ვიდრე ბექა ახალაიას სალექსო ტექნიკაზე ვიტყოდე რამეს, მის შთამბეჭდავ სახეებს მოვიყვან: „სახლში, ცალ ფეხზე, წეროსავით დადგა სიჩუმე, შენს სუნთქვას ზღვების სურნელი მოაქვს“, „ ჩვენ რა ვქნათ, ყველა გზა თუ ცაში არ მიდის? ანდა თუ წყდება?!“, „და ის მოვიდა მოშრიალე ვერხვის ფოთლებით, დაუწერელი ლექსებით სავსე“, „რადგან სიცოცხლე სიცოცხლისთვის ნამდვილად ღირდა“, „სვანური ქუდით მზე მოჰქონდა ესმა ონიანს და მზეზე შენი სახელი ენთო“, „შენ დაირწევი ჩემს თვალებში ბროლის ჭაღივით“…  ეს და სხვა ამგვარი სახოვანი სიმკვეთრით აღბეჭდილი სტრიქონები იმაზე მეტყველებს, რომ ბექა ახალაიას შთაბეჭდილებებს პლასტიკა იმთავითვე ახლავს. ფორმას, ხელშესახებ მატერიას, კონტურის მოხაზულობას მის წარმოსახვაშივე ეძლევა გასაქანი.
განვითარებისა თუ ზრდის რაღაც ეტაპზე პოეტისთვის ფორმის ფლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ეს ეტაპი აუცილებლად უნდა არსებობდეს. XX საუკუნის 10 – იან წლებში, მოდერნიზმის ხანაში ევროპული პოეზია ფორმათქმნადობის იდეამ მოიცვა. ეს უფრო ადრეც დაიწყო, მას შემდეგ, რაც ბოდლერმა ედგარ პოს „ყორანი“  ფრანგულად თარგმნა და მისი წერილის – „კომპოზიციის ფილოსოფია“ – მთავარი თეზისები გაიზიარა. როგორც ჩანს, მაშინ უკვე არსებობდა ამის აუცილებლობა. ფორმალური დახვეწილობა უკვე შინაარსის ტოლძალოვანი იყო. მერე, უკვე მოდერნიზმის პერიოდში ფორმის სირთულეში შინაარსის სირთულე ამოიკითხებოდა. ასეთ პოზიციაში, რა თქმა უნდა, ინტელექტუალური კრიტიციზმი ჭარბობდა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეს სავსებით ცნობიერი გახლდათ. იგივე არჩევანი გასული საუკუნის დასაწყისში საქართველოში „ცისფერყანწელებმა“ გააკეთეს. „გავმართოთ ქართული პოეზია მსოფლიო რადიუსით“ – წერდა ტიციან ტაბიძე. გალაკტიონ ტაბიძეს ამ დროს თავისი პირველი წიგნი უკვე გამოცემული ჰქონდა.
და აი, დღეს, როდესაც იშლება ზღვარი (არამარტო ჩვენში) პოეზიასა და პროზას შორის, როდესაც პოეტები ვეღარ ფლობენ სალექსო ფორმას (მეტწილად რითმას), იქნებ ამორფულობას ისევ და ისევ ფორმის ფლობა დაუპირისპირდეს?
ცხადია, რომ ბექა ახალაიას ამ მოსაზრებით არ შეუთხზავს მკაცრ ფორმაში მოქცეული სონეტები, პოემები, სხვა მწყობრი სტრუქტურით აღბეჭდილი ლექსები. ასე ეწერებოდა და ასე წერდა, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ჩემ მიერ შერჩეული პოეტები: სოსო მეშველიანი, ბექა ახალაია, გიორგი არაბული კარგად ფლობენ კლასიკური ლექსწერის ფორმებს. ყოველივე ეს კი თავისუფალი ლექსის ფლობაშიც გამოსჭვივის და, ზოგადად, პოეტური აზროვნების სიმჭიდროვეშიც.
ბექა ახალაია, ჩემი აზრით, მთლიანად გადაიხარა ფორმისკენ. ამგვარ გადახრას შინაარსობრივი ქვედინებები მოჰყვა. პოეტი ცდილობს, რაც შეიძლება ფართო კალაპოტი მისცეს ამ დინებებს და უფრო მეტად გამოკვეთს ფორმას. ფორმა და შინაარსი განუყოფელია და ამ განუყოფლობას სწორედ ქმნადობის პროცესში გრძნობს პოეტი. ბექა ახალაიასთვის ახლა ფორმათქმნადობის პერიოდია. ეს ერთგვარი მზადყოფნაა ახალი შინაარსობრივი სავსეობისთვის. რა თქმა უნდა, არსებობს ფორმის პრიორიტეტი, მაგრამ არსებობს ფორმას და შინაარსს შორის წონასწორობის დაცვაც. ბექა ახალაიამ, ვფიქრობ, რთული გზა აირჩია და მოთმინებით მიაბიჯებს ამ რთულ გზაზე. ამას მოწმობს წიგნი „ამ ვალმოხდილი ფოთლებისთვის“.

და ფიქრით მიმაქვს სტრიქონები ზუსტად იმდენი
შესამოსელად რომ ეყოთ ჭადრებს.

ამ ალეგორიულ ლექსში ბექა ფოთლების ხვედრს განიცდის. ისინი სამყაროს მუდმივცვალებად მოძრაობას მიჰყვებიან, უკვე ძირს ჩამოყრილები სხვადასხვა მიმართულებით ტოვებენ ადგილსამყოფელს. „რაც მსუბუქია, ყველაფერი არის დღემოკლე“, – ასე ფიქრობს პოეტი, უშველებელ სამყაროსთან შედარებით მსუბუქია ადამიანი და მისი ხვედრი. ისიც ვერ ეყრდნობა თავის თავს და ბედისწერა სხვადასხვა მიმართულებით მიაფრიალებს, მაგრამ ძირს გაფენილს მხოლოდ მას შეუძლია დაინახოს „ბოლო ღმერთი რომ მოწყდება ციდან“.

გიორგი არაბულის პოემის  გმირი ალდი დაბერდა და ემზადება სიკვდილისათვის. მისი დამოკიდებულება სიკვდილის მიმართ რელიგიურ-რიტუალურიც არის და ფილოსოფიურიც. „როგორც ახალგაზრდა ქალი ჯვრისწერისათვის, ისე ემზადება ალდი სიკვდილისთვის“. ალდის სწამს, რომ სიკვდილის შემდეგ ის კვლავ ბავშვად გადაიქცევა.

ჭიანი ვერ შემჭამენ მიწაში ჩადებულს
ბალღადშობილი ბალღადვე
მიებარება მიწას.

 

1 2 3 4 5