სოსო მეშველიანის პოეზია პროზაულ დეტალებს ითავსებს. ეს დეტალი მჭიდროდ არის ჩაწერილი ლექსში და ისეთი ბუნებრიობით ერწყმის ლირიკულ თხრობას თუ ფაბულას, რომ მისი შემჩნევა ძნელია. მოყვანილ ციტატაში ამგვარ დეტალად აღიქმება ფრჩხილებში ჩასმული ფრაზა „კაჭკაჭიც მე მგავს“. ეს ფრაზა პოეტის მარტოობას ამჟღავნებს და ხელშესახებ აზრს სძენს ლექსს. შეიძლება, სიტყვა „აზრი“ ეჩოთიროს მკითხველს, მაგრამ ფაქტია, რომ პროზაული დეტალის შეტანა ლექსში ზოგჯერ შიშველი აზრითაც ხერხდება და, თუ ის ბუნებრივად ერწყმის მთლიანობას, ეფექტი საკმაოდ ძლიერია.
სოსო მეშველიანმა საკმაოდ დახვეწა საკუთარი ლექსწერა და ამიტომაც უკიდურესი ლაკონიზმით ახერხებს სასურველი სურათის დახატვას. სურათი ასე სრულდება:

ვიგონებ მსუქან ბოშა ქალებს, ვაკეროსს, ლორკას,
და მე ვიგონებ გვადალკვიკვირს,
მდინარის გაღმა
სეკვოიას და თივის ზვინში ჩასობილ ორკაპს.

რადგან აქამდე არ მითქვამს, ახლა ვიტყვი, რომ ესპანეთის თემა ამ ლექსებში ღრმად პიროვნულ შთაბეჭდილებებთან არის შეჯერებული, ამიტომ ეს უცხო გარემო და რეალიები განყენებულად და უცხოდ არ აღიქმება, პოეტის შთაბეჭდილებების მკვიდრი არეალია და, თუ ბავშვობის ხილვების კვალად ღამეული ტყის სიღრმიდან ამოზიდული მგელი აღიბეჭდება ლექსში, ისიც ბუნებრივად ენაცვლება ესპანურ მოტივებს, რადგან ერთი მთლიანი სამყაროს ნაწილია. ეს არის სწორედ მთავარი – ესპანეთში მიღებული შთაბეჭდილებები გათავისებული და წრფელია, ამიტომ სრულიად შეუჩნევლად აფართოვებს ავტორის უკვე ბუნებრივად შემოწერილ სამოქმედო სივრცეს. ამ სივრცეში სოსო თავისუფლად მოძრაობს, ეს მისი ყოფიერების სივრცეა, მისი ნაცნობი გარემოა და აქვე აღმოცენდება მწიგნობრული შთაბეჭდილებაც. ეს არის „ლორკა“. სულ რაღაც ორსტროფიანი ლექსია, ოღონდ, რა თქმა უნდა, სოსოს ახლადდამკვიდრებული „კანონიკით“ დაწერილი. აქაც არის მკვეთრი რითმა, პროზაული დეტალი, რიტმიკა, დაბოლოს შთამბეჭდავი ფინალი: ლორკა დახვრიტეს, ცხოვრება იმ წუთებშიც  ჩვეულებრივად გრძელდებოდა და მერეც ჩვეულებრივად, თავისი ცხოვრებისეული ცხოველმყოფელობით გაგრძელდა:

ეს ყველაფერი როცა მორჩა, როცა დამთავრდა,
ქუჩაში მეძავს მიათრევდნენ მთვრალი მკვლელები.

შეუძლებელია ესპანური თემატიკა გამოიყენო და ლორკა არ ახსენო. ლორკა ამას იმსახურებს არა მხოლოდ თავისი პოეზიით და სიკვდილით, არამედ „ დუენდეს“ თეორიით და თამაშით“, რომელმაც პოეზიაში ახალი სივრცე გახსნა.
ერთ ლექსს სოსო მეშველიანი კარლოს კასტილიოს უძღვნის, რომლის ნათქვამსაც ეპიგრაფად იყენებს: „ჟენევაში მინდა წასვლა ბორხესის საფლავის სანახავად. საწყალი ბიძაჩემის ოცნება იყო, ის კი ისე მოკვდა, ინვალიდის სავარძლით ბუენოს აირესსაც ვერ გასცდა“.
ესეც ესპანური რეალიაა, ოღონდ კულტურის არეალში მოხვედრილი რეალია. აქ ბორხესი გამოსჭვივის. ეს ლექსი ფაქტობრივად ბორხესის აპოლოგიაა. სოსო მეშველიანი კარლოს კასტილიოს ბიძის პირით საუბრობს. უზარმაზარ ქალაქ ბუენოს-აირესს, სადაც საკონსერვო ქარხნის მილები ხრჩოლავენ, მუდამ ღია ფანჯრიდან ინვალიდის სავარძელში მჯდომი კაცი გადაჰყურებს. თვალწინ უკიდეგანო ოკეანეა გადაშლილი და შორს პატარა პორტი ილანდება. მიუხედავად ამ სივრცისმიერი პერსპექტივისა, მაცქერალი კაცის ყოფა რუტინულია და მოსაწყენი. ასე კი იმიტომ არის, რომ მას სულისმიერი პერსპექტივა გააჩნია. მისი ღმერთია ბორხესი. მისი აუხდენელი ნატვრა კი არგენტინელი მწერლის საფლავის ნახვაა. კარლოსის ბიძა სევდიანი მზერით გაჰყურებს ოკეანის ჰორიზონტზე მწუხრში მოციმციმე თვითმფრინავს, რომელიც ჟენევაში მიფრინავს, მიფრინავს იქ, სადაც ბორხესის საფლავია.

ეს არის და ეს, მაგრამ ეს არის ყველაფერი. აქ მთავარია რაკურსი, არა თემატიკა, არამედ ამ თემატიკაში არსებული რაკურსი. სხვაგვარად რომ ვთქვა, ეს არის ლექსი კაცზე, რომელიც სულიერად ბორხესს ენათესავება. მიუხედავად იმისა, რომ ეს კაცი ოკეანეს გადაჰყურებს, მისი სამყარო ემპირიულ ქვეყნიერებაზე უფრო ვრცელია, ეს არის სულიერი სამყარო, მეტაფიზიკური სამყარო. აი, ასე პოვებს თემის სიღრმეში თავის სათქმელს სოსო მეშველიანი. ამას ის ინტუიციის მეშვეობით ახერხებს.
სოსო კარგად ფლობს კონვენციურ ლექსს, კარგად ფლობს რითმას. მან დაშალა და გადააწყო კონვენციური ლექსი. სტროფიკას ზოგჯერ შლის და ზოგჯერ ტოვებს, ოღონდ პროზაული წყვეტილი ფრაზებით განაჯერებს. მთავარი კი ის არის, რომ რასაც ამბობს, ყველაფერი განცდილი აქვს და თავის უკვე შემუშავებულ კანონიკას უსადაგებს.

 

1 2 3 4 5