და მერე თანდათანობით განივრცობა. ასეთი ლექსია „სონეტი არარსებულ ტილოზე“. პოეტი ხატავს სურათს, რომელიც არასდროს ქცეულა ტილოდ. ეს სურათი სოსო მეშველიანის წარმოსახვაა, სადაც ხეები, ადამიანები, ცხოველები უცნაურ კომბინაციას ქმნიან, კომბინაცია კი განწყობას ქმნის. მთავარი კი ისაა, რომ პოეტი ვერ იხსენებს „რა ადგილია, ვინ არიან? სოფელს რა ჰქვია?“

 

1 2 3 4 5